მთავარი გვერდი  

   
Eau de Cologne: ფოტოკინა 2006-ის სურნელი ანუ “შენც, ბრუტუს?!”
/ნაგვიანევი რეპორტაჟი კიოლნიდან/
“რაულიტო”
მთელი ივლისი-აგვისტო თბილისის ხვატში გავატარე. არადა, მაინც რა პაპანაქება ზაფხული გამოდგა ამ წელს?! თანამშრომლების უმეტესობისგან დაცლილ სამსახურში, კონდიციონერს (როგორც ჟანგბადის ბალონს) დამეგობრებული, ვიჯექი და ვახლიდი თავს მორიგი პროექტის ანგარიშს. გულის გადასაყოლებლად ქართველ ფოტომოყვარულთა კლუბის, “ბოკეს” ვებგვერდზე თუ შევივლიდი, მაგრამ რა? უარესად გაგისივდებოდა გული: რეპორტაჟები ზღვისპირიდან! შავი ზღვის ტალღები, კვარიათის მზე და პლაჟი, ჩამავალი მზის სცენები... ტელევიზორი და... იქაც “ვილივლივოოოთ!”... განსაკუთრებით იმის გააზრება არ მომწონდა, რომ სექტემბერიც არაფერს სასიკეთოს არ მიქადდა. ერთ დილას კი ვხსნი ჩემს ელექტრონულ ფოსტას და... კონდიციონერს ავუწიე...
ფოტოკინა-1952

ფოსტა მატყობინებდა, რომ სექტემბერში ვენასა და ბრიუსელში საქმიან ვიზიტებზე უნდა ჩავსულიყავი. იიფ! ესეც შენ, ჩემო რაულ, კომპენსაცია აგვისტოს თბილისში მოდუღებისთვის. საქმე საქმედ და, საღამოობით “კაფე ვიენუა” და ვაშლის შტრუდელი მისწრებანახევარია! ზედაც შუა ქუჩაში გამოდგმული როიალი და შტრაუსი, რომელიმე გიმნაზისტის შესრულებით... უუჰ, ბელგიაში კი მიდიების სეზონი მოდის! ზღვის ნობათი, მოწურული ლიმნით და ჩაროზად ბელგიური შოკოლადი გროტმარკტზე... რაც მთავარია სიგრილე!

არადა, ჯერ სად ხარ? ობლის კვერი რომ ცხვებოდა კი ვიცოდი, მაგრამ ასე მაგრად თუ ცხვებოდა, ეგ კი აღარ! ეს ჯადო-ფოსტა შემდეგ წერილში მოკრძალებით მაუწყებდა, რომ მიზეზთა და მიზეზთა გამო, ფოტოტექნიკისა და ტექნოლოგიების მსოფლიო გამოფენა, ფოტოკინა 2006, სექტემბრის ბოლოსთვის ჩატარდებაო, ცოტაოდენი დაგვიანებით, მაგრამ ტრადიციულად კიოლნში. და რას ნიშნავდა იცით, ეს? იმას, რომ ბრიუსელიდან საქმემოლეულს, თბილისში დაბრუნებამდე შემეძლო ფოტო-ყველაფრის ამ დიდ მექაში თავი ამომეყო ჯიბეზე მცირეოდენ ხელის გაკვრით! და რად უნდოდა ამას ბევრი ფიქრი?! ასეთ შანსს არც ერთი ფოტომოყვარული ხელიდან არ გაუშვებს! გადაწყვეტილია, აუცილებლად უნდა მოვხვდე ფოტოკინაზე...

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ და თავიც არ შეგაწყინოთ, ვენა და ბრიუსელი წარმატებით მოვილიე, ჩემო ბატონო. როგორც ვისოცკი იტყოდა – “იყო ლექსებიც და მათემატიკაც”, ანუ საქმეებიც და შტრუდელიანი შტრაუსიც. ფოტოკინა კი 26 სექტემბერს გაიხსნა და მეც

ორიოდ დღეში მისი სტუმარი უნდა გავმხდარიყავი. რა კარგია მაინც ეს დალოცვილი ევროპა! განსაკუთრებით მისი ის ნაწილი, აი, ჩვენ რომ ვაკაკუნებთ და ჯერ რომ არ გვიშვებენ – ჯერო, სარკეში კარგად ჩაიხედეთ, დაივარცხნეთ, მოწესრიგდით, მერე ემანდ, ტილოს ფეხი კარგად გაუსვით და მერე შემოდითო...

აი, იმ ევროპაში, გადაიხადე 20 ევრო, დაჯექი დილის ავტობუსზე ბრიუსელში და ორიოდ საათში ისე, რომ კარგად ვერც მიხვდები, როდის და სად გადაკვეთე საზღვარი, ამოყავი თავი მეზობელ სახელმწიფოში!

გზაში წათვლემაც მოვახერხე და როცა შემეღვიძა, გერმანიის თითქმის ვირტუალური საზღვარი უკან მქონდა მოტოვებული. კიოლნში შესვლა იყო და პირველივე ბილბორდზე “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფოტოკინაზე” - შემეგება. ეს ქალაქი ფოტოკინათი სუნთქავდა: ვიზიტორთა რაოდენობა-არნახული, ფეხის ყოველ ნაბიჯზე-გამოფენის ანონსი, ქალაქის ტურისტულ რუქებზე, ავტობუსებსა და ტრანსპორტის ბილეთებზე–ყველგან ფოტოკინა 2006! ავტობუსების სადგურზე ორმაგი ესპრესოს მოზრდილი დოზა და სწრაფი ნაბიჯით კიოლნმესსე-საკენ (საგამოფენო კომპლექსი, სადაც ფოტოკინა იმართება).

