სამუელ სევადა: ''მთავარი არ არის, რას იღებ, მთავარია, როგორ იღებ!''
ესაუბრა ნინო ილურიძე
ფოტო: სამუელ სევადა
მის ნამუშევრებზე ბევრი შეიძლება ისაუბრო, იმსჯელო, განიხილო, დაეთანხმო ან არა, გაიზიარო, შეეწინააღმდეგო, აღფრთოვანდე ან სულაც აღშფოთდე, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში იქნები გულგრილი. მის ფოტოებში ჭეშმარიტი მხატვრის სული იგრძნობა... კლასიკური კომპოზიციური წყობა, ტრადიციული მუქი ფონი, რბილი ფორმები და თბილი ფერები - ფოტოების შესრულების მისეული სტილი უნებლიედ შუასაუკუნეების მხატვართა ფერწერულ ტილოებს მოგვაგონებს. ეს ალბათ ბუნებრივიცაა, რადგან იგი ხელოვანია, რომელიც ფოტოგრაფიაში მხატვრობის გავლით მოხვდა.
სამუელ სევადა აღიარებული მხატვარი, ნამდვილი პოეტი და უკვე წარმატებული ფოტოგრაფია. მისი ფოტოები, გმირები, მათი თვალები და ღრმა, ჩაფიქრებული მზერა, ცხოვრებისეული სიტუაციების მისეული ხედვა, მთავარისა და არსებითის მოკრძალებით ხაზგასმა, ხელოვანის შინაგან ბუნებას გვაზიარებს. ხვდები, რომ შენს წინაშე უნიჭიერესი ადამიანია, საინტერესეო ცხოვრების გზით, ღრმა ემოციებით და განუმეორებელი ხელწერით. ის სილამაზეს ქმნის და მას ემსახურება მთელი ცხოვრების განმავლობაში,
ცხოვრების, რომელიც დროში უკვე ათეულ წლებსა და სივრცეში ათეულ ათასობით კილომეტრებს ითვლის. სომხეთი - მისი სამშობლო, პირველი ნაბიჯები ხელოვნებაში და ჯერ კიდევ ყმაწვილი მხატვრის აღიარება, გამარჯვება. შემდეგ ამერიკა, ისევ თვითდამკვიდრების და საკუთარი თავის გამოცდის წყურვილი, ამჯერად უკვე უცხო მიწაზე, მუხლჩაუხრელი შრომა, რისკი და კვლავაც გამარჯვება. იგი თვლის, რომ ბედნიერი ადამიანია, რადგან შეძლო მთავარი ჯილდოს მოპოვება - ეს იმ ადამიანების სიყვარულია, ვისაც მისი ნდობა და რწმენა აქვთ, ეს მისი მოსწავლეები, სტუდენტები, მათი მშობლებია...
ემოციის გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს და არც ხელოვნებაა ღრმა
ემოციური ხედვის გარეშე. ხელოვანი, უპირველეს ყოვლისა, სულით უნდა იხარჯებოდეს მუშაობაში, შემდეგ გონებით, ხოლო ტექნიკა და ოსტატობა საბოლოოდ უნდა ხვეწდეს და ასრულებდეს პროცესს, - გვირჩევს ღვაწლმოსილი ოსტატი. ასე იქმნება სევადას ნამუშევრები, რომელიც მნახველის სულს აშფოთებს, იწვევს მაქსიმალურ ემოციურ განცდას და, უნებლიედ, ფიქრისკენ გვიბიძგებს...

- ბატონო სამუელ, მოდით, ნელ-ნელა მივყვეთ თქვენი ცხოვრების გზას...


