ფოტოგრაფიის ისტორია

ნიეფსი, დაგერი, ტალბოტი – ვინ ამოხსნა საიდუმლო?

ნინო ილურიძე


ფოტოგრაფია – (ფოტო – სინათლე, გრაფია – მხატავ, ვწერ, ბერძნ) – ხატვა შუქით. მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის დარგი, რომელიც მოიცავს შუქმგრძნობიარე მასალაზე (შრეზე) ხანგამძლე გამოსახულებათა ან ოპტიკურ სიგნალთა მიღების მეთოდებისა და საშუალებების დამუშავებას შუქმგრძნობიარე შრეში, ფოტოგადაღების ობიექტით გამოფრქვეული ან არეკვლილი გამოსხივების ზემოქმედებით წარმოქმნილ ცვლილებათა დამაგრების გზით.
ფოტოგრაფია სამართლიანადაა აღიარებული მე-19 საუკუნის უდიდეს გამოგონებად. ამ საოცარ გამოგონებაში სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებისა და გამომგონელების ხანგრძლივი შრომაა ჩადებული. დღევანდელი ფოტოგრაფიისაკენ მიმავალი გზა გრძელი იყო. საუკუნეების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ შეისწავლებოდა შუქმგრძნობიარე ნივთიერებებზე სინათლის ზემოქმედება, ამუშავებდნენ მათი საშუალებით გამოსახულების მიღების მეთოდებს, ხდებოდა ფოტოაპარატის წინამორბედი კამერა-ობსკურას სრულყოფა.
ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 350 წელს, ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე თავის ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნავდა, რომ ბნელ ოთახში დარაბის მომცრო ზომის ნახვრეტიდან შეღწეული შუქი, მოპირდაპირე კედელზე წარმოქმნის ქუჩაში ფანჯრის წინ მდებარე საგნების გამოსახულებას. ამასთან, გამოსახულების მასშტაბი მით უფრო დიდია, რაც უფრო შორი მანძილია კედელსა და ფანჯარას შორის. ეს ეფექტი შემდგომში გამოიყენეს სხვადასხვა ცდებში და საფუძვლად დაედო კამერა-ობსკურას გამოგონებას.
კამერა-ობსკურა (ბნელი ოთახი) – წარმოადგენს დახურულ ყუთს პატარა ზომის ნახვრეტით. რომელიმე საგანზე დამიზნებით, კამერა მოპირდაპირე კედელზე აღნიშნული საგნის ამოტრიალებული გამოსახულებას იძლევა. კამერა-ობსკურას გამოგონებას მიაწერენ გენიალურ იტალიელ მხატვარსა და მეცნიერს ლეონარდო და ვინჩის. კამერა-ობსკურას შესახებ ჩანაწერები ასევე გვხვდება ბევრ სხვა მეცნიერთა ნაშრომებში.

სურ. 1-ზე გამოსახულია ჰოლანდიელი ფიზიკოსის და მათემატიკოსის ჰემ ფრიზიუსის მიერ შექმნილი კამერა-ობსკურას ნახაზი, რომლის საშუალებითაც ის 1544 წელს აწარმოებდა მზის დაბნელებაზე დაკვირვებას. მოგვიანებით კამერა-ობსკურას ეფექტი გამოყენებული იყო ზოგიერთი მოძრავი კონსტრუქციის მოწყობილობაში, რომლებიც ვიზუალურად თანამედროვე პავილიონის ფოტოკამერებს ჰგავდნენ. 1568 წელს ვენეციელმა დ.ბარბარომ პირველმა აღწერა დაწვრილებით ბრტყელ-ამოზნექილ ლინზიანი კამერა-ობსკურა, რომელიც კამერაში შემავალი სხივებისათვის არსებული ნახვრეტის გადიდების საშუალებას იძლეოდა და ამ გზით მიღებული ოპტიკური გამოსახულების სიკაშკაშეს მნიშვნელოვნად ზრდიდა.
კამერა-ობსკურას ოპტიკური სისტემის სრულყოფაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ გერმანელ ასტრონომს ი.კეპლერს. მის მიერ 1611 წელს შექმნილი ოპტიკური სისტემა შედგებოდა ჩაზნექილი და ამოზნექილი (სურათი 2) ლინზებისაგან, რაც კამერა-ობსკურას ხედვის კუთხის

სურათი 1

 