ბილეთები რამდენიმეგვარი იყიდება: ერთი, სამი და ექვსდღიანი. გამიკვირდა, ერთკვირიანი ბილეთის ამღების თავში ჩამახედა--მეთქი, მაგრამ დღის ბოლოს სულ სხვანაირად ვფიქრობდი–ერთი კვირა მართლაც რომ საჭიროა, გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილი

ფოტოკინას პოსტერი
ფოტოკინას რეკლამა

რომ სათანადოდ იხილოთ. ამას გარდა, ერთი დეტალიცაა ყურადსაღები: სხვადასხვა მწარმოებელი ამ კვირეულის განმავლობაში სხვადასხვა დროს აანონსებს ხოლმე თავის ახალ პროდუქტს. ესეც მარკეტინგის ნაწილია: ზოგს ურჩევნია მისი პროდუქტის პრეზენტაცია ფოტოკინას გახსნას დაემთხვეს, ზოგი შუალედში არჩევს შემოსვლას–აქაოდა, ინტრიგა და ნიუსის შიმშილი გაძლიერდესო- ”მოიცა, ჯერ კარგად მოქუჩდნენ!”, ფილმიდან “მაია წყნეთელი”), ზოგიც–ბოლოში. ამიტომ, სრული სურათისთვის მთელი კვირით ვიზიტი ნამდვილად არ არის ზედმეტი.

ასე იყო თუ ისე, გადავიხადე 25 ევრო ერთდღიან ბილეთში (ეს ცნობად, მსურველთათვის) და... დაიწყო! და რა დაიწყო! იცით, ვინ მიდის ფოტოკინაზე?

ხალხი, რომელსაც ფოტოკინა იზიდავს, ორ კატეგორიად იყოფა: ისინი, ვისთვისაც ფოტოგრაფია პროფესია ან/და ბიზნესია და ისინი, ვისაც უბრალოდ უყვარს ფოტოგრაფია და ფოტოტექნიკა; ანუ მე და ჩემნაირები: ხბოს აღტაცებით, რომ დავდიოდი დარბაზ-დარბაზ და დაჟინებით ვუყრუებდი ქუსლების ტკივილს: სად მეცალა დასაჯდომად?! ამ ყველაფრის ნახვას როდის მოვასწრებდი ან კიდევ ოდესმე თუ შევძლებდი საერთოდ!

ფოტოკინა 1950 წელს იშვა და აი, უკვე 56 წელია ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. წლეულს, ფოტოკინაზე 46 ქვეყნის 1579 მწარმოებელი იყო წარმოდგენილი. ვიზიტორთა რაოდენობამ სარეკორდო ციფრს– 153 ქვეყნის 162000-ზე მეტს მიაღწია. ერთადერთი, რასაც ბევრი დამთვალიერებელი ჩიოდა,

საგამოფენო პავილიონები
ეპსონის პრინტერი

პრეზენტაციების ენა იყო: დიდი უმრავლესობა მხოლოდ გერმანულად მიმდინარეობდა.

“Photokina – world of imaging” – გამოფენის სლოგანი სრულიად შეესაბამება მის შინაარსს, რაშიც მალევე დავრწმუნდი. ფოტოკინა არ გახლავთ “ფოტოაპარატურის გამოფენა” და ეს იმიჯ ტექნოლოგიების პრეზენტაციაა. ეს განსაკუთრებით მართალია ახლა, ციფრული იმიჯინგის ბუმის ეპოქაში: ფოტოკინაზე ნახავთ ყველაფერს–პირველ რიგში, ცხადია, სიახლეებს ფოტოკამერებს, ოპტიკას, სტუდიურ განათებასა და ტრადიციულ დამხმარე საშუალებებში (შტატივი, ფილტრი, ჩანთა, სოფტბოქსები, ამრეკლები, სინქრონიზაციის სისტემები და ა.შ.). მაგრამ ამით კი არ მთავრდება, არამედ იწყება: სკანერები,

მცირე და ფართოფორმატიანი ბეჭდვის ტექნოლოგიები, ციფრული ფოტოს მონაცემთა მატარებლები (SD, XD, CF..), ფოტოს დამუშავების (processing) პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები (მაგ. Photoshop, Capture One, Aperture, Ulead, Corel, ACDSee...), ფოტოგადაღების შესაძლებლობით აღჭურვილი მობილური ტელეფონებიც კი–ეს ყველაფერი იმიჯინგ ინდუსტრიის სრულფასოვანი შემადგენელი ნაწილია და ფოტოკინაც მათ ფართოდ უღებს კარს.

თავისი ფორმით კი ფოტოკინა ალბათ რაღაც მიქსია ტექნიკის ტრადიციულ გამოფენასა და შოუს შორის. არ ვიცი წინა წლებში როგორ იყო, მაგრამ წლევანდელი ფოტოკინა საკმაოდ შეიცავდა შოუს ელემენტებს. მწარმოებელთა უმრავლესობა არჩევდა, სტუმრებისთვის იმგვარად წარმოედგინა თავისი პროდუქტი, რომ მაქსიმალურად დაეინტერესებინა მისით. ამას კი ათასგვარი ხერხებით და მანქანებით ცდილობდნენ: საფირმო კატალოგებზე, ჩანთებზე, კალმებზე, გულსაბნევებსა და ტკბილეულზე(!) რომ აღარაფერი ვთქვათ (რაც ასე უხვად რიგდებოდა ყველა სტენდთან და დღის ბოლოს, ორივე მხარიც მომწყვიტა ამ ნადავლმა!), მწარმოებლები ცდილობდნენ მათი პროდუქტების პრაქტიკული მხარე ეჩვენებინათ და ასე, თვალსაჩინოებით მიეზიდათ მნახველები. თუკი ულამაზესი მოდელი გოგონები პოზირებდნენ სამსუნგის, ბრონქოლორის თუ ჰენსელის სტენდებთან, ნიკონი და ქენონი საშუალებას აძლევდნენ მნახველებს მთელი მათი ოპტიკისა და კამერების ხაზით ესარგებლათ უშუალოდ სტენდებთან, ქენონი ახალი ცალსარკიანი კამერის 400D-ს პრაქტიკაში გამოსაცდელად ავტობუსის ტურით გასეირნებას, ფოტოსესიას და მერე მათ დამუშავების გარეშე ბეჭდვას გვთავაზობდა ახალ სამომხმარებლო სუბლიმაციურ პრინტერებზე, ფუჯი, ველოსიპედის ცალ ბორბალზე მოძრავი და მხიარული კლოუნის საშუალებით იპყრობდა ყურადღებას–კლოუნი ხალხს ეპატიჟებოდა მასთან ერთად სურათის გადასაღებად, მზადყოფნაში მყოფი გოგონები კი კლოუნთან გადაღებულ ფოტოს 30 წამში დაბეჭდილს მოგართმევდნენ, ოლიმპუსი როკენროლის ეპოქის კადილაკს ათამაშებდა ლატარიაში (როგორ გამეძლო ასეთი ცდუნებისთვის?), სანიო მევიოლინეთა მოდერნ ჯგუფის ფონზე გვარწმუნებდა მისი ვიდეოპროექციის სისტემების ექსკლუზიურობაში, პანასონიკი კი მისი “ლუმიქსების” გამოცდას მერლინ მონროდ გამოპრანჭული ბიცოლას გვერდით და მისი დროის ნიუ - იორკის შავ-თეთრი პანელის ფონზე გვთავაზობდა... მოკლედ, ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ თვალი ვერ დაგეხამხამებინა და პირი ვერ დაგეხურა!

