ფოტოგრაფის ნამუშევრების ანალიზის მიხედვით მისი პიროვნების
ფსიქოლოგიური იდენტიფიკაცია
(ნაწილი I)

ალექსანდრე პაშისი

თარგმნა ნინო ილურიძემ

''როცა უცნობი მხატვრის ქმნილებას უმზერ, ნუ იჩქარებ დასკვნების
გაკეთებას, შესაძლებელია, შენს წინაშე თვით ვან გოგის ყურია''
ჯულიან შნაბელი, რეჟისორი

''ფოტოები – სახიფათო მრჩევლები არიან.
მათ ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლიათ''
ნორმან მეილერი, მწერალი


ფოტოების გადაღებისას, სასარგებლოა იცოდეთ გამოსახულების როგორი ტიპები არსებობს და რა დამოკიდებულებაში არიან ისინი ფოტოგრაფის პიროვნულ სტრუქტურასთან.

კ.გ.იუნგი 1921 წელს ადამიანში ოთხიდან ერთი ფსიქოლოგიური ფუნქციის (აზროვნება, შეგრძნება, გრძნობა, ინტუიცია) დომინირების საფუძველზე, გამოყოფდა პიროვნების რვა ფსიქოლოგიურ ტიპს:

1. ექსტრავერტულად მოაზროვნე;
2. ინტროვერტულად მოაზროვნე:
3. ექსტრავერტულად შემგრძნები;
4. ინტროვერტულად შემგრძნები;
5. ექსტრავერტულად მგრძნობიარე;
6. ინტროვერტულად მგრძობიარე;
7. ექსტრავერტულად ინტუიციური;
8. ინტროვერტულად ინტუიციური.

მოგვიანებით, გ.რიდმა ყველა არსებულ გამოსახულებათა ერთობლიობის ანალიზისას, იუნგის ფსიქოლოგიური ტიპოლოგიაზე დაყრდნობით, შეადგინა ამ გამოსახულებების კლასიფიკაცია შემდეგი სახეობების მიხედვით:

1. ჩამოთვლითი;
2. ორგანული;
3. ემფატიკური;
4. გაპტიკური;
5. დეკორატიული;
6. იმაჯინარული;
7. რითმული;
8. სტრუქტურული.

* (შენიშვნა: ექსტრავერტი – ადამიანი, რომლის ფსიქოლოგიური ხასიათი გამოიხატება გარე სამყაროს ინტერესებზე, გარე ობიეტებზე ორიენტაციით. ახასიათებთ მოქმედების იმპულსურობა, აქტიურობა, ინიციატივა, სოციალური ადაპტაცის უნარი და გახსნილი შინაგანი სამყარო.
ინტროვერტი - ადამიანი, რომლის სოციალურ-ფსიქოლოგიური წყობა ხასიათდება შინაგან სამყაროზე კონცენტრაციით, ჩაკეტილობით. თავიანთ ინტერესებს თვლიან ყველაზე მნიშვნელოვნად, აძლევენ მაღალ შეფასებას. ახასიათებთ სოციალური პასიურობა და თვითანალიზი.)

1. ჩამოთვლითი გამოსახულება (დამახასიათებელია ექსტრავერტულად მოაზროვნე ტიპისათვის) გვხვდება გამოკითხულთა 2%-ში. ის წარმოადგენს რამდენიმე ობიექტის, ნივთის ან ნიშნის გამოსახულებას, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ერთიანი სიუჟეტით და მათი გაერთიანება ერთ მთლიანობაში ძნელია. როგორ წესი, ეს არის მრავალფიგურული კომპოზიცია, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ობიექტების, დეტალებისა თუ ნივთების უბრალო ჩამონათვალს, ასე ვთქვათ “ოქმი” ანუ ფოტოგრაფია სამახსოვროდ.
ჩამოთვლითი ტიპის ფოტოები დამახასიათებელია გონებრივი ადამიანებისათვის, რომელთა მოღვაწეობა და საქმიანობა მოტივირებულია ფაქტებზე, საყოველთაოდ აღიარებულ იდეებზე, ტრადიციებზე, აღზრდაზე, განათლებაზე ორიენტაციით. თუ ასეთი ფოტოების ავტორი ამაღლებული პიროვნებაა, ისე შეიძლება იყოს რეფორმატორი, სიახლის მქადაგებელი, საზოგადო მბრალდებელი, ზნეობრივი განმწმენდი. მაგრამ თუ ავტორი შეზღუდული და ვიწრო ხედვის პიროვნებაა, როგორც წესი არის ბუზღუნა ან თვითკმაყოფილი კრიტიკოსი, რომელიც გარე სამყაროს კლასიფიკაციას თავისი უხეში სქემის ქვეშ აქცევს.
მოაზროვნე ექსტრავერტის გრძნობები დაქვემდებარებულია და მორგებულია გარკვეულ მოაზროვნე დანადგარზე. მისი კრედოა: “მიზანი ამართლებს საშუალებას”. რამდენადაც ასეთი ადამიანის აზრები (განსხვავებით მისი შეგრძნებებისა, გრძნობებისა და ინტუიციისა) ყოველთვის ერთნაირია და წააგავს შიმშილს, ასევე მისი ფოტოებიც ერთსახოვანია და ბრტყელი და გარკვეულწილად ყაზარმის ინვენტარიზაციის ოქმს მოგვაგონებენ.
გონება, ჯანსაღი აზრი ხელოვნებაში – ეს ის ტაქტიკური ხერხია, რომელიც ხელოვნების ძალის შემცირებისათვის გამოიყენება. საჭიროა ქმნიდე, ისე რომ არ ფიქრობდე. ფოტოგრაფია პირველი სიყვარულის მსგავსი უნდა იყოს, რომელსაც განიცდი, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცი, რომ ეს სიყვარულია. ფოტოგრაფიით იქამდე უნდა დაკავდე, სანამ ის ჯერ კიდევ არაა ფოტოგრაფია, როცა ის დამთქნარების დროს სიჩუმეს წააგავს.