სურათი 2
გადიდების საშუალებას იძლეოდა. ფოტოგრაფიის გამოგონებაში ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა XVIII-XIX საუკუნეებში სხვადასხვა მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა იმაზე, თუ რა ზემოქმედების უნარი ჰქონდა შუქს სხვადასხვა ნივთიერებებზე. პირველი მიზანმიმართული კვლევები შუქის მოქმედების შედეგად ვერცხლის მარილების თვისებების ცვლილებაზე, ეკუთვნის გერმანელ მეცნიერს ი.შულცეს. 1727 წელს მან აღმოაჩინა, რომ ვერცხლის ნიტრატი შუქმგრძნობიარე იყო. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო შვედი ქიმიკოსის კ.შეელეს მიერ მე-18 საუკუნის 70-იან წლებში ჩატარებული ცდები, ვერცხლის მარილებზე მზის სპექტრის სხვადასხვა ფერების მოქმედებაზე. მის მიერ აღმოჩენილი იქნა, რომ ყველაზე მეტი აქტივობა გააჩნიათ ცისფერ-იისფერ ზონებს.
ფოტოგრაფიის გამოგონებას წინ უსწრებდა ინგლისელების ტ.უეჯვუდისა და გ.დევის შრომები. მე-18 საუკუნის ბოლოს უეჯვუდის მიერ იქნა ჩატარებული ექსპერიმენტები ვერცხლის ნიტრატით დაფარულ ქაღალდსა და ტყავზე შუქით ნახატი სურათების მისაღებად.
უეჯვუდი იყო ერთერთი პირველთაგანი, ვინც სცადა მიეღო გამოსახულება კამერა-ობსკურას საშუალებით, თუმცა მის მცდელობებს წარმატებები არ მოჰყოლია. უეჯვუდის შრომები გაგრძელებული იქნა გ.დევის მიერ. კამერა-ობსკურაში გამოსახულების მისაღებად გამოყენებული იყო ვერცხლის ქლორიდი. მიუხედავად იმისა, რომ უეჯვუდმა და დევიმ ვერ იპოვეს გამოსახულების დამაგრების ხერხი, ისინი მაინც ფოტოგრაფიის გამოგონების წინამორბედებად ითვლებიან.
პირველად მყარი გამოსახულება (სურათი 4) მიიღო იყო ფრანგმა ჟოზეფ ნისეფორ ნიეფსიმ (1765-1833) (სურათი 3).
1800-1801 წლებში ძმებმა კლოდ და ნისეფორ ნიეფსებმა საფრანგეთის ქალაქ შალონ-სიურ-სონიდან, გადაწყვიტეს დაკავებულიყვნენ გამომგონებლობით. ისინი დაინტერესდნენ შიდა წვის ძრავით და ჰელიოგრაფიით, ანუ შუქის საშუალებით გამოსახულების მიღების ხერხით. ორივე ძმა საკმაოდ ნიჭიერები იყვნენ, ჰქონდათ წარმატების მიღწევის მძაფრი სურვილი, ფენომენალური შრომისუნარიანებობა და არ ზოგავდნენ არც დროს და არც საშუალებებს, რაც გარკვეულწილად ანაზღაურებდა მათ არასაკმარის თეორიულ მომზადებას. ასეთი “წვრილმანები” ხომ პირველგზამკვლელებს არასოდეს აფერხებდათ. მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი წარმატებები ძრავის მუშაობის სისტემის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებაში, მაგრამ მათმა იდეებმა და აღმოჩენებმა თითქმის ასი წლით გაასწრეს დროს და ამიტომ ვერ იქნა სათანადოდ შეფასებული და იმ პერიოდში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მთელი რიგი ტექნიკური და ფინანსური კრახის
სურათი 3
შემდეგ 1827 წელს კლოდ ნიეფსი გარდაიცვლება ლონდონში და ნისეფორ ნიეფსმა მარტომ გააგრძელა მუშაობა.კამერა-ობსკურას უმეტესად გრავიურის შექმნის ტექნოლოგიაში იყენებდნენ. ნისეფორ ნიეფსი კარგად იცნობდა აღნიშნულ ტექნოლოგიას და შეეცადა შუქმგრძნობიარე ნივთიერებად ასფალტის ლაქი გამოეყენებინა, რომელიც გრავიურაში გამოყენებული ლაქის შემადგენლობაში შედიოდა. ცდებისა და შეცდომების გზით, ექვსწლიანი შეუჩერებელი მუშაობის ბოლოს, 1822 წელს, მიღწეული იქნა პირველი დამაკმაყოფილებელი შედეგი.
ნიეფსის მეთოდი, რომელსაც მან თავად ჰელიოგრაფია უწოდა (მზე-წერა), მდგომარეობდა შემდეგში: ლავანდის ზეთში გასხნილი ასფალტის ხსნარი თხელ ფენად დაჰქონდა მეტალის ფირფიტაზე, შემდეგ მასზე ამაგრებდა ნახევრადგამჭვირვალე შტრიხულ სურათს და დიდი ხნით ტოვებდა მას შუქზე, რომელიც ამაგრებდა ასფალტის ლაქს განათებულ ადგილებში. შემდგომ ფირფიტა გადაჰქონდა ლავანდის ზეთით სავსე ჭურჭელში, რომელიც ჩამორეცხავდა დაუმაგრებელი ასფალტის ნაწილებს. ამის შედეგად მიიღებოდა რელიეფური გამოსახულება. მისი კლიშედ გამოყენებით შეიძლებოდა ტიპოგრაფიული ანაბეჭდების მიღება ქაღალდზე.
ნისეფორ ნიეფსი 1824 წელს თავის ძმას სწერდა: “მე შევძელი ისეთი გამოსახულების მიღება, როგორიც მსურდა. საგნების გამოსახულება მიიღება გასაოცარი სიზუსტით და სიმკვეთრით, უმცირესი დეტალების და ფაქიზი ელფერების ჩათვლით. რადგან
სურათი 4