ძალიან ძნელი იქნება და, ალბათ არცთუ გამართლებული, თქვენთვის ჩემს მიერ ფოტოკინაზე გატარებული ერთი დღის სრული ქრონიკის ან თუნდაც დაიჯესტის ფორმით გადმოცემა: სხვა რომ არაფერი, ფოტოკინამდეც და მითუმეტეს მის შემდეგ, ყველა სიახლის შესახებ ზღვა მასალაა ინტერნეტ სივრცესა და სხვადასხვა ბეჭდვით გამოცემებში. ცხადია, მთავარი სიახლეებისა და კარგად ნაცნობი, დიდი მწარმოებლების ახალი პროდუქტების შესახებ ორიოდ სიტყვას მაინც მოგახსენებთ, მაგრამ ძირითადად მაინც ალბათ უშუალოდ ფოტოკინას ფორმატზე, მისგან გამოყოლილ შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე მოგითხრობთ.

ლუმიქსი
”მერლინ მონრო”
”რაულიტო” და კადილაკი
ქენონის სუბლიმაციური პრინტერი
ფუჯის კლოუნი

ფოტოტექნიკის გიგანტები, ქენონი და ნიკონი პირველები შემეგებნენ. ნიკონი ფოტოკინაზე ახალი კამერით D80- ით იწონებდა თავს. კამერის უზარმაზარი მაკეტი წრიულად მოძრავ სტენდზე იყო განთავსებული და თავისი დიდი, ციფრული თვალით დაჰყურებდა იქვე ვიტრინაში გამოფენილ ნიკონის ლეგენდარულ F სერიის წინაპრებს.

რაც შეეხება ქენონს, ფოტოკინამდე წარმოებაში ჩაშვებული “სრულმატრიციანი” 5D-ს გარდა, მას ახალი პირმშო, 400D გამოეფინა, კიოლნში ამ კამერით გასეირნებას და ფოტოსესიით თავის შექცევას გვთავაზობდა. ამ კლასში, სონისთან ერთად, ქენონმა საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა ფასი/ხარისხის კატეგორიაში. რამდენიმე ახალი პროფესიონალური კლასის ობიექტივი იქნა წარმოდგენილი ქენონის მიერ 50 მმ, 85 მმ და 70-200 მმ ფორმატში. ამას გარდა, ქენონმა ახალი და ერთობ მადისაღმძვრელი ნამუშევრის ანონსირებაც მოასწრო ფოტოკინაზე: ეს გახლავთ მედია-შენახვის ახალი აპარატი – MD30 და MD80, რომელსაც შეუძლია შეინახოს ფოტო თუ ვიდეო მასალა კომპაქტურ, მყარი დისკის ტიპის მოწყობილობაში, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ფართო ეკრანის (3,7 ინჩი) საშუალებით გვაჩვენოს ისინი. მოწყობილობა ორ ვერსიად გამოჩნდება ბაზარზე: 30 და 80 გიგაბაიტის ტევადობით. ქენონის ფოტოკამერების მომხმარებლებს არ გაუჭირდებათ მისით სარგებლობა, რადგან სამართავი ღილაკები, ოპერაციული სისტემა და მენიუ ზუსტად იმეორებს ქენონის ციფრულ კამერებში არსებულ ანალოგს. სხვათა შორის, ქენონი არ იყო ერთადერთი ამ ნოვაციით: ეპსონმა ანალოგიური მოწყობილობა 40 და 80 გიგაბაიტიან ვერსიებში წარმოადგინა.

D80
არ შეიძლება არ ითქვას კომპანია სონის შესახებ. იაპონელი გიგანტი აგრესიული მარკეტინგის პოლიტიკით შემოიჭრა ციფრული ფოტოგრაფიის იმ სეგმენტში, რომელიც მანამდე ტრადიციულად სხვა იაპონელ მწარმოებლებს ეკავათ. მან შეისყიდა კონიკა - მინოლტა, შექმნა ცალსარკიანი კამერა “ალფა”, ცვლადი ობიექტივების საკმაოდ მასშტაბური ხაზით, ინტეგრირებული სტაბილიზაციისა და სენსორის გაწმენდის ტექნოლოგიით. სონის ეს ნაბიჯი ძალიან ყურადსაღებია, რადგან ამით მან კონკურენციის თამასა საკმაოდ მაღალზე ასწია და იძულებული გახადა სხვა მწარმოებლები, პირველ რიგში კი ქენონი და ნიკონი, სასწრაფოდ ეზრუნათ საპასუხო ნაბიჯებზე. სონი ასევე აქტიურად თანამშრომლობს ევროპელ მწარმოებლებთან და კომპანია ცაისის დახმარებით მისი ახალი კამერისთვის მაღალი კლასის ობიექტივების ცალკე ხაზს ავითარებს.

