გიორგი როზოვი: "ფოტოგრაფია ზღაპრების შეთხზვაა, რასაც ყველა გაუთვითცნობიერებელი სიმართლედ აღიქვამს"

  ესაუბრა ნინო ილურიძე
ფოტო: გიორგი როზოვი
რეპორტაჟული ფოტო: კახა ფხაკაძე

გიორგი როზოვი - ცნობილი რუსი ფოტოგრაფი და ჟურნალისტია, ჟანრული და რეპორტაჟული ფოტოგრაფიის აღიარებული ოსტატი.
წლების განმავლობაში მუშაობდა ისეთ პოპულარულ რუსულ გამოცემებში, როგორებიცაა: "Огонек","Советская женщина", "Деловые люди". 1998 წლიდან ეწევა დამოუკიდებელ მოღვაწეობას, სარეკლამო გადაღებებს, მისი პორტრეტების გალერეაში შეხვდებით ბევრ ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს. მისი კლიენტები არიან "ფოლკსვაგენ-აუდი", "სამსუნგი", "ჰიულეტ-პაკარდი", "კამაზი", რუსეთის უმსხვილესი ბანკები და ა.შ. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებული იყო "სანდი თაიმსი", "დეილი ფოტოფრაფი", "ნიუ-იორკერი", "კომერსანტი", "ონა", "პრესტიჟი", "ფოტო&ვიდეო" და სხვა პოპულარულ გამოცემებში.
მან შექმნა "სინათლის ფუნჯის" სრულყოფილი მოდელი და გამოიყენა ის, როგორც განათების ერთადერთი წყარო. ასევე, პირველმა გამოიყენა გადაღების ინფრაწითელი მეთოდი რეპორტაჟულ და ჟანრულ ფოტოგრაფიაში.
გიორგი როზოვი არის რუსული პოპულარული ჟურნალის "ფოტოდელო"-ს რუბრიკის - "პრაქტიკუმის" ავტორი და წამყვანი. ასევე, ჟურნალ "ფოტოდელო"-სთან მიჰყავს ლექტორიუმის კურსი «Лекторий по жанровой и репортажной съемке".
გასულ წელს გამოიცა მისი წიგნი "Как снимать", წელს კი გამოსაცემად მზადდება წიგნის მეორე ნაწილი.
ბატონი გიორგი როზოვი 18 წლის განშორების შემდეგ კვლავ ეწვია საქართველოს.

- ბატონო გიორგი, გახსოვთ თქვენი პირველი ნაბიჯები ფოტოგრაფიაში?

- 12 წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა მიყიდა ფოტოაპარატი "სმენა-2", თუმცა ამას მაშინ ჩემში დიდი აღტაცება არ გამოუწვევია. მამაჩემმა მასწავლა როგორ გამემართა ფირი ფოტოკამერაში, როგორ გამესწორებინა სიმკვეთრე, ვიცოდი რა არის დიაფრაგმა და დაყოვნება, ფირის გამჟღავნება, ქაღალდზე ბეჭდვა, მაგრამ ეს მაშინ არავითარ ესთეტიურ სიამოვნებას არ მანიჭებდა.

- თავად მამათქვენი დაკავებული იყო ფოტოგრაფიით?


- იგი მოყვარული ფოტოგრაფი იყო. მას თავად სურათის მიღების ტექნიკური პროცესი მოსწონდა, მაგრამ იგი არ იყო დაკავებული მხატვრული ფოტოგრაფიით.

- ფოტოგრაფებად სხვადასხვაგვარად ხდებიან, რაღაც მომენტში ადამიანი აღიქვამს, რომ ეს მისი გზაა. ცნობილი რუსი ფოტოგრაფი ვლადიმერ არხიპოვი წერდა, რომ როცა იგი მუშაობდა ჟურნალ "საბჭოთა რუსეთი"-ს რედაქციაში უბრალო რეტუშორად, ერთხელ, ჰონორარების უწყისში შენიშნა თუ როგორი ანაზღაურება აქვს ფოტოგრაფს და ამან მასზე იმდენად დიდი შოკი მოახდინა, რომ გადაწყვიტა ფოტოგრაფი გამხდარიყო. თუ იყო თქვენს ცხოვრებაში ასეთი დასამახსოვრებელი ემოციური შთაბეჭდილება, რომელმაც საბოლოოდ გადაწყვიტა თქვენი გზა ფოტოგრაფიაში?

