ბოგდან ზვირი – პასუხგაუცემელი კითხვები


  ესაუბრა ნინო ილურიძე

- ყველა გენიოსში არსებობს რაღაც წილი სიგიჟისა…
სენეკა

- წარმატება ხშირად ერთადერთი განმასხვავებელი
ნიშანია გენიოსსა და გიჟს შორის
პ.ბუასტი

 

იგი არც ფილოსოფოსია და არც მწერალი. ვერცერთი ბიბლიოფილი ვერ მოიძიებს მის მიერ დაწერილ თუნდაც ერთ პატარა წიგნს. იგი არც მხატვარია, რადგან ფერწერაზე წარმოდგენა მხოლოდ გალერეებისა და მუზეუმების საშუალებით აქვს მიღებული. ფოტოგრაფებს მის ნამუშევრებზე განსხვავებული აზრი აქვთ - ზოგი აქებს, ზოგიც იწუნებს, მაგრამ ყველა, ერთხმად აღიარებს – ეს არ არის ფოტოგრაფია! და ამაზე ვერც შეედავები, რადგან ნებისმიერმა დამწყებმა ფოტომოყვარულმა იცის სიტყვა ''ფოტოგრაფიის'' განმარტება.
მის ნამუშევრებს აბსურდულს უწოდებენ, რომლებიც კრიტიკოსებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს – რა ვქნათ? ვაღიაროთ მისი ნამუშევრები ფილოსოფიურ შედევრებად, განვადიდოთ ავტორი და ვიყოთ საკუთარი შორსმჭვრეტელობით კმაყოფილი, რომელმაც მომავალი გენიოსი დროულად შენიშნა და დააფასა, თუ ეს ფერწერის კანონებს დაუმორჩილებელი, აბსურდული “ნახატები” სასაცილოდ ავიგდოთ და მისი ავტორი როგორც ფოტოგრაფიის, ასევე მხატვრობის უმეცრებაში დავადანაშაულოთ?
იქნებ ის, უბრალოდ, ხელოვანია, რადგან მხოლოდ ხელოვანს შეუძლია ქმნიდეს და არ ფიქრობდეს. იცოდეს კანონები და არღვევდეს მას. იქნებ ეს ის აბსურდია, ის განზომილება და სამყაროს კონტრასტებია, რომელსაც მხოლოდ ხელოვანის მზერა სწვდება. მხოლოდ ხელოვანს ძალუძს დაინახოს განსხვავება, იმ დროს, როცა ხელოსანი მხოლოდ მსგავსებას ეძებს.