ოლიმპუსი , როგორც დიდი ხუთეულის წევრი, ცდილობს არ ჩამორჩეს “გამალებულ შეიარაღებას” ციფრულ ფოტოგრაფიაში და მისი ახალი კამერა E-400 ამის გამოძახილია. 10 მეგაპიქსელიანი და ე.წ. “ოთხი მესამედის” სისტემაზე აგებული ეს კამერა, რაღა დაგიმალოთ და, ცოტა უფერულად გამოიყურებოდა კონკურენტების ფონზე, თუმცა მწარმოებელი მის უპირატესობებში დასარწმუნებლად ძალ-ღონეს არ იშურებდა. კომპანიას მაინც ყველაზე საამაყოდ კვლავაც ზუიკო-ს ობიექტივები რჩება. სონისა და პანასონიკის ვეშაპისებრი მადისა და ზვიგენისებრი ტაქტიკის შემხედვარეს, უნებურად გიჩნდებოდა თანაგრძნობა ოლიმპუსისადმი: გამორიცხული არაა, მანაც კონიკა-მინოლტას ბედი გაიზიაროს. კი გვპირდება ოლიმპუსი უკვე სამი წელია ახალი პროფესიონალური კამერის E-1 დღის სინათლეზე გამოტანას, მაგრამ არ დაადგა საშველი ამ საქმეს. წელსაც დარწმუნებით აცხადებდნენ ოლიმპუსში, რომ 2007 წელს ის აუცილებლად გამოჩნდება. ვნახოთ, რამდენად სერიოზულ კამერასთან გვექნება საქმე: დაიწყება ახალი ერა ოლიმპუსისთვის თუ ბოლო გაბრძოლება იქნება...

ფუჯი ორი მთავარი სიახლით წარსდგა მნახველებთან: პირველი, „სახის ამომცნობი“ ტექნოლოგია (Face Detection), რომელსაც როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო კლასის კამერებში ნერგავს და შეუძლია 9 სხვადასხვა ადამიანის სახის „ამოცნობა“, ექსპოზიციის პარამეტრების გაანგარიშება და ოპტიმალური ექსპოპარამეტრების შერჩევა. მართლაც რომ საინტერესოა, რა შედეგები ექნება ამ ნოვაციას პრაქტიკაში. მეორე სიახლე კი ფუჯის მიერ ახალი ცალსარკიანი ციფრული კამერის Fuji S5 Pro-ს ანონსირება გახლდათ. ფუჯი-ს განცხადებით, ახალ კამერაზე მუშაობა მალე დასრულდება. ის ნიკონის D200- ს ბაზაზე იქმნება და ფუჯის სამარკო „რეალ ფოტო“ პროცესორით აღიჭურვება (კომპანიის განცხადებით, ეს პროცესორი უზრუნველყოფს ფირთან მიმსგავსებული გამოსახულების მიღებას). ამასთან, ფუჯი ერთგული რჩება ე.წ. „ორმაგი ფიჭის“ (ანუ მაღალი და დაბალი მგრძნობელობის ფოტოდიოდების მონაცემთა გაშუალების) სისტემისადმი და ახალ კამერაშიც სწორედ ამ ტიპის სენსორს ჩადგამს, 6-6 მილიონი პიქსელით. კომპანიის განცხადებით, ეს სისტემა შეუდარებელ დინამიურ

ლეგენდარული F სერია
Canon-MD80
კენონის კოლექტივი
canon100-400mm
canon-70-200-new-IS

(ფოტოგრაფიულ) სიფართეს და შესაბამისად, ტონალობის უკეთ გადმოცემას შეუწყობს ხელს. ამასთან, „რეალ ფოტო“ პროცესორი გაირჯება სენსორის მაღალ მგრძნობელობაზე დაბალი ხმაურის მისაღებად.

პენტაქსი, დიდი ხუთეულის ტრადიციული წევრი, ოლიმპუსის არ იყოს, განვითარების გზაჯვარედინზე დგას. მართალია ისიც ცდილობს მცირეფორმატიან ცალსარკიან კამერებში თავისი ადგილი დაიმკვიდროს (რისი დასტურიცაა ფოტოკინაზე წარმოდგენილი კამერა K10), მაგრამ ძალიან უჭირს გიგანტებთან კონკურენცია. პარალელურად, პენტაქსი მუშაობს საშუალო ფორმატის კამერების საბოლოოდ ციფრულ რელსებზე გადაყვანაზე. ვარაუდობენ, რომ ძალიან მალე პენტაქსი 645 სრულიად ინტეგრირებული ციფრული მედიუმი გახდება.

ცნობილი სარეკლამო რგოლისა არ იყოს „ხედავთ განსხვავებას? ნუ გადაიხდით მეტს!“ – ობიექტივების მწარმოებელი დამოუკიდებელი ფირმები სიგმა და ტამრონი სწორედ ამ პოლიტიკით ცდილობენ კლიენტურის გულის მოგებას. თან იმდენ ობიექტივს და ისეთ ვარიაციებში უშვებენ, თავგზა დაგებნევა!

სიგმა ბოლო დროს აღარ ხუმრობს: მან მტკიცედ გადაწყვიტა არ დარჩეს მხოლოს დიდი მწარმოებლების კამერებისათვის დამოუკიდებელი და შედარებით იაფი ობიექტივების დამამზადებლად და აქტიურად ცდილობს საკუთარი ციფრული კამერებით წარმატების მიღწევას. ფოტოკინაზე მან ორი ასეთი კამერა წარადგინა: SD14 და DP1. პირველი, ცალსარკიანი და (ანონსის თანახმად) სამშრიანი 14 მეგაპიქსელიანი კამერაა, ხოლო მეორე-ფიქსირებული 35 მმ-იანი ობიექტივის მქონე კომპაქტური მოდელი.