- დავიბადე ქალაქ გიუმრიში, რომელიც ცნობილია ოსტატებით,
ხელოსნებით, მხატვრებით, პოეტებით. ეს სომხეთის მეორე ქალაქია, მხიარული და ხალისიანი ხალხის ქალაქი, რომელიც, სამწუხაროდ, 1988 წლის საზარელი მიწისძვრისას მიწასთან გასწორდა. მე-19 საუკუნიდან დღევანდელ დღემდე გიუმრის მაცხოვრებლებს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ტიფლისთან.
ოჯახში, სადაც მე დავიბადე, დიდ პატივს სცემდნენ წიგნს, უყვარდათ ხელოვნება, აფასებდნენ პატიოსნებას. პატარა სახლში, მოკრძალებული მილიციელის ოჯახში ხუთი შვილი ვიზრდებოდით, ხოლო არდადეგებს სოფელში ვატარებდით, სადაც ბიძაჩემისგან ხატვას ვსწავლობდი. ის მშენებელი და მხატვარი იყო, რომელიც თვალყურს ადევნებდა ჩემს ვარჯიშებს და ერთხელ დედაჩემს გამოუცხადა, - შენი შვილი მხატვარია! დედაჩემმა სიამოვნებით დაუჯერა და, მასთან ერთად, მეც. იმ დღიდან, როცა ჯერ კიდევ ოთხი წლის ვიყავი, სერიოზულად მოვკიდე ხელი ამ წმინდა ხელოვნების შესწავლას.
ვთვლი, რომ ბედნიერ ვარსკვლავზე დავიბადე. ჰოროსკოპით ქალწული ვარ, რომელიც მტკიცედაა დარწმუნებული საკუთარ თავში, თავის ძალებსა და წამოწყებებში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ერევნის მხატვრულ-თეატრალურ ინსტიტუტში. სწავლის პერიოდში დავიწყე კინოსა და თეატრის სფეროში მუშაობა. ვამზადებდი წიგნებისა და ჟურნალების ილუსტრაციებს, ვმონაწილეობდი
სხვადასხვა გამოფენებსა და კონკურსებში. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დამნიშნეს ქალაქ აბოვინის მხატვრული სკოლის პირველ დირექტორად. ჩემი ბევრი სტუდენტი ახლა ცნობილი ადამიანია და აჯობა თავის მასწავლებელს, რითაც მე ვამაყობ და, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ.
დავწორწინდი 21 წლის ასაკში (ვჩქარობდი, როგორც ყოველთვის და ყველაფერში). მყავს სამი ვაჟიშვილი და მშვენიერი ქალიშვილი, რომელმაც ნორტრიჯის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა, ორჯერ მოიპოვა ''Miss Armenians of California''-ს ტიტული და მაჩუქა ორი ყაჩაღანა შვილიშვილი.
ვაჟები მუსიკოსები არიან, წერენ ე.წ. ''Age Music'' სტილში და, ასევე სერიოზულად არიან დაკავებულები სამხატვრო ხელოვნებით. უფროსი ვაჟი, არტაკ სევადა ორი მშვენიერი გოგონას მამაა, ასევე, ავტორია სამი მხატვრული ფილმისა, რომლებიც წარმატებით მონაწილეობდნენ სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებში.
1989 წელს ოჯახთან ერთად აშშ-ში გადავსახლდი. ძნელი იყო, რა თქმა უნდა. თუმცა, ამიტომაც ვარ ჩინური ჰოროსკოპით "ხარი", რომელიც მტკიცედაა დარწმუნებული თავის ძალებში. ჩემი პირველი სურათი აშშ-ში ჩასვლიდან მესამე დღეს იყიდეს. მე აღტაცებული ვიყავი. აღებული 300 დოლარით სამხატვრო სალონში
წავედი, ამ ფულით საღებავი, ტილო, ფუნჯები ვიყიდე და აქტიურად დავიწყე მუშაობა, სასტუმრო ოთახის სკამი კი მოლბერტად გადავაქციე. აშშ-ში ცხოვრების 17 წლის განმავლობაში 450 სურათზე მეტი გავყიდე, რაზეც არასდროს მინანია.
ნახევარი წელიც არ იყო გასული, როცა ლოს ანჟელესში Honolulu Street-ზე გავხსენი საკუთარი სკოლა მოკრძალებული სახელწოდებით – ''Sevada Art Studio''. 16 წლის განმავლობაში ჩემთან სწავლება გაიარა 500-ზე მეტმა ახალგაზრდამ, ასევე სხვადასხვა ეროვნების მოზარდმა. მქონდა უამრავი გამოფენა და პრეზენტაციები მრავალ ქვეყანაში და ჩემს სამშობლოში, სტატიები ბევრ ამერიკულ თუ სომხურ გაზეთსა დ ჟურნალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხელოვნების სფეროში მიღწეული წარმატებებისთვის დამაჯილდოვეს დასავლეთ
ამერიკის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის, კარდინალ აჰონი-ს სიგელით, ხოლო ერთი წლის შემდეგ მივიღე ჯილდო ''ოქროს არწივი'' - ''Jeane Golden Angel Award of Southern California Motion Picture Council''. 1996 წელს სომხეთის მთავრობის მიწვევით ჩამოვედი სამშობლოში და დედაქალაქის მთავარი მხატვრის პოსტი დავიკავე. ორი წლის შემდეგ კვლავ აშშ-ში დავბრუნდი და გავაგრძელე მუშაობა ჩემს სტუდენტებთან.
წელს, როგორც იქნა, დავამთავრე ჩემი სტუდიის რემონტი ერევანში და ჩამოვაყალიბე მხატვრული სკოლა ბავშვებისათვის 5-დან 105 წლამდე. პირველ თვეში უკვე 50 სტუდენტმა დაიწყო მეცადინეობა.