2. ორგანული გამოსახულებები (ინტროვერტული მოაზროვნე ტიპი) გვხვდება გამოკითხულთა 30%-ში. ორგანული გამოსახულებები ხასიათდება ორგანულად ბუნებრივი ფორმებისათვის უპიტატესობის მინიჭებით. კომპოზიციაზე არის მთები, ხეები, ცხოველები, ყვავილები, მწერები. ეს შეიძლება იყოს ადამიანის პორტრეტი ეზოს, სახლების, ბუნების ფონზე ან ოჯახურ წრეში.
ინტროვერტულად მოაზროვნე ადამიანების შემოქმედება ორიენტირებულია სუბიექტურ ფაქტორზე. თავდაპირველად ისინი ახდენენ შინაგანი მზერით აღთქმული სიმბოლური სახის ფორმირებას. შემდეგ აგროვებენ ფაქტებს, როგორც თავისი სუბიექტური იდეის დასაბუთებას და განვრცობას. სიმბოლური სახის ტრანსფორმაცია, მისი სუბიექტური იდეის სახით გადმოცემა და განვრცობა წარმოადგენს მოაზროვნე ინტროვერტის ფუნდამენტალურ ფასეულობას. ასეთი ტიპის ადამიანს სურს ფაქტების ისეთი თანმიმდევრობით ხილვა, როგორი სახითაც ისინი ავსებენ მისი ორიგინალობაზე პრეტენზიის მქონე იდეის საზღვრებს. მოაზროვნე ინტროვერტისათვის ზოგჯერ დამახასიათებელია ნევრასთენიაში გადასული ეჭვიანობა, ასევე ანემია, როგორც მოწინააღმდეგესთან სასტიკი ბრძოლის შედეგი. მის გვერდით მყოფ ადამიანებს, რომლებიც მოაზროვნე ინტროვერტის ინტერესთა წრეში არ ხვდებიან, შეუძლიათ თავი იგრძნონ ზედმეტად ან უარყოფილად როგორც დაბრკოლება.

3. ემფათიკური გამოსახულება (ექსტრავერტულად შემგრძნები ან სენსორული ექსტრავერტი) გვხვდება გამოკითხულთა 3%-ში. ახასიათებთ შეგრძნებებისა და შთაბეჭდილებების უშუალო გამოხატვის გადმოცემისაკენ სწრაფვა (იმპრესიონიზმი, ექსპრესიონზმი). სენსორული ექსტრავერტი ყვავილების ფოტოგრაფირებისას აღბეჭდავს არ მის კონტურს, არამედ მის გარეშემო არსებულ სივრცეს და სიოს ან სიცარიელეს. სენსორული ექსტრავერტის ფოტოების ტიპიური სიუჟეტია ადამიანი გარე და ბუნების ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ. გამოსახულება, როგორც წესი ფერადოვანია, სავსეა ემოციური ფლუიდებითა და სურნელით. სიუჟეტის გარემომცველი გამოყენებული სივრცე ასეთ ფოტოებზე იძენს თავის ფორმას, ხოლო სიცარიელე იძენს მოხაზულობას და აზრს.
ექსტრავერტული სენსორებისათვის მთავარი – სიცოცხლის სისავსეა, მაქსიმალური ძალების შეგრძნების მიღებაა. დამახასიათებელია ხელოვნებისადმი ჰედონისტური მიდგომა, მთავარი ამოცანაა შემოქმედების პროცესისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაა. ამასთან ჭარბობს უშუალოდ ბუნებაში არსებული შესასწავლი ფორმით ტკბობა და არა ხელოვნურად დადგმული სიუჟეტით.
ასეთი ტიპის ადამიანებში შესუსტებულია ინტუიცია, რეფლექსია, ძალაუფლების ზრახვები. დამახასიათებელი ტიპებია: სიამოვნების მაძიებელი, რაფინირებული ესთეტი. ასეთი ადამიანები უმიზეზოდ ეჭვიანები არიან, იპყრობთ უსაფუძვლო შიშები, ფობიები, აკვიატებული სიმპტომები, დამახასიათებელია სხვადასხვა სახის ნევროზები. ინტელექტუალური გააზრება ასეთი ადამიანების მიერ მიიღწევა მხოლოდ აფექტური ზეწოლის შედეგად. განვითარებული აქვთ ფაქტის ობიექტური შეგრძნება, სწრაფვა სხვადასხვა სახის საქმიანობისაკენ რეფლექიისკენ მიდრეკილების გარეშე.
სენსორ-ექსტრავერტების ფოტოებზე შესაძლებელია იმდენად ვირტუოზულად იყოს ბუნების მდგომარეობა გადმოცემული, რომ “ისმოდეს მერცხლების ჟღურტული წვიმის წინ, როცა ისინი ფრთის ბოლოთი მიწას ჩიჩქნიან”