ეს ანაბეჭდი თითქმის უფერულია, ეფექტის დანახვა მხოლოდ ფირფიტის დახრილი კუთხით შეხედვის საშუალებითაა შესაძლებელი. ამ დროს სურათი ნათელი ხდება, შუქისა და ჩრდილების საშუალებით. ეს ნამდვილ მაგიურ შთაბეჭდილებას ახდენს”.
მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ არ არსებობდა მიღებული გამოსახულების დამაგრების ცნება. ფოტოგრაფია იბადებოდა პრაქტიკულად მხოლოდ თვითნასწავლების ენთუზიაზმზე და ოფიციალური მეცნიერების მონაწილების გარეშე.

1829 წელს ნიეფსის კომპანიონი ლუი დაგერი ხდება (სურათი 5). რამდენიმე წლით ადრე ნიჭიერი მხატვარ-დეკორატორი და ენერგიული მეწარმე ლუი ჟაკ მანდე დაგერი (1787-1851) პარიზში ხსნის ახალი ტიპის თეატრს, ცნობილ “დიარამას”. თეატრში დეკორაციების ტექნიკის სიახლე მდგომარეობდა შემდეგში: დეკორაციის სურათები დაგერის მიერ დახატული იყო ნახევრადგამჭვირვალე ქსოვილზე, რომლებიც მიმდევრობით იცვლებოდნენ და შუქდებობდნენ სპეციალური პროჟექტორის საშუალებით. დეკორაციების შესანიშნავი ხარისხი და წარმატებით შერჩეულმა რეპერტუარმა თეატრს უდიდესი აღიარება და ფინანსური წარმატება მოუტანა. თუმცა შემოქმედი დაგერისათვის ძალიან დამღლელი იყო მომაბერზრებელი ყოველდღიური რუტინული სამუშაოს შესრულება, რომელიც გამუდმებით ითხოვდა გამოსახულების კოპირებას კამერა-ობსკურის საშუალებით. მას იდეა გაუჩნდა - დაემაგრებინა კამერა-ობსკურაში მიღებული შუქის გამოსახულება. ამ საკითხის გადასაწყვეტად კი საჭირო იყო პროფესიონალი და ის ცოდნა, რომელიც მხატვარს არ გააჩნდა.
სურათი 5