მე კარგად მახსოვს 2002 წელი, როცა ბოგდან ზვირი პირველად გამოჩნდა ფოტოასპარეზზე, კარგად მახსოვს მისი პირველი ნამუშევრებიც - მოყვარულის მორიდებული ექსპერიმენტები, საკუთარი თავის ძიების დასაწყისი და პირველი ფანტაზიების გათავისუფლება. გაჩნდა ის ნამუშევრები, რომლებსაც ბოგდან ზვირის შემოქმედება ეწოდა და გაჩნდა კითხვებიც მის შემოქმედებაზე. კითხვები, რომლებზეც ბოლომდე ჯერ პასუხი არ გაცემულა – იქნებ ეს მართლად ტალანტია? მაშინ რა ვქნათ?
- მე ლოდინი შემიძლია. შემიძლია იმიტომ, რომ დროს დიდ პატივს ვცემ და არასოდეს ვაძლევ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ დრო ავაჩქარო, მივერეკებოდე მას, რათა სწრაფად მივაღწიო წარმატებას. მე არ დავუშვებ, რომ დრომ იფაციფუცოს, რადგან ასეთ მდგომარეობაში ის ღონემიხდილ, გაწეწილ, ანემიურ ობიექტად იქცევა. დაემსგავსება ანორექსიით გაწამებულ ფოტომოდელს, რომელსაც ჰონორარზე დახარბებული აგენტები ძიძგნიან. მე მიყვარს დროზე ფრთხილად დაკვირვება, თუ როგორ იბადება ის შუაღამისას, იზრდება, მწიფდება, ღონით ივსება, იძენს გამოცდილებას და სიბრძნეს, შემდეგ კარგავს ფერს, იჭმუხნება ბინდბუნდში, იფიტება და ქრება დროის წამიერ გაელვებაში, თავის მომავალ დაბადებამდე, მომდევნო ღამეს. არ ვიცი, შესაძლებელია ეს ლტოლვა მოდუნებული, გაზარმაცებული ჭვრეტისკენ, უძრავ, ყინულოვან და ნისლიან იაკუტიაში შევიძინე და შევითვისე, სადაც ამ ქვეყანას მოვევლინე. ან შემდეგ, დავავადდი მუდამ სუსხიანი, მაგრამ გასაოცრად მსუბუქი მდინარე ლენის წყლებით. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მე არასოდეს ვბედავ დავაჩქარო მოვლენები, რათა გამალებულ სიჩქარეში არ გამეპაროს არცერთი წამი, რომელსაც ჩემთვის ახალი იდეის, სიუჟეტის, შთაგონების ჩუქება შეუძლია – ამბობს ბოგდანი.
ბოგდან ზვირი დაიბადა და გაიზარდა რუსეთის ჩრდილოეთით, პატარა ქალაქში, მუდმივი თოვლისა და ყინვების სამფლობელოში. ერთხელ მან გაიაზრა, რომ სჭირდებოდა მეორე სამშობლო, რომელიც მას სიზმრებში ეძახდა და შთაგონებას ჰპირდებოდა. ეს აღთქმული ქალაქი სანკტ-პეტერბურგი აღმოჩნდა, სადაც მისმა ფილოსოფიამ საყრდენი წერტილი იპოვა, თავად ირეალური ქალაქი, სადაც Oოცნებები დაკარგულ ფრთებს ისხამენ.
- მე ასევე შემიძლია ადგილის და ქალაქის ამორჩევა და შემიძლია დავაფასო კვირები, თვეები, წლები, რომლების ჩემს ასაკს შეემატნენ ახალ აღმოჩენებთან, ცოდნასთან, გამოყენებულ ან ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებთან და შეცდომებთან ერთად. პეტერბურგის მადლობელი ვარ, რომ დროულად ''დამიძახა'' თავისკენ. იმ გაოცებისათვის, რომელსაც ყოველწამს მჩუქნის თითოეული ძველი კედლით, ირეალური ეზოებით, უცნაური ადამიანებით და გამუდმებული ნავარდით ცაზე, დაპირებული და მოსალოდნელი მისტიფიკაციის მოლოდინში.
ბოგდან ზვირი ფოტოგრაფიით 2002 წლიდან დაკავდა. ფოტოგრაფიის ოსტატობას თავად დაეუფლა, მაგრამ მალე ''უბრალოდ'' ფოტოგრაფია მისი შინაგანი სამყაროს, ქვეცნობიერი იმპულსების და შეგრძნებების გადმოსაცემად ძალიან პატარა აღმოჩნდა. ბოგდანმა დაიწყო საკუთარი ხერხების და ტექნიკის ძიება. შედეგად ფოტოგრაფიის და ფერწერის ახალი სინთეზი დაიბადა.
- კიდევ, მე ადამიანების მოსმენა, მათი დანახვა შემიძლია. ფაქტობრივად, ჩემს გონებაში ყველაფერი წარმოსახვის შექმნაზე მუშაობს, იძენს ფერს და კომპოზიციას, აღივსება ჩემი ფანტაზიიდან რაღაც სურათის ქვეცნობიერი აღქმით, რომელსაც ჩემში ეძინა და ბოლოს ვიზუალიზაციისათვის გაიღვიძა. ალბათ, არის ამაში რაღაც წარმართული, თავისდაუნებურად ნასესხები ჩრდილოელი შამანებისაგან, რომლებიც ''სულებთან ურთიერთობის'' შემდეგ იძენდნენ წარმოსახვის უნარს. მხოლოდ, ჩემი ''სული'', ჰარმონიულია, სავსებით კანონზომიერია დროის დინებასთან, ხოლო ჩემი შთაგონების ერთ-ერთი წყარო – ეს ადამიანის სასაცილო ფორიაქია, დაიმორჩილოს ფანტაზია და ვაიძულო ჩემზე იმუშაოს...
ფაქტია, ბევრი კითხვების და განსჯის მიუხედავად, მისმა არაორდინალურმა წარმოსახვამ და სიურეალისტურმა ნამუშევრებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. უკვე 2003 წლიდან ბოგდანი რუსეთსა და სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული მრავალი პრესტიჟული გამოფენის და კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია, მათ შორის 2005 წლის NONSTOP PHOTO-ს პრიზის მფლობელი. მისი პერსონალური გამოფენა მოსკოვში, კიევში, ნიჟნი ნოვგოროდში, ყაზანში იხილეს. მასზე ბევრს წერენ. წერენ როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. არ დარჩენილა რუსული გამოცემა, რომელიც ფოტოგრაფიის თემატიკით იყოს დაკავებული და არ დაინტერესებულიყო ზვირ ბოგდანის შემოქმედებით, მისმა პორტფოლიოებმა ყველა ჟურნალის გვერდები მოიარა ''Digital Camera'', ''Цифровое Фото'', ''Digital Photo – Мастерская'', ''PROФото'', ''PhotoMagazine'', ''Foto&Video'', ''Digital Photographer''. მისი ნამუშევრები რუსეთის, ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნების არაერთ კერძო კოლექციაში ინახება.
- მე ზოგჯერ გიჟს მეძახიან, ჩემს ნამუშევრებს მოღუშულს, დეპრესიულს, აბსურდულს, ''სულის შემაშფოთებელს''. ამის გარდა ამტკიცებენ, თითქოს მე არ ვარ ნაზიარები ''ნამდვილ'' ფოტოგრაფიასთან, მაცხადებენ ''პროგრამული უზრუნველყოფის მხატვრად'', მაგრამ... მე შემიძლია ლოდინი, რადგან ზუსტად ვიცი – დრო ყველაზე ობიექტური კრიტიკოსი და შემფასებელია.