4. გაპტიკური გამოსახულებები (ინტროვერტულად შემგრძნები ტიპი ან სენსორული ინტროვერტი) გვხვდება გამოკითხულთა 2%-ში. გაპტიკური ტიპის ფოტოები თითქოს შიგნიდან წამოსული შეგრძნებების დასტურია, როგორც წესი წარმოადგენენ ემოციური მდგომარეობს პორტრეტებს: “ადამიანი ფიქრობს”, “ადამიანი იხსენებს სასიამოვნოს”, “თავის ტკივილი”, “ყურების წივილი” და ა.შ. ასეთი ფოტოების ტიპიური დასახელებებია: “სიცილი” (გამოსახულია გაცინებული ადამიანი გატეხილი თხილის მსგავსი თვალებით, ტუჩებით, მოხალული წაბლის ტკაცუნა ტუჩებით და გადამწიფებული ხილის მსგავსი ლოყებით), “რა საწყენია” (ბავშვი მსხვილი ცრემლებით თვალებზე), “გემრიელია” (ციყვი ჭამს) და ა.შ.
სენსორული ინტორვერტი ორიენტირებულია მოცემულ მომენტში მიმდინარე მოვლენებზე, ეყრდნობა შეგრძნებების სუბიექტურ ინტენსიობას. მაგალითად, უმნიშვნელო გაღიზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს არაპროპორციულად მაღალი ინტენსივობის რეაქცია და პირიქით. ასეთი ადამიანების მიდრეკილები არიან უცნაური, გაუთვალისწინებელი მოქმედებებისაკენ.
ასეთ ადამიანებში მხატვრული თვითგამოხატვის უნარი ვლინდება როგორც წესი ბანალური ნორმატივების ფორმების სახით. დამახასიათებელია არასაკმარისი ინტუიცია.

5. დეკორატიული გამოსახულებები (ექსტრავერტულად მგრძნობიარე ტიპი) გვხვდება გამოკითხულთა 9%-ში. ეს არის ორნამენტების, სამკაულების, სილამაზის, დეკორატიული ნატურმორტის გამოსახულება. ეს შეიძლება იყოს პორტრეტი ზედმეტად შელამაზებული სახით, ლამაზ ჩარჩოში, ყვავილებით და სხვა დეკორატიული ფორმებით. დეკორატიულ გამოსახულებებში დომინირებული ამოცანაა ფერების ეფექტურად გადმოცემა. ფერი გამოყენებულია არა საგნის გადმოსაცემად, არამედ მნახველში ემოციების აღსაძრავად. რაც უფრო მეტია ფერთა პალიტრა სურათზე, მით მეტად წარმოჩინდება მხატვრის პიროვნება.
მგრძნობიარე ექსტრავერტები უფრო მეტად გვხვდება ქალებში, რომლებიც ხელმძღვანელობენ გრძნობებით, საზოგადო ფასეულობებთან შეთანხმებით. ასეთ ადამიანებს არ შეუძლიან გაიაზრონ რას გრძნობენ. მათი გრძნობები ხშირად კარგავენ პირადულ ხასიათს საზოგადოდ მიღებულზე ორიენტაციის გამო.