- იყო ასეთი მომენტი, თუმცა ეს მაღალი ხელფასის გამო არ მომხდარა. არმიიდან დაბრუნების პირველ დღეს, მამაჩემის ოთახში ფოტოაპარატი შევნიშნე, რომელზეც დამაგრებული იყო პორტრეტული ობიექტივი "ტაირ-11". როცა ოკულარში გავიხედე, აღმოვაჩინე, რომ ამ ობიექტივით შეიძლება სივრცის მართვა, ანუ არსებობს ინსტრუმენტი, რომელიც ცვლის იმას, რასაც თვალით რეალურად ხედავ. მივხვდი, რომ მეტი აღარაფერი მაინტერესებდა და
დავიწყე გადაღება. 2 თვის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მეტით არაფრით დავკავდებოდი. აი, ეს პირველი გახედვა "ტაირ-11"-ში იყო ყველაფერი, სწორედ ის აღტაცება, რომელმაც გადაწყვიტა ჩემი ცხოვრების გზა ფოტოგრაფიაში.

- თქვენი დაიწყეთ ძველ საბჭოთა "ოგონიოკში". გახსოვთ, როგორ მიხვედით ამ ჟურნალში?

- "ოგონიოკში" ფოტოჟურნალისტიკაში ლექტორიუმის დამთავრების შემდეგ მივედი. გამიშვეს მივლინებაში, სადაც უნდა გადამეღო რეპორტაჟი კურსკის ატომური სადგურის მშენებლობაზე. იმაზე, თუ როგორ გადავიღებდი ამ რეპორტაჟს, დამოკიდებული იყო ამიყვანდნენ თუ არა. წავედი, გადავიღე, რეპორტაჟი მოეწონათ და სამსახურშიც ამიყვანეს.

- სად მუშაობდით "ოგონიოკამდე"?

- იყო ასეთი პატარა გაზეთი "მოსკოვსკი პოჩტამტ", სადაც ჟურნალისტად და ფოტორეპორტიორად ვმუშაობდი და, სადაც მცირე, მაგრამ ფიქსირებული ხელფასი მქონდა. "ოგონიოკში" კი, არაფერს მპირდებოდნენ, ამიტომ მეშინოდა, რომ უხელფასოდ დავრჩებოდი. მაინც დავთანხმდი, თუმცა ძალიან დიდი შიშით, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონდა ეს სამუშაო.

შემდეგ, პირველმა მივლინებამ მაჩვენა, რომ იქ სამუშაოც საინტერესო იყო და უკეთესი ანაზღაურებაც. ბევრს ვმოგზაურობდი, ამ წლების შთაბეჭდილებები თავისებურ ფოტოგრაფიულ მემუარებად გარდაისახა.

- თქვენს ნამუშევრებში საკმაო ადგილი უკავია ცხოვრებისეულ, ჟანრულ ფოტოებს. ფოტოგრაფს, რომელიც ჟანრულ ფოტოზე მუშაობს, ხშირად აქვს შემთხვევები, როცა გადაღების სასურველი მომენტი უკვე განვლილია, მოქმედება შესრულებულია და მას გმირებთან ერთად უწევს დადგას და გაიმეოროს საჭირო სცენა. როგორ ხდება ჟანრული ფოტოს დადგმა, ხომ არ იკარგება ის რეალური ემოციები, რომელიც არსებობდა ბუნებრივი პირობების დროს?