ექსკლუზიურად ჟურნალისთვის, ბოგდან ზვირმა რამდენიმე საინტერესო კითხვას უპასუხა:

- შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი ნამუშევრები, როგორ გაჩნდნენ პირველი სახეები და რა გახდა თქვენთვის ბიძგის მომცემი სტიმული, იყო ეს შინაგანი იმპულსი, გარკვეული განწყობა თუ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე რომელიმე ამაღელვებელი მოვლენა?

- პირველი სახეები ადრეულ ბავშვობაში გაჩნდნენ, როცა უკვე მაინტერესებდა ჩემი ასაკისათვის შეუფერებელი საკითხები. პრაქტიკულად, ყველაფერზე, რასაც შეიძლება ადამიანი შეეჯახოს ცხოვრებაში, მე მაშინვე საკუთარი ჩამოყალიბებული შეხედულება მქონდა, სამყაროს მხოლოდ ჩემი თვალებით ვუმზერდი. უბრალოდ, ერთხელ ვიგრძენი, რომ მოვიდა დრო, როცა უნდა ვყოფილიყავი თავხედი და საკუთარი შეხედულებები სხვებისთვის გამეზიარებინა.

- რა წარმოადგენს თქვენს შემოქმედება? არის ეს ფოტოგრაფიის შესაძლებლობით დაუკმაყოფილებლობა თუ ფერწერის უცოდინარობის ანაზღაურების თქვენეული ხერხი?