6. იმაჯინარული გამოსახულებები (ინტროვერტულად მგრძნობიარე ტიპი) გვხვდება გამოკითხულთა 13%-ში. დამახასიათებელია თვითშემეცნებისაკენ მიდრეკილი შემოქმედი ადამიანებისათვის, მხატვრებისათვის. ასეთ ნამუშევრებში სიტუაცები და სიუჟეტები მოძიებულია არა რეალობიდან, არამედ წარმოადგენენ ფანტაზიისა და წარმოსახვის შედეგს.
მგრძნობიარე ინტროვენტისათვის დამახასიათებელია წარმოსახვის ორიგინალობა. რეალობა მხოლოდ ბიძგია შემოქმედებისაკენ. ყველაფერი აღთქმულის გარდასახვა ხდება ემოციური მდგომარეობისა და პირადი დამოკიდებულების საშუალებით. მაღალინტენსიურია შინაგანი მგრძნობელობის სიღრმე და ნაკლებად გასაგებია მის გარშემო მყოფი ადამიანებისათვის. ძნელად შედის კონტაქტში ხალხთან ან ამისათვის პრიმიტიულ ნიღაბს იყენებს. ღმერთის ძირითადი იდეები, თავისუფლება, მარადისობა მისი ფასეულობებია. ამ იდეებს მგრძნობიარე ინტროვერტი ემოციურ ფონზე უფრო ღრმად და ძლიერად შეიგრძნობს. ასეთი ადამიანი რეალობაში სიზმრის ხედვას განაგრძობს, ხოლო რეალობას კი ძილში გაიაზრებს. ასეთი თვისება აუცილებელია ხელოვნებაში არსებობისათვის. თითოეული ჩვენთაგანი დაძინებისას და გაღვიძებისას ღვთიურ მუსიკას ვუსმენთ, მაგრამ მხოლოდ ის, ვინც ახერხებს ამ მუსიკის ჩაწერას, ისაა კომპოზოტორი. ის ცხოვრობს თვალის დონეზე ვარსკვლავებსა და ატომებს შორის.
ინტროვენტულად მგრძნობიარე ტიპების შემოქმედება არც ისე უსარგებლო და უაზროა, როგორც შეიძლება პირველი შეხედვით მოგვეჩვენოს, რადგან ისინი წარმოადგნენ მითის, კოლექტიური ქვეცნობიერის შემქმნელებად. მითი – საკმაოდ მძლავრი გამოვლინებაა მასობრივი კომუნიკაციების სხვა პროდუქტებთან შედარებით. ცნობილია, რომ დროის დინება სიმართლეს უფრო დიდ ზიანს აყენებს, ვიდრე გამონაგონს. პირადი ემოციური პოზიცია თამაშობს დიდ როლს, რადგან მართალია არა ის, ვინც იცის, არამედ ის ვინც დარწმუნებულია, რომ მისი ტყუილი სიმართლეა.
ზედმეტი ეგოცენტრიზმის შემთხვევაში მგრძნობიარე ინტროვერტი საზოგადოებაში ნაკლებსიმპატიურია. როგორც წესი, ის სიტყვაძუნწია, ძნელად გასაგები, გაუთვალისწინებელი, ეჭვი უჩნდება სხვის ყველაშესაძლო სიმდაბლეებში, ბოროტის ჩაფიქრებაში, ინტრიგაში.

7. რიტმული გამოსახულებები (ექსტრავერტულად ინტუიციური ტიპი) გვხვდება გამოკითხულთა 21%-ში. დამახასიათებელია აქტიური ცხოვრებისეული პოზიციის მქონე შემოქმედი ადამიანებისათვის, მხატვრებისათვის. რიტმული გამოსახულებები შედგება მოძრავი ობიექტებისაგან, სავსეა თავად მოძრაობით (სირბილი, ფრენა, დინამიკა, კიბეებზე სირბილი და ა.შ.). რიტმული ტიპის კომპოზიციები მეტნაკლებად ადეკვატურია გამოსახულების მიღების ფოტოგრაფიული ხერხისა, რადგან ისინი საშუალებას იძლევიან წარმოაჩინონ უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებიც დამახასიათებელია მხოლოდ ფოტოგრაფიისათვის. რიტმულ კომპოზიციებში მხატვარს აქვს საშუალება სრულად გახსნას თავისი თავი როგორც წამიერის დაჭერის ოსტატმა, როგორც ფოტოგრაფმა.
ასეთი ადამიანების ფიქრი, შეგრძნება, გრძნობა დაქვემდებარებულია ინტუიციაზე - საშუალება რომელიც ავტომატურად იწყებს მოქმედებას, როცა არც ერთ სხვა ფუნქციას არ შეუძლია გამოსავლის პოვნა რთულ სიტუაციაში.
ინტუიციურ ექსტრავერტს აქვს ალღო იგრძნოს ის, რაც ჩაისახება და აქვს მომავალი, განჭვრეტს ახალ შესაძლებლობებს, პერსპექტივებს. ნაკლებად უწევს ანგარიშს გარე სამყაროში თავის კეთილდღეობას. გარშემომყოფების ფიზიკური მდგომარეობა, ისევე როგორც მისი საკუთარი, არ წარმოადგენს საკმაო არგუმენტს. აქვს თავისი მორალი, რომელიც განსხვავდება საზოგადოდ მიღებულისგან. ზოგიერთი ობიექტები იძენენ გადაჭარბებულ მნიშვნელობას, სანამ არსებობს მათი საჭიროება გარკვეული სიტუაციის გადასაჭრელად. ამის შემდგომ ისინი მისთვის კარგავენ ამ თვისებას და იგნორირებული ხდებიან როგორც ზედმეტი.
ინტუიციურ ექსტრავერტი ეუფლება იმ პროფესიებს, რომლებიც საშუალებას იძლევიან განავითარონ მისი შესაძლებლობები. ის ცდილობს მეტის მიღწევას. ახასიათებს გამახვილებული მგრძნობელობა, მაგრამ ენერგიის სწრაფი ამოწურვა. იუნგის გამონათქვამით ინტუიციურ ექსტრავერტები “თესენ, მაგრამ არ იმკიან”.