1829 წელს თითქმის გაკოტრებული ნიეფსის შეხვედრა დაგერთან თითქოს უკვე წინასწარ განსაზღვრული იყო. ისინი ხელს აწერენ ხელშეკრულებას ერთობლივ პროექტზე “ჰელიოგრაფია, გამოგონებული ბ-ნ ნიეფსის და გაუმჯობესებული ბ-ნ დაგერის მიერ”.
ამ პერიოდისათვის ნისეფორ ნიეფსის უკვე 64 წელი შეუსრულდა, დაგერი კი თავის კომპანიონზე 20 წლისთ უმცროსი იყო. ინტენსიური ერთობლივი მუშაობა, ცდები, ასობით ჰიპოთეზა და ძლივს - გამომგონებლები იოდს წააწყდებიან! თუმცა ამის ნიეფსს არც თუ ისე სჯერა, რადგან მან უკვე ჩაატარა ცდები ვერცხლის ჰალოგენიდებზე და მშვენივრად იცის, რომ მსგავსი გამოსახულება ფირფიტაზე შეუქცევადად შავდება კამერიდან ამოღების შემდეგ შუქის მოქმედებით. ეს ფაქტიურად ყველაზე დრამატული მომენტი იყო ნეპსის და დაგერის თანამშრომლობაში. ისინი არ კითხულობდნენ სამეცნიერო ლიტერატურას და არ იციან, რომ ჯერ კიდევ 1818 წელს ინგლისელმა ასტრონომმა ჯონ გერშელმა აღმოაჩინა ჰიპოსულფიტის (ნატრიუმის ტიოსულფატი) თვისება – შეაწყვეტინოს იოდისებურ ვერცხლს შუქზე გაშავება.
თავად დაგერმა 1832 წელს წარმატებით ჩაატარა ცდები ვერცხლის იოდიდზე, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ უარი თქვა თავის ნოვაციაზე და ასფალტის გამოყენებას დაუბრუნდა. საკითხავია რატომ თქვა უარი დაგერმა ვერცხლის გამოყენებაზე? სავარაუდოდ, ის არ ჩქარობდა კომპანიონისათვის თავისი წარმატებული ცდების შედეგები გაეცნო, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
1833 წელს ნეპსი გარდაიცვალა ისე, რომ ვერ მოასწრო თავისი კვლევების დასრულება. მისი შვილი ისიდორ ნეპსი არ იყო მიდრეკილი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისკენ. მან გაყიდა დარჩენილი საგვარეულო მამული და სულ უფრო და უფრო ხშირად სთხოვდა დაგერს ფულს ვალში. დაგერმა მოითხოვა კომპანიის პირობების შეცვლა და გამოგონების სახელის “ნეპსოტიპიის” “დაგეროტიპიად” გადარქმევა. 1935 წელს დაგერმა აცნობა ნეპს-შვილს ამცნო, რომ ვერცხლის ფირფიტები 300-ჯერ მეტად მგრძნობიარე იყო, ვიდრე ასფალტი და დრო იყო მიეღოთ მოგება გამოგონებიდან. თავდაპირველად დაგერს სურდა ხელმოწერებით შეეგროვებინა 100 ათასი ფრანკი და შეექმნა სააქციო საზოგადოება. თუმცა საეჭვო საქმიანობაში ფულის დაბანდების მსურველები არ გამოჩნდა, ამიტომ დაგერმა პარიზის აკადემიაში მდივან-აკადემიკოსს ლუი არაგოს მიმართა.
ფოტოგრაფიის “დაბადების” შესახებ მოხსენება 1839 წლის 7 იანვარს გააკეთა ცნობილმა ფიზიკოსმა და ასტრონომმა ლუი არაგომ პარიზის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე. მისი სიტყვებით, დაგერის გამოგონება იმდენად ადვილი იყო გამოსაყენებლად, რომ მცირეოდენი ვარჯიშის შემდეგ ყველას შეეძლო გადაღების მეთოდების ათვისება.