- თუ ჩემს შემოქმედებას კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რამდენად ვაფასებ და მიყვარს ფოტოგრაფია. მაგრამ მე მიყვარს მოაზროვნე ფოტოგრაფია, რომელიც დაკვირვების და დანახვის უნარს ფლობს, შეუძლია აღმოაჩინოს ის, რასაც ადამიანი ან ბუნება არ წარმოაჩენს ზედაპირზე. კითხვა, თუ რაა მთავარი ფოტოგრაფიაში, არაა სწორი, რადგან ფოტოგრაფისთვის ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, ყველა დეტალი, ყველა წვრილმანი. მთავარი კი შედეგია, არ დატოვო მნახველი გულგრილი.


- თეთრი კატა და ქალი, ასეთი კომბინაცია ხშირად გვხვდება თქვენს “ნახატებში”, რა მიზნით შეხვდნენ ისინი ერთმანეთს ბოგდან ზვირის სამყაროში?

- კითხვა ერთდროულად სახალისოა და ყურადსაღებიც. მართლაც, რატომ თეთრი კატა? იქნებ იმიტომ, რომ იმ დროს ჩემს გვერდით არ აღმოჩნდა შავი? ან ჟღალი? მაგრამ სერიოზულად რომ ვთქვა, მე კატების მოყვარული ვარ. განა არ გეჩვენებათ რამდენად იდენტურია ეს გრაციოზული არსება ქალთან? მისი მაცდური სიზარმაცე, მაამებლური ალერსი და... მზადყოფნა ნებისმიერ მომენტში გაცვალოს თავისი პატრონი სხვაზე, რომელიც მას უფრო მსუყედ დააპურებს...


ჩვენი ჟურნალის ტრადიციულ, დასკვნით ნაწილში, სადაც ხელოვანები წლების შედეგად მიღებულ გამოცდილებას რეზიუმეს სახით ხუთი რჩევის სახით სთავაზობენ ახალგაზრდა შემოქმედებს, ბოგდანმა, თავის სტილში, არაორდინალურად უპასუხა:

- მე არ მესმის რას ნიშნავს შექმნა? ეს ხომ იგივეა, რომ გინდოდეს გიყვარდეს და იცხოვრო? ადამიანი ხომ ყოველთვის “ქმნის”. საკითხი კი იმაში მდგომარეობს, კონკრეტულად რას ქმნის. ეს ძალიან უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ მე არასოდეს მიკითხია არავისთვის რჩევა, მით უმეტეს შემოქმედების საკითხში. ლოგიკურად, თუ მე ეხლა დავიწყებ რჩევების მიცემას, ეს რჩევები მიმართული იქნება არა თქვენი მკითხველისკენ, არამედ პირადად ჩემი თავის მიმართ. ჩემი ერთადერთი რჩევა შემოქმედებით დაკავებული ახალგაზრდებისათვის იქნება, რომ არაა საჭირო საკუთარი ძვირფასი დროის და ენერგიის გაფლანგვა ამოცანის გადაწყვეტაზე, პირველ რიგში გაიაზრეთ საკუთარი მიზანი, რისკენაც მიისწრაფვით... შემდეგ კი, რჩევები თავად გეწვევიან თქვენ.


აღიარეს ბოგდან ზვირი თუ არა, ეს ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვაა, მაგრამ ერთი კი ფაქტია – მასზე ბევრს მსჯელობენ და დაობენ. ეს კი უკვე წარმატებაა...

 

 


გლამურული რევოლუცია

 


სამი წითელი ბურთი

 

გასასვლელი

 

ფატალურობა

 

პიონერის პირველი ეროტიკული გამოცდილება

 

ცივი

 

ლენა ტე

 

რძის დალევის დრო

 

სიშიშვლე...

 

ცნობისმოყვარეობა

 

ის იყო დელფინი...

 

ის იყო ფისო...

 

დუმილი

 

მიწიერი ცხოვრების თავისებურებანი

 

გოგონა წითელ სკამზე

 

სინათლისკენ ფრენის მცდელობები

 

გარდასახვა

 

თუ გშორდება...

 

ადამიანი - ყვავი