8. სტრუქტურული გამოსახულებები (ინტროვერტულად ინტუიციური ტიპი) გვხვდება გამოკითხულთა 19%-ში. ახასიათებთ რაიმე მთლიანის, მისი სტრუქტურის ან სრული მექანიზმის გადმოცემა. პრაქტიკაში ასეთი გამოსახულებები წარმოადგენენ “ჭკვიან”, გააზრებულ ნატურმორტებს (განსხვავებით “ლამაზი”, დეკორატიული ნატურმორტებისა), რომელთა ყველა დეტალები გაერთიანებულია მთლიანობაში (მაგალითად, მაღვიძარა ყველა მისი ატრიბუტით) ან პანორამული პეიზაჟები (მაგალითად, ქალაქის მოედანი ჩიტის ფრენის სიმაღლიდან). თუ ასეთი ფოტოგრაფი იღებს პორტრეტს, ასეთი ფოტო მხოლოდ ადამიანის სახის ფიქსაციაა “ისეთი როგორიც არის” – დოკუმენტული კადრი ემოციების გარეშე.
ასეთი ადამიანების ინტუიცია მიმართულია შინაგან სუბიექტურ სახეებზე. ეს ერთი მხრივ მისტიკოსის, მეოცნების ტიპია, მეორე მხრივ ფანტაზიორისა და მხატვრის. ფანჯრის ჩარჩო ინტიუიციური ინტროვერტისთვის შეიძლება სამყაროს მოწყობის გარკვეულ მოდელს წარმოადგენდეს. ამასთან, ფანჯრის ჩარჩოს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ნაწილები გადაკვეთენ სივრცით და დროით მარადისობას, ხოლო მარადისობების გადაკვეთის ადგილი დროის მოცემულ მონაკვეთში აღნიშნულია ფანჯრის სახელურით. იმ გზაჯვარედინზე, სადაც დრო და მარადისობა გადაიკვეთება, დრო წამიერად ჩერდება და ეს წამი წარმოადგენს ამ მომენტში რეალობას.
ინტუიციის სიღრმე ხშირად იწვევს არებული რეალობისგან დაშორებას, ადამიანი შეიძლება თავისი ახლობლებისათვის გამოცანად იქცეს. ასეთი ადამიანის შემოქმედებაში ერთდროულად არსებობს როგორც მნიშვნელოვანი, ასევე ბანალური, ლამაზი და უგემოვნო, ამაღლებული და ახირებული. საზოგადოებაში ასეთი ადამიანი თავის თავზე იღებს არაღიარებულ გენიოსის, ნახევრადსულელი ბრძენის ან ფსიქოლოგიური რომანების გმირის როლს.

ბოლოს ავღნიშნავთ, რომ ზევით მოყვანილი კორელაციებს ფოტოგამოსახულების ტიპებს შორის და ფოტოგრაფის პიროვნულ ფსიქოლოგიურ სტრუქტურასთან, ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ფოტოები შესრულებულია რაიმე მითითებების ან სხვისი მხრიდან ზემოქმედების გარეშე, ანუ ისინი უნდა იყვნენ თავისუფალი, სპონტანური, უსაქმურობის დროს შექმნილი, სხვა სამუშაოსგან ყურადღების გადატანის დროს.

მოცემულ სტატიაში გამოყენებულია ე.ს.რომანოვის, ო.ფ.პოტიომკინის გრაფიკული გამოკვლევების მასალები და მილორად პავიჩის მეტაფორები.

 


 

კომპოზიციის რაციონალური ანალიზის ასპექტები
ფოტოგრაფის ნამუშევრების ანალიზის მიხედვით მისი პიროვნების
ფსიქოლოგიური იდენტიფიკაცია
(ნაწილი II)

ალექსანდრე პაშისი

თარგმნა ნინო ილურიძემ

''ელვის სხივით გაპობილი ორი სიბნელეც კი არ ჰგავს ერთმანეთს,
მით უმეტეს არ ჰგვანან ერთმანეთს ადამიანები.
მილორად პავიჩი - “ჩაით დახატული პეიზაჟი”

''ადამიანი ხახვის თავს ჰგავს. ყოველ ნაფცქვენს მომდევნო მოსდევს.
სანამ ბოლომდე ჩახვალ, შენ თვითონაც არ იცი რას ელოდები.
შუაგულს რომ მიაღწევ, დარწმუნდები, რომ იქ არც არაფერია,
სრულებით არაფერი დაღვრილი ცრემლების მეტი.
მილორად პავიჩი - რომანი “კროსვორდების მოყვარულთათვის”


მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ნებისმიერი გამოსახულება, რომელიც მიღებულია სპონტანურად, დაფიქრების გარეშე, აქვს ავტოპორტრეტული ტენდენცია. ის საშუალებას იძლევა სავსებით კორექტულად დავახასიათოთ ფოტოგრაფი, გამოვავლინოთ მისი წარსული და მომავალი ფსიქოლოგიური კონფლიქტები, არასრულფასოვნების კომპლექსები, ბავშვობის ტრავმები და სხვა ფაქტორები, რომლებიც მის დღევანდელ პიროვნულ სტრუქტურაში ვლინდება.
ე.ჟიუკერის, ჟ.შლიბეს (1934წ.), პ.ბურის, ჯ.ბუკის (1948წ.) გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ დომინირებული, სიუჟეტის მთავარი ობიექტის მდგომარეობა სურათზე შემდეგს ასახავს:

- ობიექტის მკვეთრად მარცხენა მხარეს განლაგება მეტყველებს იმაზე, რომ ფოტოგრაფი მიჯაჭვულია წარსულთან, ყველაფერთან რაც დედის სახებასთანაა დაკავშირებული.
- სიუჟეტურ-კომპოზიციური ცენტრის მარცხენა პოზიცია გეომეტრიული ცენტრისკენ ტენდენციით, გვიჩვენებს მფარველობის ამბივალენტურ სურვილზე და დამოუკიდებლობას მფარველობის ფარგლებში.
- ცენტრალური პოზიცია მარჯვენა ნაწილისკენ ტენდენციით – თანხმობის პოვნის მოთხოვნილება, გაწონასწორებულობა საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან.
- ზუსტად ცენტრალური პოზიცია – სწრაფვა პირადი მოტივების და თვისებების პედანტური სისტემატიზაციისაკენ.
- მარჯვენა პოზიცია – ავტორიტეტზე დაყრდნობის სურვილი.
- ზედა პოზიცია – არასტაბილურობა და თვითკონტროლის ძიება.
- პოზიცია კადრის ქვედა ნაწილში – მარტოობის გრძნობა, დეპრესია, სტრესული მდგომარეობა. შესაძლებელია უსაფუძვლო თვითბრალდებები და საკუთარი არასაჭიროების შეგრძნება.
- დეტალი, რომელიც იზოლირებულია კადრის დანარჩენ გამოსახულებისგან (მაგ: ხის ტოტი) გვიჩვენებს სწრაფვას გარკვეული წესის მიხედვით მოქმედებისკენ, სხვასთან მსგავსების სურვილს.
- თუ დეტალები გაერთიანებული რამდენიმე სერიაში – ტენდენცია საქმიანობის სისტემატიზაციისაკენ.

კადრში სიუჟეტის მთავარი ობიექტის სიმაღლე მეტყველებს შემდეგზე:

- ობიექტი იკავებს კადრის 1/4-ზე ნაკლებს – საკუთარი თავის უნდობლობა, დამოკიდებულება, შესაძლებელია ოცნებები ყოვლისშემძლეობაზე.
- ობიექტი იკავებს კადრის 1/2-ზე ნაკლებს – დამოკიდებულება და მორიდებულება ნაკლებად შესამჩნევია, ვიდრე წინა შემთხვევაში.
- ობიექტის სიმაღლე შეადგენს კადრის დაახლოებით 3/4-ს – გარემოსთან კარგი ადაპტაცია.
- ობიექტის ზომები კადრის სიმაღლეს აჭარბებს – სურვილი იყო შემჩნეული, მნიშვნელოვანი სხვებისთვის, თვითდამკვიდრება და თვითრეალიზება.
- კადრში სხვადასხვა სიმაღლეზე ორი ერთმანეთის მსგავსი მთავარი ობიექტის არსებობა – ფოტოგრაფის სწრაფვა თვითდამკვიდრებისაკენ და იმავდროულად სურვილი დარჩეს შეუჩნეველი, ხასიათის ამბივალენტურობა.

ჯ.ბუკმა და რ.ბერნსმა გამოაქვეყნეს ასევე სხვა დამოკიდებულებები გამოსახულებისა და მისი ავტორის პიროვნულ ფსიქოლოგიურ თვისებებს შორის:

- სიუჟეტის ჰორიზონტალურ განზომილებაში განლაგება მეტყველებს აწმყოში ცუდ ორიენტაციაზე, ფსიქიკაში წარსულის და მომავლის დამთრგუნველი სიჭარბეზე.
- აქცენტირებული ვერტიკალური განზომილება კადრში – სწრაფვა ფანტაზიებში კმაყოფილების მიღწევისა, არასაკმარისი კონტაქტები რეალობასთან.
- კადრში მზის დისკოს გამოსახულება ავტორიტარული ფიგურის სიმბოლოა.
- სიუჟეტში მარჯვენა ნაწილის დომინირება – მთავარ ორიენტირს მომავალი და ინტელექტი წარმოადგენს.
- სიუჟეტი მარცხენა ნაწილის დატვირთვით – ავტორის ორიენტირება წარსულსა და ემოციურზე.
- თუ მთავარი ობიექტი კადრის მარცხენა ნაპირზეა განლაგებული – წარსულზე ფიქსაცია და მომავლის შიში, მოჭარბებული ემოციური განცდები.
- თუ მთავარი ობიექტი კადრის მარჯვენა ნაპირზეა განლაგებული – სურვილი მომავალში გაქცევისა, რათა გათავისუფლდეს წარსულისაგან.
- სიუჟეტის კადრის ზედა ნაწილში განლაგება – იმ ფიქრებითა და ფანტაზიებით ტკბობა, რომელსაც სუბიექტი არ განიცდის რეალურ ცხოვრებაში.
- სიუჟეტის კადრის ქვედა ნაწილში განლაგება – პრაქტიკულ და რუტინულ ამოცანებზე ორიენტაცია.
- გამოსახულებაში წრფივი კონტურების სიჭარბე მეტყველებს ხასიათის მოუქნელობაზე.