1839 წლის 19 აგვისტოს არაგო პარიზის მეცნიერებათა და ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში დიდი მოხსენებით წარსდგა, სადაც დაგეროტიპიის ყველა საიდუმლოება ახსნა. ფოტოგრაფია ყველა მსურველისათვის ხელმისაწვდომი გახდა. დაგერსა და ნეპსს-უმცროსს მთელი ცხოვრების მანძილზე მთავრობის პენსია დაენიშნათ.
დაგეროტიპიის მეთოდის საშუალებით ფოტოსურათის მიღების პრინციპი მდგომარეობდა შემდეგში: თავდაპირველად ვერცხლის ფირფიტას გულდასმით ასუფთავებდნენ, შემდეგ ათავსებდნენ სპეციალურ ყუთში, რომლის ძირში იოდის ფხვნილი იყო დაყრილი. აორთქლებისას იოდი ილექებოდა ფირფიტის ზედაპირზე და ვერცხლთან მოქმედების შემდეგ იძლეოდა ვერცხლის იოდიდს – ნივთიერებას, რომელსაც გააჩნდა შუქზე მგრძნობელობა. ამის შემდეგ სიბნელეში ფირფიტას ათავსებდნენ კამერა-ობსკურაში და მასზე ახდენდნენ კაშკაშა განათებული საგნების ექსპონირებას რამდენიმე წუთიანი დაყოვნებით. შუქის მოქმედების შემდეგ ფირფიტაზე მიიღებოდა სუსტი გამოსახულება. მას აძლიერებდნენ, ანუ ამჟღავნებდნენ ვერცხლისწყლის ორთქლის საშუალებით, რომელიც ილექებოდა შუქის მოქმედების ადგილებში. ეს პროცესი ტარდებოდა სპეციალურ ყუთში, რომლის ძირში ვერცხლისწყლიანი ჭურჭელი იყო მოთავსებული. აორთქლების პროცესის დასაჩქარებლად ჭურჭელს აცხელებდნენ.
არაექსპონირებულ ადგილებზე ვერცხლის ნარჩენების მოსაცილებლად და გამოსახულების გასამაგრებლად იყენებდნენ მარილის ხსნარს. მოგვიანებით ამ მიზნით დაიწყეს ნატრიუმის ტიოსულფატის გამოყენება.
დაგეროტიპი შედგებოდა ვერცხლის და ვერცხლისწყლის თხელი ფენით დაფარული ნაწილებისაგან და წარმოადგენდა პოზიტივს სარკისებურად შებრუნებულ გამოსახულებით. ასეთი სახით გამოსახულებას მხოლოდ ერთ ეგზემპლარად ღებულობდნენ, რაც დაგეროტიპიის ერთერთ მთავარ ნაკლად ითვლებოდა. ამის გარდა, აღსანიშნავია გამოსახულების მაღალი თვითღირებულება. მიუხედავად ამ ხარვეზებისა, დაგეროტიპიამ მალე მიიპყრო ყურადღება.
1840 წელს მეცნიერმა დ.ფ.გოდარმა შეძლო დაგეროტიპიური ფირფიტების შუქმგრძნობელობის მნიშვნელოვანი გაზრდა. გოდარი ფირფიტებს იოდისა და ბრომის ნაზავით ამუშავებდა, რამაც ექსპონირებისას შემცირა დაყოვნების დრო. დაყოვნების დროის შემცირებას გადასაღები ოპტიკის სრულყოფამაც შეუწყო ხელი. ასე რომ, 1840 წელს, ფოტოგრაფიის პირველი ხერხის ოფიციალური გამოცხადების შემდეგ, ვენის უნივერსიტეტის პროფესორის ი.პეცვალის მიერ დამუშავებული იქნა ფოტოგრაფიული ობიექტივების გამოთვლის მეთოდი. ამავე წელს მის მიერ გამოთვლილი იქნა პირველი პორტრეტული ობიექტივი, რომელიც შემდგომ აწყობილი იქნა ცნობილი გერმანელი ოპტიკოსის პ.ფ.ფოხტლენდერის მიერ.