- ხშირად პირიქით ხდება. ზოგჯერ ადამიანმა შეიძლება შეხედოს რეპორტაჟულ კადრს და თქვას, რომ ის დადგმულია, რადგან გადაღების მომენტი იყო უიღბლო და მოქმედების ფაზა ბუნებრივად არაა დაჭერილი. ამის გამო, ფოტოსურათი არაბუნებრივად გამოიყურება და დადგმულად გვეჩვენება. ხშირად ცდებიან, როცა უყურებენ ჩემს სერიას "მოსკოვი კოცნებისათვის", ახლა უკვე "მსოფლიო კოცნებისათვის", იქ დაახლოებით ნახევარი დადგმული კადრია, ნახევარი ბუნებრივი. საქმე ცოდნაშია, გადაღების მომენტის შეგრძნებასა და გმირებისთვის ბუნებრივი
პირობების შექმნაში. ისინი არ უნდა გრძნობდნენ ფოტოკამერის არსებობას. მე გადაღებების დროს ვაღწევ ადამიანების თავისუფალ და ბუნებრივ ქცევას. ვაჩვენებ, თითქოს ვიღებ, დავაჭერ დამშვებ ღილაკს ხელს რამდენჯერმე - მათ ჰგონიათ, რომ მორჩა, პროცესი დამთავრდა და იწყებენ ჩვეულებრივ ნორმალურ მოქცევას - აი, ამ დროს იწყება ნამდვილი გადაღება. ანუ ეს, უბრალოდ, მუშაობის ცოდნაა, ასეთ დროს შეიძლება სავსებით ბუნებრივი შედეგების მიღება.

- ასეთი ცხოვრებისეული, ჟანრული ფოტოების გადაღებისას არ გეჩვენებათ, რომ შეიძლება სხვის პირად ცხოვრებაში იჭრებით და იღებთ იმას, რაც მხოლოდ მათ ეკუთვნით და ინტიმურია?

- ფოტოგრაფის წინაშე ყოველთვის დგას ასეთი პრობლემა, როცა იგი იღებს იმ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან, რომ მათ იღებენ. მას უწევს გადაწყვიტოს, აქვს თუ არა უფლება სხვის ცხოვრებაში ჩაერიოს. ფოტოგრაფს თუ ესმის რომ, რასაც ის აკეთებს, არ მოუტანს ზიანს მის გმირებს, მას მორალური უფლება აქვს ჩათვალოს, რომ შეუძლია გადაღება. საქმე ფოტოგრაფის სინდისშია. თუ ადამიანი უპასუხისმგებლოა, ის გადაიღებს იმას, რაც არ უნდა გადაიღოს, ხოლო თუ ადამიანს აქვს სინდისი და ხედავს განსხვავებას ინტიმურსა და არაინტიმურს შორის, ის შეძლებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას.


- არის თქვენს კოლექციაში ისეთი სურათები, რომლებსაც პაპარაცულს უწოდებდით?

- არის. თუმცა, პაპარაცულს ვერ ვუწოდებ. პაპარაცი იღებს აკრძალულ რაღაცეებს. მე ასეთი სურათები არასოდეს გადამიღია. მე მაქვს საზოგადო მოღვაწეების სურათები საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ისინი იმდენად ვულგარულად ეკიდებიან პუბლიკას, იმდენად არ ედარდებათ, რომ იქცევიან თავაშვებულად და ასეთ შემთხვევებში, მე ვთვლი, რომ მაქვს უფლება გადავიღო ისინი. თუ ადამიანი საზოგადო მოღვაწეა, ის ყოველთვის დაკვირვებული უნდა იყოს, ის ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ მას ფოტოკამერები უთვალთვალებენ.

- როცა ქმნით პორტრეტებს, რას აკეთებთ იმისათვის, რომ გმირის ხასიათი გადმოსცეთ?

- პორტრეტის შექმნისას ფოტოგრაფმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ერთი აქსიომა, მით უმეტეს, თუ იგი შეკვეთას ასრულებს. ყველას სურს საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან დანახვა. ასაკოვანს სურს უფრო ახალგაზრდად და ლამაზად გამოიყურებოდეს, დეპუტატს კი სურს თავისი ამომრჩევლებისათვის განსაკუთრებულად კეთილად და სათნოდ გამოიყურებოდეს. მას ნაკლებად აინტერესებს შენ როგორ ხედავ მას. პორტრეტზე მუშაობა კომპლიმენტის თქმას ჰგავს.
- თქვენ პირველად გამოიყენეთ "სინათლის ფუნჯი", როგორც განათების ერთადერთი წყარო. როგორ შეიქმნა ეს ფუნჯი?