კ.კოხის კვლევების მიხედვით, პეიზაჟში მარცხნიდან მარჯვნივ მცირედ წამოწეული ჰორიზონტის ხაზი მიგვანიშნებს პიროვნების მნიშვნელოვან ემოციურ პოტენციალზე, ენთუზიაზმზე.

- თუ ჰორიზონტის დონე კადრის მარჯვენა მხარესაა დაშვებული, ეს ძალების დაქვეითებასა და არასაკმარის მიზანსწრაფვაზე მეტყველებს.
- ხეების ფესვების და ღეროს ფუძეების გამოსახვა - ცნობისმოყვარეობა და დამალულის, დაფარულის ნახის სურვილია.
- ფოტოებზე ხის ვარჯების, ქვევიდან წაკვეთილი ღეროების სიმრავლე - არაპრაქტიკულობა, რეალური პრობლემებისაგან გაქცევა და ფანტაზიის უნარი.
- სიმეტრიული კომპოზიციური გამოსახულება – თანხმობა გარე სამყაროსთან, აგრესიის დაოკება, შესაძლებელია ხასიათის ამბივალენტურობა.

პ.ბერნსი და ჯ.ბუკმა აღმოაჩინეს ავტორის პიროვნებისათვის დამახაიათებელი ადამიანის გამოსახულების თავისებურებები:

თავი, სახე:
- ადამიანის გამოსახულება, როცა ძირითადი აქცენტის გაკეთებულია თავზე, მოწმობს ფოტოგრაფის ინტელექტუალურ პრეტენზიებზე.
- პორტრეტში თავის ზუსტად კადრის გეომეტრიულ ცენტრში განლაგება სხეულის, ფიგურის საზარალოდ, რის გამოც ზედა ნაწილში ბევრი სივრცე, ცარიელი ადგილი რჩება - სახოვანი წარმოსახვის ნაკლებობა, ლოგიკის სიჭარბე გრძნობებთან, შეგრძნებებთან, ინტუიციასთან შედარებით. წინასწარ განსაზღვრული სქემით მოქმედება, ახლად შექმნილი გარემოებების გაუთვალისწინებლად.
- ვერტიკალური ხაზიდან შესამჩნევად გადახრილი პორტრეტების შექმნის ტენდენცია – მოწმობს ფოტოგრაფის უხალისო ბუნებაზე, არასაკმარის კონტაქტურობაზე.
- თავის არასაკმარისი გამომსახველობა, რის გამოც ადამიანის ფიგურა “მცირე თავიანის” შთაბეჭდილებას ტოვებს – ინტელექტუალური ან სოციალური არაადეკვატურობა.
- სურვილი თავის ისეთი ფორმით გამოსახვისა, რომ ჩანდეს კეფა, მიდრეკილება ჩაკეტილობისაკენ.
- არაემოციური სახის აღბეჭდვა (სახე-ნიღაბი) – სიფრთხილე, გულჩათხრობილობა, გაუცხოება.
- დიდი რაოდენობის პორტრეტები სახეზე დაძაბული ან კომიკური მიმიკით – ცხოვრებისეული სიტუაციების თეატრალიზება ან შინაგანი ფსიქოლოგიური კომპლექსების შევიწროვება სიტუაციის გამწვავების საშუალებით.
- “დიდთვალება” ან “დიდყურება” პორტრეტების გადაღება – ფოტოგრაფის ეჭვიანი ან ჰიპერმგრძნობიარე ხასიათი, საზოგადოებრივი აზრის, კრიტიკის გავლენა.
- პორტრეტები “პატარა” თვალებით – თვითშთანთქმა, თვითჩაღრმავება, ტენდენცია ინტროევრსიისაკენ.
- პორტრეტები მზერის გარეშე ან ნაკლებად გამომსახველი, “უსასრულოვაზე ფოკუსირებული” თვალებით – მოწმობს ფოტოგრაფის ინერციულ, “დამუხრუჭებულ” ხასიათზე ან ძლიერი შინაგანი მოქმედენის დროს სიტუაციის კონტროლის ქვეშ აყვანის უუნარობა.
- მზერა “საკუთარ თავში” – სუბიექტის გარშემომყოფი ადამიანებისაგან აღთქმის არაადეკვატურობის შეგრძნება.
- გადაღების პროცესში შექმნილი ბევრი “თვალდახამხამებული” პორტრეტი – არასაკმარისი ფსიქოლოგიური სინქრონიზაცია ფოტოგრაფსა და ობიექტს შორის.
- აქცენტი ცხვირზე – სექსუალური საზრუნავი.
- პორტრეტები აქცენტირებული ნესტოებით – მიდრეკილება პრიმიტიული აგრესიისაკენ.
- ნიკაპის გამოყოფა – ურთიერთობებში უპიტატესობის მოპოვებისაკენ სწრაფვა.
- პორტრეტზე ტუჩების გამოყოფა – აქცენტირება ავტორის მეტყველების პრობლემეზე, ან მგრძნობელობა, კონტაქტურობა.
- არასაკმარისად გამოხატული “პატარა” პირი – ნიშანია დეპრესიის, ან უხალისო ურთიერთიერთობების.