ზოგადი ტენდენცია, რაც 2006 წლის ფოტოკინაზე დაფიქსირდა: ერთი, რომ დამწყები კლასის ცალსარკიანი (DSLR) ციფრული კამერებისათვის 10 მეგაპიქსელი ახალი სტანდარტი ხდება. მეორე–ყველა მწარმოებელი უკვე ამ კლასშიც კი ცდილობს სტაბილიზაციის ინტეგრირებული (anti-shake) სისტემა შესთავაზოს მომხმარებელს.

შემდეგ ჰოლში, ციფრული ფოტოგრაფიის ოკეანეში ღრმად შესულ მნახველებს ფირის ფოტოგრაფიისგან მოულოდნელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო წკიპურტი გველოდა! ლეგენდარული კარლ ცაისის (Carl Zeiss) ახალი ფოტოკამერა, განახლებული Ikon: ერთი სიამოვნება უნდა იყოს ამ შედევრით მუშაობა! დახვეწილი დიზაინი, კონსტრუქციის სიმარტივე და ზომიერი სიმსუბუქე... და, რამაც ყველაზე ძალიან მომხიბლა–ვიზირი! ღმერთო ჩემო, საოცრებაა ამ კამერის ვიზირით დანახული გარემო: ყველაფერი როგორი ნათელი და მოცულობითია! პირველივე გახედვა ვიზირში და თვალი ხვდება საოცარ სამყაროში. ბედად, სწორედ ფირმის სარეკლამო სლოგანს შევხედე და... ჰმ, რა ზუსტად გადმოსცა ჩემი ემოცია? “We make it visible”–ამბობს ცაისის სლოგანი. კამერა ორ ვარიაციაში გამოვა: სტანდარტული და SW (Super Wide), ანუ ზე-ფართე კუთხიანი ობიექტივებისთვის. სავარაუდო ფასი: 1300-1500 დოლარი. საინტერესოა, თუ რატომ გადაწყვიტა ცაისმა ციფრული ფოტოგრაფიის შეუქცევადი განვითარების ფონზე ფირის კამერის შექმნა? ეს რა, ახირებაა თუ დინების წინააღმდეგ ძალზედ სარისკო ცურვა? XX საუკუნის 50-იან წლებში გამოშვებული კამერა, რომლის ბოლო მოდელები 70-იანებში გამოვიდა... და უცბად, ფირის ახალი კამერა?! ამაზე პასუხს ცაისის ინჟინერები გვაძლევენ

canon-lens
Oოლიმპუსი აკვარიუმში
ცეისის 2 ახალი მოდელი

სარეკლამო კატალოგში: “ჩვენ ვიცნობთ ფოტოგრაფიას ხუთი თითივით, გარედან და შიგნიდან. კომპანია ცაისი აქტიურად მუშაობს ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით. დამიჯერეთ, როდესაც ციფრული ტექნოლოგია დაიწყებს ფართე და ზე-ფართე ობიექტივების ატანას სრულფორმატიანი სენსორის პირობებში და M-ბაიონეტზე, ჩვენ ნამდვილად არ დავახანებთ!” ანუ, სავარაუდოა, რომ დღეს თუ ხვალ, ცაისიც, როგორც ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი, ვერცხლს სილიკონში გაცვლის. ცაისის ბოლოდროინდელი სტრატეგია როგორც ჩანს ამართლებს: მცირე და საშუალო ფორმატის სხვადასხვა მწარმოებლებისათვის (მაგ.: კონტაქსი, ჰასელბლადი) და კინოინდუსტრიის გიგანტებისათვის ობიექტივების ხაზის შექმნა ციფრულ ხანაშიც გრძელდება. ქენონისგან განსხვავებით ნიკონმა გადადგა ნაბიჯი ცაისთან თანამშრომლობისაკენ და საკუთარი კამერებისთვის ცაისს ობიექტივების შექმნა დაუკვეთა. შედეგად, უკვე რეალობაა რამდენიმე პლანარი და დისტაგონი ნიკონის F ბიონეტზე! რამდენად გაამართლებს ეს ნაბიჯი, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ძნელი წარმოსადგენია ფოტომოყვარული, რომელსაც არ დააინტრიგებს ნიკონის კამერაზე ლეგენდარული ცაისის ობიექტივის მორგების პერსპექტივა.

უკვე საკმაოდ დავიღალე და იმას, რის სანახავადაც კიოლნში ჩამოვიდა ვიზიტორთა აბსოლუტური უმრავლესობა, ჯერ ვერ მივადექი. არადა დროა: ნახევარი დღე უკვე მიილია. დამხმარე პერსონალს ჩავეკითხე და მტკიცე ნაბიჯით და საკმაო მღელვარებით გავუდექი იმ ჰოლისაკენ, სადაც თვით ლაიკა (Leica) მელოდებოდა! ლაიკა M8 - ფოტოკინა 2006 უდავოდ მთავარი მოვლენა. გერმანელი ოსტატების მიერ XX საუკუნის შუაწელში შექმნილი M სისტემა მართლაც რომ ლეგენდაა. ის საოცნებო კამერაა და შედევრებისთვისაა შექმნილი. ბოლო წლებში ციფრული ფოტოგრაფიის ბუმის პირობებში ლაიკას ბევრი დასამარებას უწინასწარმეტყველებდა და არცთუ უსაფუძვლო იყო მათი შეშფოთება: ყველამ რაღაცა იღონა, ან გადაერთო ციფრულ ტექნოლოგიებზე, ან შეუერთდა სხვა მწარმოებლებს და ამით შეეცადა ახალი რეალობისთვის ფეხის აწყობას. ლაიკა კი დუმდა. ამას ერთგვარი ინტრიგა, თავისებური ხიბლი და იმედის ნაპერწკალიც გააჩნდა: „ფირის ფოტოგრაფია არ მოკვდება მანამ, სანამ ლაიკა ცოცხალია!“–აცხადებდნენ ციფრულ ფოტოგრაფიაზე ამრეზილები. არადა, ორიოდე წლის წინ ლაიკა, როგორც კომპანია, მართლაც დანის პირზე დადიოდა და მის ფინანსურ მდგომარეობას სახარბიელო ნამდვილად არ ერქვა. თავის გადასარჩენად ლაიკა პანასონიკს დაუმეგობრდა და კომპაქტური ციფრული კამერების გამოშვებას დათანხმდა, ოღონდ პანასონიკის ბრენდის ქვეშ. ასე ვიხილეთ ლუმიქსების (LUMIX) სერია, მაგრამ ეს არ იყო ლაიკა! დღეს კი, როდესაც ლაიკამ შექმნა ციფრული ფოდიუსიანი Leica M8, ბევრს აღმოხდა: „შენც, ბრუტუს?!“ დიახ, „ციფრული ლაიკა“ უკვე რეალობაა. კამერისადმი ინტერესი უდიდესი იყო ფოტოკინამდეც და უშუალოდ გამოფენაზეც. კომპანიის მთავარი ტექნიკური ინჟინერი ოტო დომსი მნიშვნელოვან დეტალებს გვიმხელს: „M8-ის შექმნისას ორ რამეს ვითვალისწინებდით: კამერას მაქსიმალურად უნდა შეენარჩუნებინა ტრადიციული დიზაინის ფილოსოფია, კონსტრუქციის სიმყარე, შეუდარებელი ექსპონომეტრია და პრაქტიკულობა. ამავე დროს, ჩვენ მიზნად დავისახეთ ციფრული სენსორი მოგვერგო ობიექტივების არსებული სპექტრისთვის. შედეგად, მიღებული