- რას გაიხსენებდით ერევანში ცხოვრების პერიოდიდან?


- ერევანი ჩემთვის პლანეტის, უფრო სწორად კი, სამყაროს ცენტრია. როცა ლოს-ანჟელესში ჩავედი, პირველი ორი წელი ზურგზე მეძინა, გახელილი თვალებით. ვიხსენებდი თითოეულ სახეს, თითოეულ ხეს, ქუჩებსა და შადრევნებს, ჩემს მეგობრებსა და ნათესავებს, იასამნის სუნს და, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ქუჩის მტვერს წვიმის შემდეგ. მე წავედი, დავტოვე ერევანში ჩემი მშობლები და პირველი სიყვარული. დავტოვე ადამიანები, რომლებისგანაც ვსწავლობდი და რომლებსაც ვასწავლიდი წლების განმავლობაში. მახსოვს ცნობილი კაფე ''Сквазнячок'', სადაც დილიდანვე იკრიბებოდა დედაქალაქის ინტელიგენციის მთელი ელიტა, მხატვრები, პოეტები, მუსიკოსები. ახლა, როცა ამდენი წელი გავიდა,
ვიხსენებ ყველა დეტალს, ფრაზებს, იმ ადამიანების სახეებს, ვის მიმართაც ასე ვალდებული ვარ... ერევანი არაჩვეულებრივი ქალაქია, რომელიც 2788 წლისაა, სადაც არქიტექტორ ტამანიანის, მხატვარ მარტიროს სარაიანის, გენიალური ჩარენცის და ბევრ სხვა ცნობილ მოღვაწეთა სულები დღემდე ტრიალებენ. ერევანზე საათობით შეიძლება ლაპარაკი.

- რამ გადაგაწყვეტინათ ამერიკაში წასვლა იმ დროს, როცა სამშობლოში ადრეული წლებიდან გქონდათ უზრუნველყოფილი წარმატება და სახელი?

- ამ კითხვას ხშირად მაძლევენ. მეც ვპასუხობ: მსოფლიოს ხილვის სურვილმა, მინდოდა გამეცნო ქვეყანა, რომელიც იმ დრომდე ჩაკეტილი იყო საბჭოთა