- "სინათლის ფუნჯი" - ეს სპეციალური მოწყობილობაა, რომელშიც ანთია ჰალოგენის ნათურა, პატარა, 24 ვოლტიანი, თუმცა მისი ტემპერატურა ძალიან მაღალია - 900 გრადუსი. ეს საკმაოდ რთული მოწყობილობაა და ის პირველად 15 წლის წინ ვნახე. მე მათხოვეს ამერიკული ფუნჯი, რომელიც საკმაოდ არასრულყოფილი იყო. ღირდა 3000$ და მუშაობდა 5-10 წუთს, შემდეგ კი ნახევარი საათი გაგრილება სჭირდებოდა. როცა ეს მოწყობილობა ვნახე, მივხვდი, რომ ეს საოცარი ინსტრუმენტი იყო. ამერიკელები მას მხოლოდ როგორც დამატებითი ინსტრუმენტს ისე ხმარობდნენ. სტუდიის საერთო განათებით იღებდნენ სურათს, ხოლო შემდეგ, დამატებით კეთდებოდა შუქის აქცენტები.
მე აზრად მომივიდა, რომ ასეთი ინსტრუმენტი უნდა გამოიყენო როგორც ერთადერთი შუქის წყარო. მისი საშუალებით შეიძლება შეაღწიო უმცირეს ჭრილებში, მაგალითად ყვავილში და ის შიგნიდან ნათებას დაიწყებს თუ გადაიღებ სრულ სიბნელეში. მისი საშუალებით შეიძლება სხვადასხვა ფერის ნათებასაც მიაღწიო. ამ ინსტრუმენტით ფოტოგრაფს შეუძლია განსხვავებული და გამომსახველობითი სურათების მიღება, რომელსაც ჩვეულებრივი გზით ვერ მიიღებ. ეს ინსტრუმენტი






მივუტანე ჩემს ნაცნობ კონსტრუქტორს, რომელმაც ის დაშალა, გაარკვია ტექნიკური მხარე და 2 თვეში გაუმჯობესებული ვარიანტიც დაამზადა. ბოლოს კი მივიღეთ აი ეს ფანარი, რომელსაც დღესაც ვხმარობ და მისი საშუალებით ბევრი ნატურმორტი და სარეკლამო ფოტო შევქმენი.

- დღეს, მაღალი კლასის ფოტოგრაფებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ფოტოხელოვნებს. არის რაიმე განსხვავება ამ ''წოდებებს'' შორის? "ფოტოგრაფი" თუ "ფოტოხელოვანი"?

- სისულელეა, არის ფოტოგრაფი და არაფოტოგრაფი. ადამიანი, რომელიც იღებს გამოსახულებას ფოტოკამერით, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ იგი ფოტოგრაფია. ფოტოგრაფი ეს არის ადამიანი, რომელიც ფლობს გამოსახვის საშუალებების მთელ არსენალს. თავად სიტყვა "ფოტოგრაფი"- სინათლით მწერალს ნიშნავს. მხატვარი ფუნჯით და საღებავით ქმნის ხელოვნების ნიმუშს, ფოტოგრაფი კი, ფოტოკამერით. როცა ამბობენ, რომ ფოტოხელოვანიაო, ამით თითქოს ხაზს უსვამენ, რომ ეს ფოტოგრაფი ამაღლდა მხატვრის დონეზე, ის სრულფასოვანი შემოქმედია.

- თქვენ ბრძანდებით საკმაოდ პოპულარული ფოტოსერიის "მოსკოვი კოცნებისათვის" ავტორი, სადაც შეყვარებული წყვილები გყავთ ასახული. როდის და როგორ დაიწყეთ ამ სერიის გადაღება?

- ეს სერია 3 წლის წინ დაიწყო. მოსკოვის ტელეეთერში ხშირად ატრიალებდნენ რეკლამას, სადაც ახალგაზრდა ბიჭი კინოთეატრის მოლარეს სთხოვს 2 ბილეთს ბოლო რიგში, მოლარე კი ეშმაკური ღიმილით ეკითხება - ააა, ადგილები კოცნისთვის? ერთხელ მივდიოდი ქუჩაში. ვხედავ, წყვილი კოცნის ერთმანეთს და, უცებ გამიელვა - აჰა, მოსკოვი კოცნებისთვის? აი, ასეთი "გასხივოსნება" მქონდა თავში და დავიწყე წყვილების გადაღება.

- მოსკოვის გარდა კიდევ სად გადაგიღიათ კოცნები?