არაგოს მოხსენებიდან ორ კვირაში მოვიდა წერილი ინგლისელი მეცნიერი უილიამ ჰენრი ფოქს ტოლბოტისაგან (სურათი 6), რომელიც ირწმუნებოდა, რომ ჯერ კიდევ 1833 წელს მიიღო ანაბეჭდები ვერცხლის მარილებზე და ითხოვდა, რომ სწორედ ის ეღიარებინათ ფოტოგრაფიის გამოგონების ავტორად.
ტოლბოტი პირველ ფოტოგრამებს იღებდა კამერა-ობსკურის გარეშე. ის ქაღალდის ფურცელს ასველებდა ლაპისში (ვერცხლის ნიტრატი), რის შემდეგაც მასზე ალაგებდა მცენარეების ფოთლებს და აკრავდა შუშაზე. ქაღალდი შავდებოდა მზის შუქის მოქმედების დროის პროპორციულად. ქაღალდზე ჩნდებოდა მცენარის ნეგატიური გამოსახულება. მოგვიანებით ტალბოტმა აღმოაჩინა, რომ მოკლე დროში შეიძლება უხილავი გამოსახულების მიღება და მისი მჟავაში გამჟღავნება. პოზიტივის მისაღებად ნეგატივს შუქმგრძნობიარე ქაღალდზე ათავსებდნენ და ამჟღავნებდნენ მზეზე. 1935 წელს
სურათი 6  
ტალბოტმა მიიღო შესანიშნავი ნეგატივი და თავისი სახლის ფოტოსურათი (დაყოვნების დრო 2 საათი იყო). სწორედ ტალბოტს ეკუთვნის ნეგატიურ-პოზიტიური ფოტოგრაფიული პროცესის იდეა (კალოტიპია), რომელიც დღესაც ფართოდ გამოიყენებოდა მთელს მსოფლიოში.
ამ მეთოდს ტალბოტმა ფოტოგრამული ხატვა უწოდა და ამის შესახებ იუწყებოდა სამეფო საზოგადოებისადმი თავის პირველ ოფიციალურ წერილში 1939 წლის 31 იანვარს.
1940 წელს დაგერსა და ტალბოტს შორის კონკურენცია გაჩაღდა. ტალბოტმა თავისი ცდების ნიმუშები წარადგინა ლონდონის სამეფო მეცნიერებათა აკადემიაში. დაგერმა კი პარიზის დეპუტატთა პალატის სასახლეში. მოიგო დაგერმა. კოლეგებმა ლონდონის აკადემიიდან აღიარეს, რომ “ტალბოტის ნახატები – ბავშვური გართობაა დაგეროტიპებთან შედარებით”. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ტალბოტის ერთადერთი სურათი კარგადაა ისტორიაში ცნობილი, როგორც პირველი მაღალი ხარისხის გამოსახულება.
სურათი 7
ამგვარად, ნისეფორ ნიეფსი, ლუი დაგერი და ფოქს ტალბოტი პირველ ადგილზე დგანან ფოტოგრაფიის გამოგონების საქმეში. ნიეფსმა მსოფლიოში პირველმა მიიღო გამოსახულება კამერა-ობსკურაში. დაგერმა ნიეფსის მეთოდებს ფართო პრაქტიკული გამოყენება მისცა. ტალბოტმა შექმნა ნეგატიურ-პოზიტიური (კალოტიპია) ფოტოპროცესი. დაგერისა და ტალბოტის პირველი პუბლიკაციების შემდეგ დაიწყო ბრძოლა ფოტოგრაფიის სრულყოფისათვის. თუ 1839 წელს დაგეროტიპია ერთპიროვნულად მეფობდა, უკვე რამდენიმე წლის შემდეგ მისი შევიწროვება კალოტიპიამ დაიწყო. ნიეფს დე სენტ-ვიქტორმა, ნისეფორ ნიეფსის ნათესავმა, პირველად გამოიყენა შუშის ნეგატივები. 1851 წელს ინგლისელმა სკოტ-არჩერმა ფოტოგრაფიის სველკოლოიდური პროცესი გამოიგონა. ამ პროცესის სერიოზული ნაკლოვანი მხარეების გამო (დაბალი შუქმგრძნობიარობა, ფოტომასალის სისველის აუცილებლობა) მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში მრავალგზის სცადეს კოლოდიუმის შეცვლა სხვა ნივთიერებით, კერძოდ - ჟელატინით. 1841 წელს ინჟინერმა პეტცვალმა გამოთვალა შუქისძალიანი ობიექტის კონსტრუქცია, რომელიც ბევრ თანამედროვე ოპტიკურ ხელსაწყოს უტოლდება. 1871 წელს ინგლისელმა მედოკსმა ჟელატინური ფოტოემულსიის გამოყენება შესთავაზა, რომელიც გადაღების საშუალებას იძლეოდა მშრალ, წინასწარ გამზადებულ ფირფიტებზე. მე-19 საუკუნის ბოლოს გერმანელმა მეცნიერის გერმან ფოგელის მიერ შემოთავაზებული ოპტიკური სენსიბილიზაციის გამოყენებით შესაძლებელი გახდა ექსპონირების დროის შემცირება, აამაღლა ზოგადი შუქმგრძნობელობა და საშუალება მისცა გადაეღოთ მოძრავი ობიექტები. ასევე მე-19 საუკუნის ბოლოს გამოგონებული იქნა პირველი ფოტოგრაფიული ფოტოჩამკეტები.

ამრიგად, მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის ფოტოტექნიკის ძირითადი სრულყოფა დამთავრებული იყო. კამერების ზომის შემცირებამ, ფირების გაუმჯობესებამ, ძლიერი შუქძალის ობიექტივების შექმნამ შესაძლებელი გახადა ფოტოგრაფია გადასულიყო ფერწერის და გრაფიკის მიმბაძველობიდან გამომსახველობის საკუთარი შესაძლებლობის და განვითარების საშუალებად.

თავფურცელი