ჰასელის ლინზები
leica-M8
რაულიტო და ლაიკა
laice-M8
leica-M8
კამერა დიზაინითა და კონსტრუქციით ძალიან ახლოს დგას ფირის M7-თან და მხოლოდ 3 მმ-თაა სქელი“. ციფრულ ლაიკას 10 მეგაპიქსელიანი სენსორი აქვს. ის კომპანია კოდაკთან თანამშრომლობით შეიქმნა. ლაიკას ინჟინრების განცხადებით, სენსორი მორგებულია ლაიკას ობიექტივებზე, გადიდების ფაქტორი მხოლოდ 1,33- ია და უზრუნველყოფს თითქმის მთელი M სერიის ობიექტივებით შეუფერხებელ სარგებლობას. თუმცა, იმისთვის, რომ ობიექტივებსა და კამერას შორის ინფორმაციის გაცვლა უზადო იყოს, საჭიროა არსებულ ობიექტივებზე 6 ბიტიანი კოდირების დატანა, რასაც ლაიკას სერვის ცენტრები სოლმსის ქარხნის საშუალებით და დამატებითი საფასურის სანაცვლოდ გააკეთებენ.

ციფრულ ლაიკასთან კონტაქტის პირველი შთაბეჭდილება მართლაც ძალიან სასიამოვნო იყო: მსგავსება ფირის ლეგენდარულ მოდელებთან ძალიან დიდია, ვიზირი ისეთივე ფართო და ნათელი, ფოკუსირება თანაბარი და ხავერდოვანი. პრაქტიკულობის კუთხით ციფრულ ლაიკას რამდენიმე მინუსი აქვს. ასე მაგალითად, კვების ბლოკისა და მეხსიერების სლოტის ამოსაღებად/შესაცვლელად მთელი ქვედა ნაწილის მოხსნაა საჭირო. ეს პირდაპირი შედეგია კამერის დიზაინში ლაიკას ტრადიციული კონსტრუქციის ელემენტების მაქსიმალურად შენარჩუნების სურვილისა. რას იზამ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. კამერის ფასი სავარაუდოდ 5 ათას დოლარამდე იქნება და წლის ბოლომდე გამოჩნდება ქსელში. დარწმუნებული ვარ შემკვეთი მას არ მოაკლდება. ამბიციის დასამტკიცებლად კი დროა საჭირო. ერთი რამ ცხადია: ლაიკა, იაპონელი მწარმოებლებისგან განსხვავებით, დიდი სიხშირით არ და ვერ ჩაანაცვლებს ახალი მოდელებით მის ციფრულ პირმშოს. ამიტომ, M8-ს დიდხანს მოუწევს ლაიკას ლეგენდარული სახელის ღირსეულად ზიდვა საკუთარი მხრებით.

საშუალო ფორმატის ტექნოლოგიებში მიმდინარე პროცესებზეც უნდა დავასველოთ სიტყვა. მითუმეტეს, რომ სათქმელი ფოტოკინაზე საკმაოზე მეტია: ჰასელბლადი H3D – ხმამაღალი განაცხადი საშუალო ფორმატის ციფრულ მედიუმში საბოლოო ნაბიჯის გადადგმისა და “ახალი ფორმატის” დამკვიდრებისაკენ. 48X36 მმ. ვიქტორ ჰასელბლადის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით კომპანია რევოლუციურ ნაბიჯს დგამს: ის ციფრულ საშუალო ფორმატში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. სავარაუდოა, რომ 48X36 მმ-დან არცთუ შორია 48X48მმ ფორმატამდე–ჰასელბლადი ხომ კვადრატის მქადაგებელი იყო ყოველთვის 6X6 მმ ფირის ფოტოგრაფიაში. ვნახოთ, დაველოდოთ... H3D კი ორი სხვადასხვა მოდიფიკაციის, კერძოდ 22 და 39 მილიონი პიქსელის მატრიცით იქნება აღჭურვილი. ფასი არ ანონსირებულა ოფიციალურად, თუმცა ვარაუდობენ რომ ფასი ბევრს მოსჭრის კბილს.