- პარიზში, ყაზანში, ციურიხში, ჟენევაში, ბელგიაში, ჩეხეთში, ბრატისლავაში, ვენაში, ეგვიპტეში,
ყველგან, სადაც ვიყავი. ხალხი ყველგან კოცნის ერთმანეთს. ახლა ამ კოლექციაში თბილისიც არის (იღიმის). - და, როგორი კოცნა იციან თბილისში?

- მორცხვი. მოსკოვში თავისუფლად კოცნიან ერთმანეთს. კოცნის ინიციატორები გოგონები არიან ყოველთვის და თავისი ქცევით აღნიშნავენ, რომ ისინი ფლობენ ამ მამაკაცს და ხაზს უსვამენ მომხდარის სექსუალურობას. ხოლო თბილისში, არა, ინიციატორები ბიჭები არიან და უფრო სათუთად კოცნიან.

- ალბათ, დასამახსოვრებელი მომენტებიც გექნებოდათ ასეთი სერიის შექმნისას?

- მახსოვს, როგორ გამაოცა ინდოელმა წყვილმა ეიფელის კოშკთან მოედანზე. მე და ჩემი მეუღლე მივდიოდით სხვადასხვა წყვილებთან, რომლებიც კოცნიდნენ ერთმანეთს, და ვთხოვდით, კოცნა გაემეორათ, რათა გადამეღო. იყვნენ ფრანგი, იტალიელელი წყვილები, რომლებიც სიამოვნებით კოცნიდნენ ერთმანეთს, ასევე პოლონელები, რომლებიც ასევე სიამოვნებით კოცნიდნენ ერთმანეთს ეიფელის კოშკის ფონზე. შემდეგ დავინახეთ ინდოელი წყვილი, ჩაპუტკუნებული, თბილად შეფუთნული ახალგაზრდა მამაკაცი და ასეთივე მრგვალსახა ინდოელი გოგონა. მივედით და ვთხოვეთ, კოცნა გაემეორათ. გამოწიეს წინ ტუჩები, ოდნავ შეეხნენ და სწრაფად აკოცეს ერთმანეთს. ვთხოვე, უფრო გულიანად არ შეგიძლიათ-მეთქი? მიპსუხეს, ოო, არა სერ, ხალხში მხოლოდ ასე შეიძლებაო.

- ქართველები ადვილად გთანხმდებოდნენ?

- კი, გვთანხმდებოდნენ, მხოლოდ ძალიან ნაზად, არავითარი მხურვალე ჩახუტებები, ყველაფერი მორცხვად.

- თქვენს გალერეაში და წიგნში განთავსებულია ჩვენი ახლანდელი სახ. მინისტრის კახა ბენდუქიძის პორტრეტი, გახსოვთ ამ სურათის ისტორია?

- ეს იყო პერესტროიკის დასაწყისში. მე მაშინ ფოტორეპორტიორი ვიყავი ჟურნალ "საქმიან ადამიანებში". მომცეს დავალება წავსულიყავი და გადამეღო ჟურნალის ყდისთვის ბენდუქიძის ფოტო. კახა ბენდუქიძე მაშინ ბანკის პრეზიდენტი იყო, რომელმაც "ურალმაშის" ქარხანა








შეისყიდა. მივედით ოფისში, ჩავწერეთ ინტერვიუ, შემდეგ უნდა გადაგვეღო. კახა საოცრად სასიამოვნო და მხიარული ადამიანი აღმოჩნდა. გადავიღეთ და დიდხანს ვისაუბრეთ. მახსოვს, ვთხოვე პერანგი გამოეცვალა. მან თქვა, რომ მისთვის არა აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყურება, ასე რომ, მოგვიწია მისი საშინაო, ნაცრისფერ სვიტერში გადაღება. მას საოცარი გრიმასა ჰქონდა, მთელი სახე დაუდიოდა, ძალიან სიმპათიური და ჭკვიანი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.

- რას იტყოდით საქართველოში თქვენს ვიზიტზე?