ადამიანისთვის, გამომეცადა საკუთარი თავი, მომესინჯა ძალები, იქნებ ახალი გამარჯვების წყურვილიც. მეორე - სომეხი ადამიანის მოხეტიალე სულმა, რომელიც ერთი მატერიკიდან მეორეზე გვისვრის. და მესამე გახლდათ - საბედისწერო დამთხვევა - ბაბუაჩემი, მამაჩემის ხაზით, გასული საუკუნის დასაწყისში სამ თანასოფლელ მეგობართან ერთად სახლიდან წავიდა საშოვარის საძებნელად შორეულ ამერიკაში, დატოვა მშობლები, შვიდი და და ახალგაზრდა მეუღლე. ისინი ჩქარობდნენ, სურდათ მიესწროთ "ტიტანიკის" რეისისთვის, რომელიც ნისლიანი ალბიონის ნაპირებიდან
ამერიკაში მიემართებოდა. ბედმა გამიღიმა და მოგზაურებმა პატარა სომხური სოფლიდან დააგვიანეს ამ გიგანტი ხომალდის საბედისწერო რეისზე. ისინი შემდეგი რეისით გაემგზავრნენ სანუკვარი მიზნისკენ. სამშობლოში მხოლოდ გრიგორის და მისი მეგობრების დაღუპვის ხმები მოვიდა. ნათესავებმა დაუსწრებლად დაასაფლავეს ისინი. ყველამ გამოიტირა, ახალგაზრდა ცოლის გარდა. მას არ სჯეროდა და ელოდა... მოგზაურებმა კი მიაღწიეს აღმოსავლეთ ამერიკის ნაპირებს და ლოს-ანჟელესში გადაბარგდნენ. ბაბუაჩემმა ჰოლივუდში პურის მაღაზია გახსნა და მალე ახალგაზრდა ჩარლი ჩაპლინი გაიცნო. მრავალი წლის შემდეგ იგი გაიხსენებს ამ შეხვედრის დეტალებს. ხუთი წლის შემდეგ ის სახლისკენ გამოემგზავრა, ამჯერად იაპონიის გავლით... მან გამოიარა მანჯურია, ჩინეთი და რუსეთი, სადაც კაზაკებმა ბოლო კაპიკამდე გაძარცვეს. სახლში ფულის გარეშე მოაღწია. მრავალი წლების შემდეგ, იმავე ქალაქში გადავსახლდი მე და ჩაპლინის სახლის გვერდით ვცხოვრობდი.

- შემდეგ ისევ ერევანში დაბრუნდით...

- ერთხელ, ლოს-ანჟელესში სტუდენტებთან მეცადინეობის დროს დარეკა ტელეფონმა, რეკავდა
სომხეთის კონსული აშშ-ში.მან სომხეთის მთავრობის ტელეგრამა გადმომცა, რომლებიც დედაქალაქის მთავარი მხატვრის პოსტზე სამუშაოდ მიწვევდნენ. ეს იყო 1996 წლის ნოემბერში. ბევრი არ მიფიქრია და Stars Theatre-ში გამოსამშვიდობებელი გამოფენის შემდეგ, სამშობლოში დასაბრუნებლად მოვემზადე. 5 დეკემბერს, დილით, ერევნის აეროპორტში ჩემი კოლეგები მერიიდან დამხვდნენ. ეს იყო ორი წლის დაუღალავი შრომა. 1998 წლის მაისში ისევ დავბრუნდი ლოს-ანჟელესში და გავაგრძელე მუშაობა ჩემს სტუდენტებთან. ამჯერად აშშ-ში 8 წელი დავრჩი, თუმცა არ შემიწყვეტია ფიქრი სამშობლოში ბავშვების სტუდიის შექმნაზე. ერთი წლის შემდეგ კვლავ ჩამოვედი სომხეთში. იქამდე კი, ლოს-ანჟელესიდან 62 ყუთი სტუდიის ატრიბუტები, საღებავები და ყველა ის საჭირო ნივთი გამოვგზავნე, რაც მუშაობისთვის დამჭირდებოდა. გავარემონტე ჩემი სტუდია და სექტემბერში უკვე ახალი სტუდენტებიც მივიღე. მე ბედნიერი ვარ, უბრალოდ ბედნიერი...

- სტუდია ლოს-ანჟელესში, ერევანში, მხატვრობა, ფოტოგრაფია, პოეზია, უამრავი გამოფენები, გამუდმებული მოგზაურობა, ამას ყველაფერს დიდი დრო უნდა...