ხელები, თითები:
- პორტრეტები შებოჭილი ხელებით – უხეში ხასიათი, არასაკმარისად კონტაქტური ავტორი.
- ჩამოშვებული, სუსტი, მოდუნებული ხელები – არაეფექტურობა, ფსიქოლოგიური ან ფიზიკური სისუსტე.
- “გრძელხელება” პორტრეტები – ნაკლებად ამბიციურობა, არაადეკვატურობა.
- აქცენტი ხელებზე – ინტენსიური სწრაფვა მოქმედებისაკენ.
- ხელები, რომლებიც თითქოსდა ტანის გარეშე არსებობენ – მოქმედებები და საქმიანობა, რომელიც სუბიექტის კონტროლს არ ექვემდებარება.
- მკერდზე გადაჯვარედინებული ხელები – ეჭვიანი და მტრული განწყობა.
- ზურგსუკან დაწყობილი ხელები – კომპრომისზე წაუსვლელობა ან მიდრეკილება აკონტროლოს აგრესიული მტრული მიდრეკილებების გამოვლენა.
- მოქნილი ხელების გამოსახულება – კარგი შეთვისება ადამიანებთან ურთიერთობებში.
- სხეულთან მიკრული ხელები – დაძაბული, მოუქნელი, უხეში, ხასიათი.
- სწრაფვა ხელების წინა პლანზე გამოსახვისაკენ – სურვილი სოციალურ ურთიერთობებში კარგი შემგუებლობისაკენ, უხეშობის, უგულობის დაძლევისაკენ.
- კადრს გარეთ გასული თითები – აგრესიის, უხეშობის განდევნა.
- მუშტად შეკრული თითები – პროტესტი, ამბოხი.

ფეხი, ტერფი:
- არაპროპორციულად გრძელი ფეხების გამოსახვა – ძლიერი სურვილი დამოუკიდებლობისაკენ და მისკენ სწრაფვა.
- ტერფების აქცენტირება, არაპროპორციულად დიდი ფეხები – უსაფრთხოების მოთხოვნილება ან მიდრეკილება მოუქნელობისაკენ, სიუხეშისაკენ. ვაჟკაცობის დემონსტრირება.
- მოკლე ფეხები – ფსიქოლოგიური ან ფიზიკური მოუქნელობის შეგრძნება.
- “უფეხო” გამოსახულებების სიმრავლე – სიტუაციის მთლიანად ფლობის უუნარობა, სუსტი რეფლექსები და არასაკმარისი ინტუიცია ან არასტაბილური ხასიათი, ფსიქოლოგიური საყრდების არარსებობა.

ფიგურა:
- მხრების ხაზგასმა – დემონსტრაციული მოქმედება ან ხელისუფლების მოთხოვნილება.
- ადამიანის გამოსახულება – სახე პროფილში, სხეული ანფასშუ – სოციალური გარემო იწვევს განგაშის გრძნობას ან ურთიერთობების მოთხოვნილება.
- ადამიანი გვერდიდან (აბსოლუტური პროფილი) – სწრაფვა განმარტოებისაკენ, ჩაკეტილობა, ოპოზიცია.
- მოკუზული, მოხრილი ფიგურების ფოტოგრაფირება – აშკარად მტრული დამოკიდებულება ქალებისადმი.
- ფიკურების კარიკატურული სახით გადაღება – მოზარდობის ასაკის პერიოდის არასრულფასოვნების და გაუცხოების (თვითგმობის) განცდა.
- მოძრავი ფიგურების გამოსახვა – კარგი შემგუებლობა, ლაბილური ხასიათი.
- თუ ფიგურა კომპოზიციის კიდეზეა განლაგებული – ფოტოგრაფის თვითდაურწმუნებული, არადამოუკიდებელი ხასიათი, მისი დამოკიდებულება სხვა ადამიანთა აზრზე.
- პორტრეტის გარემოს არასაკმარისი დეტალიზაცია – ნეიტრალური ან არამკვეთრ ფონზე გადაღება – ტენდენცია ჩაკეტილობისა და არაკომუნიკაბელობისაკენ.
- პორტრეტის გარემოს დაწვრილებითი დეტალიზაცია – პუნქტუალობის, მეტისმეტად მოწესრიგებული ხასიათი ან თვითგამოხატვის შეზღუდვა.

სხვა აღნიშნვნები:
- ფოტოების ხასიათი ცალკეული გადაღების დასაწყისსა და დასასრულში ასახავს გადაღების პროცესში ადამიანში ფსიქიკის ენერგეტიკის დონის ცვლილებას, იძლევა ინფორმაციას ფსიქიკის არამდგრადომაზე, რაც ურთიერთდამოკიდებულებაშია ცხოვრების ეტაპების დასაწყისსა და ბოლოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესების ხასიათთან.
- მიდრეკილება ავტოპორტრეტების შექმნისაკენ, როგორც წესი ურთიერთდამოკიდებულებაშია ფოტოგრაფიის შემოქმედებითი პოტენციალის სიდიდესთან.
- ფოტოებისათვის სახელების მინიჭების სურვილი ან თანადგომის მიღების სურვილი ან მეწვრილმანეობის, ან ექსტრავერსიისაკენ სწრაფვა.

 

 

თავფურცელი