- საქართველოში 18 წელია არ ვყოფილვარ, დიდი ხანია ვგეგმავდი ჩამოსვლას. სტუდია "რარაავისის" მოწვევამ საბოლოო გადაწყვეტილება მიმაღებინა. სამწუხაროდ ჩემი ვიზიტი ძალიან მოკლე იყო, თუმცა მოვასწარი კახეთში ჩასვლა, მოვინახულე აჭარა, ორი დღე თბილისსა და მცხეთაში გადაღებებს დავუთმე.

-ქართველი ფოტომოყვარულებისთვის თქვენი ხილვა განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს, თქვენ იყავით სტუდია "რარაავისის" წლევანდელი ინტერნეტ-კონკურისის ჟიურის წევრი. საინტერესოა, რუსეთში მოღვაწე ადამიანი რით დაინტერესდით, როცა ჟიურის წევრობას დათანხმდით.

- მე სტუდიიდან დამიკავშირდა ამ კონკურსის ორგანიზატორი, ფოტოგრაფი კახა ფხაკაძე და შემომთავაზა კონკურსში მონაწილეობის მიღება. გავეცანი პროექტს და საკმაოდ საინტერესოდ მომეჩვენა. მე უნდა შემეფასებინა კონკურსანტების ნამუშევრები ინტერნეტის საშუალებით, მათი ვინაობის ცოდნის გარეშე. თუმცა, რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ მე სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ, თუნდაც სახელის და გვარის ცოდნაც არავითარ ინფორმაციას არ მომცემდა ავტორზე. ამ პროექტში მონაწილისთვის მაქსიმალურად ობიექტური პირობები იყო შექმნილი, რასაც მეც ვეთანხმები. ჟიურის შემადგენლობაში ჩემს გარდა, რუსეთიდან მოწვეულები იყვნენ

შახაბალოვი, პისკარიოვი, პობედიმსკი, ყველა ეს ადამიანი წარმატებული და დამოუკიდებელი ფოტოხელოვანია. მათზე გავლენის მოხდენა პრაქტიკულად გამორიცხულია. მე სიამოვნებით ვიმუშავე ამ ადამიანების Gგვერდით. პროექტში მონაწილეობაში, ალბათ გარკვეული როლი ითამაშა ჩემმა ქართულმა წარმოშობამ დედის მხრიდან.

- თბილისში ყოფნისას ხომ არ შეხვედრიხართ კონკურისის მონაწილეებს?

- მქონდა რამდენიმე შეხვედრა ახალგაზრდა ქართველ ფოტომოყვარულებთან, მათ შორის კონკურსის მონაწილეებთან, ჩავატარე მცირე მასტერ-კლასი. მოხარული ვარ, რომ მათში ფოტოგრაფიით სერიოზული დაინტერესება დავინახე. როგორც ლექტორი, საკონტროლო კითხვებს ვუსვამდი და ვხედავდი, რომ ისინი სწრაფად ითვისებდნენ იმას, რასაც ვუხსნიდი.

- რისი მონახულება მოასწარით და რა გადაიღეთ საქართველოში?

- მოვინახულე ზღვისპირეთი, კახეთი, მცხეთა, 2 დღე თბილისს დავუთმე, ბევრი ქუჩა ფეხით მოვიარე. თბილისის ძველმა ქუჩებმა ჩემს ახალ სერიას მისცა დასაბამი - "ფიროსმანის ნაკვალევზე", რომელიც "ფოტოდელოს" ნოემბრის ნომერში დაიბეჭდება. საკმაო კოლექცია მიმაქვს მოსკოვში, მაქვს ბევრი ინფრაწითელი გადაღებით შესრულებული ფოტოგრაფია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვინახულე ალავერდის ეკლესია. ამ ეკლესიაში მომნათლა პაპაჩემმა. მან ჩემი თავი ჩუმად მოჰპარა დედაჩემს, რომელიც აქტიური კომუნისტი იყო და ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ჩემს მონათვლას. შემონახული მქონდა ბავშვობის ბუნდოვანი მოგონებები. როცა საქართველოში მოვდიოდი, პირველ რიგში, გადაწყვეტილი მქონდა ამ საოცარი ტაძრის გადაღება. ბედნიერი ვარ ამდენი წლების შემდეგ, რომ ისევ შევძელი ალავერდის ეკლესიის ხილვა და ყველაფრის გადაღება.





გიორგი როზოვის პერსონალური ვებ-გვერდი