- დრო მართლაც არ მყოფნის, ცხოვრება მიფრინავს და შეუძლებელია მისი შეჩერება. 24 საათი ვმუშაობ, ცოტა მძინავს. შაბათ-კვირაობით ფოტოკამერით ხელში ვმოგზაურობ სომხეთის რეგიონებში. ბევრს ვიღებ, ბევრი უნდა მოვასწრო. დანარჩენ დროს ვხატავ, ვწერ ლექსებს, ვბეჭდავ ფოტოებს ჩემი პირველი ფოტოგამოფენისთვის ერევანში, ვმუშაობ სტუდენტებთან... მაგრამ დრო მაინც არ მყოფნის.

- როგორ მოხვდით უკვე აღიარებული და ცნობილი მხატვარი ფოტოგრაფიაში?

- შემთხვევით. ერთხელ, ინტერნეტში ვნახე საიტი www.photosight.ru და გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. ვიყიდე SONY-707 და დავიწყე გადაღება. ახლა მაქვს CANON 5D, შესანიშნავი კამერაა, რომელსაც თითქმის ნახევარი წელი ველოდი. ვიღებ, ვხატავ სურათებს, ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიან და არც ეჭვიანობენ.

- სამუელ სევადა - მხატვარი, პოეტი, ფოტოგრაფი, როგორი კავშირია მათ შორის და რა თანმიმდევრობით არსებობენ ისინი თქვენში?

- მე უკვე მივეჩვიე, რომ ეს ყველაფერი ერთი მთლიანობაა. ისინი ავსებენ ერთმანეთს. როდესაც ჩნდება იდეა და მინდა ვიპოვო მისი გადმოცემის

საშუალება, ვიწყებ ტილოზე ან ქაღალდზე ხატვას. თუ არ მყოფნის ძალები ვიწყებ წერას ლექსის სახით. ანუ, ერთი და იგივე იდეა გარდაისახება ან სურათში ან ლექსში. ხოლო ფოტოგრაფია მათ არ უშლის ხელს. პირიქით, ისინი ემსახურებიან ერთმანეთს და განსაკუთრებით ფასობს შუქის და ფერის არჩევისას, ხასიათის გადმოცემისას, პოეზიის და იდეის რომანტიულობისათვის. ხელოვნების ეს სამი სახეობა მშვიდად არსებობს ჩემში და მე ბედნიერი ვარ ამით... ყოველგვარი თანამიმდევრობის გარეშე.

- თქვენს ანგარიშზე უკვე უამრავი გამოფენაა. თუ გახსოვთ თქვენი ნამუშევრების პირველი წარდგენა საზოგადოებისთვის?

- ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა სომხეთის ახალგაზრდულ გაზეთ "ავანგარდის" რედაქციაში მოეწყო. მაშინ მხოლოდ 19 წლის ვიყავი და როგორც დღევანდელი დღე, ისე მახსოვს ყველა დეტალი. მაშინ მთელი რესპუბლიკური პრესა, რადიო და ტელევიზია აშუქებდა არენაზე ახალგაზრდა მხატვრის გამოჩენას. გამოფენის შემდეგ ძალიან თვითდარწმუნებული ვიყავი და თავს ნამდვილ მხატვრად ვგრძნობდი. ჩემი ამბიციები ანაზღაურებული იყო. დავიწყე მუშაობა გაძლიერებული რეჟიმით. მაშინ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში

ვცხოვრობდი. სტუდიის სახით ცალკე ოთახი გამომიყვეს. ამან ძალები შემმატა. დღედაღამ ვმუშაობდი. სამი წლის შემდეგ მეორე გამოფენა შედგა, ამჯერად სომხეთის არქიტექტორების კავშირში. გამოფენის გახსნიდან რამდენიმე დღეში, გაკვეთილების შემდეგ, არქიტექტორთა კავშირში მივედი, ჩემი გამოფენით და გამოხმაურებების წიგნში მნახველთა აღტაცებული ჩანაწერებით რომ დავმტკბარიყავი და... თვალებს არ დავუჯერე, რაც ვნახე. ჩემი ნამუშევრები პირველ სართულზე, დერეფანში კიბის ქვეშ ეყარა. მწარე ცრემლებით ავტირდი. არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ ფრთხილი ხმით ამიხსნა, რომ ეს სომხეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თანამშრომლების გაკეთებული იყო. გამოფენაზე აკრძალული თემატიკის სურათები იყო გამოფენილი. დიდი ტკივილით და წყენით ვაგროვებდი სურათებს. ამის მერე დიდი ხანი არ შემეძლო არც ხატვა, არც სურათების ყურება.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ინტერნეტ- გამოფენებმა შეძლეს ტრადიციული გალერეების მეორე პლანზე გადაწევა? ახლა აღარაა საჭირო დიდი ძალისხმევა, რომ აღიარება მიიღო. ყველა ადამიანს, ვინც ხელში ფოტოაპარტს აიღებს, საშუალება აქვს, აჩვენოს თავისი "ნამუშევრები"?

- ყველაფერი შედარებითია, რეალურ სამყაროში გამოფენა მაინც აუცილებელია. მე ახლა რთული ამოცანა მაქვს. ვემზადები პირველი ფოტოგამოფენისთვის. უკვე დავბეჭდე ფოტოები და მივხვდი, რომ ეს სულ სხვაა, განსხვავებული იმისგან, რასაც ვირტუალურ სამყაროში ვაჩვენებთ. წელს, 9 დეკემბერს, ერევანში ჩემი პერსონალური გამოფენა ჩატარდება, სადაც 120 ფოტო მექნება გამოფენილი.

- რომელია თქვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პრიზი?

 

- ჩემი მოსწავლეების და მათი მშობლების თვალები, რომლებიც მე მენდობიან.

- საბჭოთა საქართველო... რას გაიხსენებდით თქვენი იმდროინდელი ვიზიტებიდან და შთაბეჭდილებებიდან?

- საქართველოში, მხოლოდ საბჭოთა პერიოდში, სულ მცირე, 10-12-ჯერ ვარ ნამყოფი. ჩემი აზრით, საქართველო ნამდვილი სამოთხეა. ეს არის ნიჭიერი ხალხის მიწა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში შემოინახა თავისი ტრადიციები, ხელოვნება, საკუთარი მიწის სიყვარული. მახსოვს შეხვედრები საქართველოს მუზეუმებში, კულტურის სამინისტროში, ხელოვან ხალხთან. მახსოვს საბჭოთა რესპუბლიკების მუზეუმების დირექტორების კონფერენცია. ის ერთი კვირა გრძელდებოდა და მთელ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ჩვენ ვეცნობოდით საქართველოს ისტორიას, არიქტექტურულ ძეგლებს და ამ მშვენიერი ქვეყნის შესანიშნავ ხალხს. ყველაზე მთავარი კი მისი სტუმართმოყვარეობაა და ქართველი კაცის გახსნილი გული იმათ წინაშე, ვინც ამ მიწაზე ასევე ღია გულით და კეთილი სურვილებით დადგა ფეხი. მახსოვს გენიალურ ნოდარ დუმბაძესთან შეხვედრა. ის ჩემს მშობლიურ სომხურ ენაზე ისევე სუფთად და გულითადად ლაპარაკობდა, როგორც საკუთარ მშობლიურ ენაზე. ახლაც ვოცნებობ საქართველოში ჩამოსვლაზე. ძალიან ბევრი მინდა ვნახო და გადავიღო, ასევე შევხვდე მეგობრებს, მხატვრებს, ფოტოგრაფებს. ვოცნებობ საქართველოში ჩემი პერსონალური გამოფენის გაკეთებაზე, იმედი მაქვს...

- რა როლს თამაშობს იღბალი ხელოვანის ცხოვრებაში?