მამია (Mamya) – კიდევ ერთი იაპონელი, რომელიც დროულად უღებს ალღოს ციფრულ ეპოქას. ახალი მამია ZD 22 მილიონ პიქსელიანია. კამერის კონსტრუქცია ჩემდა მოულოდნელად საკმაოდ მსუბუქი და მოხერხებული აღმოჩნდა. ხელში კარგად ზის და მასაც არაა შემაწუხებელი (ყოველ შემთხვევაში, ქენონისა და ნიკონის პროფესიონალური კამერებთან შედარებით, მართლაც არ მომეჩვენა მონსტრად). იაპონელი დილერი ჩემს გვერდით შეჩერებულ ფრანგ წყვილს გატაცებით უხსნიდა, თუ რა უპირატესობა აქვს ამ კამერას მამიასავე ფირის კამერებთან შედარებით:

სატესტო გადაღებები
მოდელი
დილერი

ძირითადი აქცენტი ფასზე კეთდებოდა. თუ მამიას ფირის კამერები და ციფრული მისადგმელი “ბექი” 20-25 ათას დოლარს საჭიროებს, ახალი ინტეგრირებული მამია თქვენს ჯიბეს მხოლოდ 11 ათასით შეათხელებსო.

შეუძლებელია ვითარდებოდეს ციფრული ფოტოკამერები და არ მიჰყვებოდეს თან ციფრულ მონაცემთა შესაბამისი მატარებლები. წლეულს, ფოტოკინაზე რამდენიმე მწარმოებელმა დააანონსა ახალი, დიდი მოცულობისა (8 და 16 გიგაბაიტიანი) და ინფორმაციის გაცვლის მაღალი სიჩქარის მქონე, კრიტიკული პირობების გამძლე მეხსიერების ბარათები. ლექსარი (Lexar) და სანდისკი (SanDisk) როგორც ყოველთვის, ლიდერები არიან ამ საქმეში. ამჯერად მათ ფირმა პრეტეკი შეუერთდა (Pretec). ახალი, 16 გიგაბაიტიანი მეხსიერების სლოტების მასიური წარმოება სავარაუდოდ დეკემბერში დაიწყება. როგორც ჩანს 8-6 გიგაბაიტი ახალი სტანდარტი იქნება უახლოესი 1-2 წლის პროფესიონალურ ფოტოგრაფიაში.

ფირზე არ ვთქვათ ორიოდე სიტყვა? სწორედ რომ ორიოდე, რადგან მეტი სათქმელი აღარცაა: ციფრი გიგანტური ნაბიჯებით და მეთოდურად აძევებს ფირს ბაზრიდან. საინტერესო იყო გერმანელი მწარმოებლის, როლი - ს (Rollei) ფირები: ორთო 25, პან 25, რეტრო 100 და რეტრო 400. პირველი ორი მიკროგრანულაციის უმაღლესი ხარისხით და სინათლის მგრძნობელობის მცირე ვარიაციით (ისო 25-49) გამოირჩევა, შესაბამისად, დიდი ფორმატით ბეჭდვის შეუდარებელ შესაძლებლობებს იძლევა (ორმოცდაათჯერადი და მეტი!). რეტრო-ს სერიის ფირები კი სპეციფიურ ტონალობასა და ინფრაწითელ ფოტოგრაფირებაზეა გათვლილი.

ძალიან დიდი ადგილი და ყურადღება ეთმობოდა ფოტოკინაზე ფოტოგრაფიის როგორც სამოყვარულო, ისე პროფესიონალური ბეჭდვის ტექნოლოგიურ სიახლეებს. ჰიულეტ პაკარდის, ქენონის, ეპსონის, კოდაკის, პანასონიკის ახალი ნაწარმი პირდაპირ ადგილზე იყიდებოდა. დარბაზები მიმოფანტული საგამოფენო ფორმატის (A3+, A2, და ზევით) ფოტოებით იყო გადავსებული! ქენონის ერთ-ერთ სტენდთან მიმდინარე პრეზენტაცია ამ მწარმოებელს თავისი რამდენიმე ახალი პროდუქტის ერთდროულად წარმოდგენის საშუალებას აძლევდა: პროფესიონალი ფოტოგრაფი სტენდთან აწყობილ სახელდახელო სტუდიაში ახალი ქენონ 5დ-სა და ორი ახალი ობიექტივის (50მმ და 85მმ) საშუალებით აწარმოებდა მოდელის გადაღებას, გადაგზავნას იქვე მდგარ კომპიუტერში და ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე ახალ პრინტერზე (iPF 5000) დიდ ფორმატში ბეჭდვას. მინდა გითხრათ, რომ შედეგები ამ და ფოტოხარისხით ბეჭდვის ტექნოლოგიების სხვა მწარმოებელთა პროდუქტებზე მართლაც რომ ძალიან მაღალია.

ყველა ეს მწარმოებელი ცდილობს საკუთარი საბეჭდი ტექნოლოგიების კვალდაკვალ ფოტოქაღალდის ბიზნესიც განავითაროს, მიუახლოვოს მათი ტექსტურა და საარქივო გამძლეობის მონაცემები ფირის ფოტოგრაფიაში არსებულ სტანდარტებს. ფოტოკინაზე უამრავი სახეობის ფოტოქაღალდი იყო წარმოდგენილი, დაწყებული ჩვეულებრივ სამომხმარებლო ბაზარზე გათვლილით და დამთავრებული პროფესიული ნიშის კანდიდატებით (მაღალი ტონალური გრადაციის მქონე ეგზემპლარები, ზეთის საღებავის ეფექტის მქონე ტექსტურით და სხვა).

mamya-ZD
მამია
ტამრონის სტენდი
sigma-compact
სინარი
ორგანიზატორებს გათვალისწინებული ჰქონდათ ისიც, რომ რაღაც დროში ტექნოლოგიური სიახლეების დათვალიერებით გადაღლილი მნახველებისთვის, თვალსასეიროდ სხვა რამეც უნდა შეეთავაზებინათ. ცალკე ჰოლში წარმოდგენილი იყო, მარტინ პარის, პატრიკ ფუადისა და მიხაელ შნაბელის ნამუშევრების გამოფენა. მარტინ პარის შემოქმედების მოყვარულები ბოლო დროს თბილისშიც გამოჩნდნენ. ერთი შეხედვით მარტივი, საყოფაცხოვრებო თემების ამსახველი და ამავე დროს გაჯერებული ფერებით მოთამაშე ეს ფოტოგრაფი ბევრს სწორედ ამ სიმპლისტიკით იზიდავს.
  სიგმას სტენდი