 

- იღბალი ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია, მიუხედავად ტალანტისა. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ მჯერა იღბლის. ბიძაჩემი წლების განმავლობაში ყიდულობდა ლატარიის ბილეთებს და სჯეროდა, რომ ერთ ბედნიერ დღეს "ვოლგას" მოიგებდა. ეს იყო საბჭოთა დროს. ის მაშინ სოფლის მაღაზიაში მუშაობდა, ყიდდა ტანსაცმელს, პურს, ტელევიზორებს, ლურსმნებს. ბილეთებს ქალაქში იძენდა და ჯიბეზე ყოველთვის ჰქონდა. ერთხელ, მასთან მაღაზიაში მისი თანასოფლელი ხდო შევიდა - ერთადერთი ქურთი სომხურ სოფელში. მან რაღაცეები იყიდა და როცა ბიძაჩემს მისთვის ხურდა უნდა დაებრუნებინა, ფული დააკლდა, ამიტომ 30 კაპიკის ნაცვლად ერთი ბილეთი შესთავაზა. ქურთი დათანხმდა და ბიძაჩემმა ძლივს გაიმეტა ლატარიის ბილეთების დასტიდან ერთი ცალი. ხდომ აიღო ბილეთი და წავიდა... და, აი ბედის ირონიაც, ერთი კვირის შემდეგ ხდომ იმ ბილეთით "ვოლგა" მოიგო და შემდეგი ერთი კვირის თავზე კი სხვა სოფელში გადასახლდა. ასეც ხდება ხოლმე ბევრ სიტუაციაში. თუმცა მე ბედს არ ვემდური.

- როგორია მომავლის გეგმები, როგორია თქვენი საბოლოო არჩევანი: აშშ თუ სომხეთი?

- რაც შეეხება ჩემს არჩევანს ამერიკასა და სომხეთს შორის, ვიტყვი, რომ თითოეული ადამიანი ძლიერია თავის მიწაზე. არის ასეთი მე-5 საუკუნის ისტორია. სპარსეთის მეფე შაპუხმა თავისთან მიიწვია სომხეთის მეფე, რომელსაც ძალიან შეეშინდა ყოვლისშემძლე მტრის "თავაზიანი" მიწვევის. სომხეთის მეფემ თან ერთი მუჭა სომხური მიწა წაიღო და ფერხთქვეშ ჩაიყარა. ის თავს ძლიერად გრძნობდა, სანამ მშობლიურ მიწაზე იდგა. როგორც კი ფეხი აიღო, ისევ დაკარგა რწმენა და თავდაჯერება. ასე ვარ მეც, ასეა თითოეული ჩვენგანი. ყვავილი იმ მიწაზე უნდა იზრდებოდეს, სადაც გაჩნდა, სხვაგან, თუნდაც საუკეთესო შემთხვევაშიც კი, ისეთივე ლამაზი იქნება, როგორც სათბურის ყვავილი, მაგრამ დამახასიათებელი სურნელის გარეშე.

- გმადლობთ, ბატონო სამუელ, საინტერესო საუბრისათვის და, დასასრულს, გთხოვთ, ხუთი რჩევა მისცეთ "ფოტოცხოვრების" მკითხველ ფოტომოყვარულებს...

 
 
 
- შეეცადეთ, ჯერ დაინახოთ კადრი და მერე “დაიჭიროთ” იგი;
- დიდი მნიშვნელობა აქვს კადრის კომპოზიციას. ის ჩანაფიქრის გადმოცემაში გვეხმარება;
- დიდი მნიშვნელობა აქვს კადრის განწყობას. თემატიკა მეორეხარისხოვანია წარმატებული კადრისთვის.
- მთავარი არ არის, რას იღებ, მთავარია, როგორ იღებ...
- ჯერ სულით უნდა იმუშაო, მერე გონებით და ბოლოს შესრულების ტექნიკა იტყვის თავის სათქმელს!

 

რედაქციისგან: ბატონი სამუელ სევადა ჩვენმა ჟურნალმა უკვე მოიწვია თბილისში გამოფენის გამართვის მიზნით, რაზეც ჩვენს მკითხველს დამატებით შევატყობინებთ.