ფოტოკინამ ღირსეული ადგილი დაუთმო გამომცემლებსაც: მათთვის სპეციალურად გამოყოფილ დარბაზში დღეისათვის არსებული თითქმის ყველა ფოტოწიგნი იყო გამოფენილი! და ამ ყველაფრის ნაღები: განსხვავებით წარმოდგენილი ტექნიკისგან, წიგნები შეგეძლო გეყიდა კიდეც. ცხადია, არაა იაფი სიამოვნება და, შესაბამისად, ნერწყვის გამოყოფაც ძალიან იმატებს გამოცემების თვალიერებისას. ვერ გავუძელი ცდუნებას და დიდი ფრანგი ავტორების, ბრასაის, კარტიე-ბრესონის, ვილი რონისისა და დუანოს პარიზის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნამუშევრებით შემდგარი გამოცემა შევიძინე.

 

ბრონქოლორი

  მოდელები
rollei 400 retro

ფოტოკინა აძლევს საშუალებას ფოტოსკოლებსა და აკადემიებს, გამოიყენონ ეს უნიკალური შესაძლებლობა და დააინტერესონ პოტენციური მსმენელები საკუთარი პროგრამების უნიკალურობაში. ფოტოკინაზე ოცამდე ასეთი სკოლა იყო წარმოდგენილი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია უშუალოდ ამ გამოფენისას პატარ-პატარა ეშმაკური მარკეტინგული სვლები: ასე მაგალითად, პენტაქსი უზარმაზარ შავი ჩანთებს ურიგებდა დამთვალიერებლებს. ერთი შეხედვით არაპრაქტიკულია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ძაღლის თავი სხვაგან იყო დამარხული! უამრავი კატალოგის და სარეკლამო მასალით დატვირთული მნახველები, იძულებულნი იყვნენ ყველა სხვა მწარმოებლის ჩანთა ერთ დიდ ჩანთაში მოექციათ და ასეთი სწორედ პენტაქსის ჩანთა იყო! შესაბამისად, ვიზიტორთა უმეტესობა სწორედ პენტაქსის ჩანთით დადიოდა დარბაზიდან დარბაზში. ამის გამო, მედია საშუალებებშიც ყველაზე მეტჯერ ალბათ პენტაქსის საფირმო ნიშანი მოხვდებოდა.

და ბოლოს, უკანასკნელი ათწლეულის შეკითხვა-ბესტსელერი! ფირი თუ ციფრი? ამ, ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ დილემას, დრომ და 2006 წლის ფოტოკინამაც გასცა პასუხი. დიახ, ვერცხლის ჰელოიდის მოყვარულებო, ყველა გზა ციფრისკენ მიდის! ამის ნათელი დადასტურებაა არა მხოლოდ ბაზარი და გაყიდვების სტატისტიკა (სხვათა შორის იაფფასიანი ფირის ე. წ. “სასაპნე” კამერების ფასებთან, იაფფასიანი ციფრული კამერების ფასების დაახლოება საგრძნობია), არამედ სწორედ რომ პროფესიონალურ ფოტოგრაფიაში გაჩენილი ტენდენციები: წამყვანი მწარმოებლები ძალიან ახლოს არიან 35 მმ ფირის ადექვატური მონაცემების მატრიცის მაშტაბურ კომერციალიზაციასთან. შეხედეთ! ლაიკამ, ფირის ამ დინოზავრმაც კი, ციფრულ სამყაროში
ქენონის გადაღებები
რაულიტო და მინოქსი




მამია
მოდელი  



leica-a-la-carte
ალბომები
გადაწყვიტა სიცოცხლის გაგრძელება! რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ არ გარდაცვლილიყო! და კიდევ: საშუალო ფორმატის კამერები გარდამავალ ეტაპს ასრულებენ და ფირი/ციფრის კომბოებიდან ინტეგრირებულ ციფრულ ტექნოლოგიაზე გადადიან. ინვესტირების მასშტაბები ფირისა და ციფრის ტექნოლოგიებში – კიდევ ერთი მაჩვენებელია ამ ტენდენციის. ახალს არაფერს ვიტყვი–ცხადია, ფირის ფოტოგრაფია უახლოეს მომავალში ნამდვილად არ გაქრება (თუ ოდესმე გაქრა საერთოდ), მაგრამ ძალთა ბალანსი შეუდარებლად რომ დაირღვა პიქსელის სასარგებლოდ, ამას აღარავინ დაობს.
დღის ბოლოს მშიერმა და გასავათებულმა, ემოციებით დაღლილმა, მაგრამ უზომოდ კმაყოფილმა, ფოტოკინას პერსონალის ბოლო გაფრთხილებასთან ერთად დავტოვე ეს საოცარი ადგილი. 11 შენობისგან შემდგარი საგამოფენო კომპლექსის მხოლოდ ხუთ შენობაში განლაგებული დარბაზების ნახვა მოვახერხე... რაც ვერ ვნახე, იმაზე გულის დაწყვეტის ძალა აღარ მქონდა. თანაც, უმადურება იქნებოდა... თუმცა, რაღა დაგიმალოთ და გული მთელი დღის განმავლობაში მწყდებოდა, როცა დავდიოდი ამ ჯადოსნურ სამყაროში და არ მტოვებდა ფიქრი: ეჰ, რამდენი ქართველი ფოტომოყვარული ისურვებდა დღეს აქ ყოფნას...
პანასონიკის პრეზენტაცია
რაულიტო საგამოგენო დარბაზში ფოტოკინა 2006 დასრულდა. 2008 წლამდე, მეგობრებო!

რედაქციისგან: ''ფოტოცხოვრება'' დიდ მადლობას უხდის ავტორს, ქართველ ფოტომოყვარულთათვის ესოდენ საჭირო და საინტერესო რეპორტაჟის მოწოდებისთვის.