ვადიმ ონიშჩენკო, აფრიკული ფოტოსაფარი –
ექსტრიმი, სპორტი, ხელოვნება თუ თავისებური მეცნიერება

  ესაუბრა ნინო ილურიძე
აფრიკის კონტინენტი ყოველთვის ითვლებოდა ეგზოტიკურ ქვეყნად, სადაც საუკუნეების მანძილზე არა ერთ ექსპედიციას უცდია ბედი აფრიკის გაუვალი და მოულოდნელობით სავსე ტერიტორიების შესასწავლად. ასოციაციები ამ კონტინენტის მიმართ არაერთგვაროვანია – აფრიკა ცხელი და პაპანაქება უდაბნოებია, აფრიკა სიღარიბე და ჩამორჩენილი სამყარო და შავკანიანი ტომებია, აფრიკა ველური ეგზოტიკური ბუნებაა, უზარმაზარ სივრცეებზე გადაჭიმული ტერიტორიები, სადაც ცივილიზაციის დაუნდობელი ხელი არ ჩარეულა და ბუნება კიდევ ინარჩუნებს პირველყოფილ ველურ სილამაზეს. აფრიკის მიმართ ინტერესი დღესაც არ შენელებულა. არა ერთი ექსპედიცია თუ ტურისტული კრუიზები ეწყობა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს, საკუთარი თვალით იხილოს წიგნებსა თუ სხვადასხვა ლიტერატურაში ამოკითხული ეგზოტიკა, თავად გახდეს ხიფათით სავსე თავგადასავლების მონაწილე, რადგან აფრიკის ტერიტორიები ჯერ ისევ დაუმორჩილებელი ველური ბუნების ოაზისია.ფოტოტექნიკის განვითარებამ, რომელმაც ფოტოგრაფს მაქსიმალური შემოქმედებითი თავისუფლება მიანიჭა, შესაძლებელი გახადა საჭირო აპარატურასთან ერთად მოგზაურობა, ველურ პირობებში მაღალი ხარისხის ფოტოების მიღება, შედეგად კი აფრიკაში წამსვლელ მამაც ფოტომოყვარულთა თუ პროფესიონალთა რიცხვმა იმატა. ზოგს იღბალი უმართლებდა, რეალური საფრთხის... მძიმე კლიმატური პირობების, არაპროგნოზირებად ადგილობრივ შავკანიან მოსახლეობასთან შეხვედრის მიუხედავად მშვენიერი ნადავლით ბრუნდებოდა – მათი კოლექცია ულამაზესი
ეგზოტიკური ბუნების და აფრიკელი მოსახლეობის ყოფის ამსახველი გასაოცარი სურათებით მდიდრდებოდა. ყოფილა სავალალოდ დასრულებული შემთხვევებიც, ტრაგიკულად შეწყვეტილი ტურები, უგზოუკვლოდ დაკარგული ტურისტები. აფრიკაში ჩამსვლელებს მკაცრი უსაფრთხოების ზომების შესრულება უწევთ, ბანაკში უნდა დაბრუნება დაბინდებამდეა სავალდებულო, უნდა მოერიდონ ადგილობრივ ტომებთან ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტში მცირე ხანში ყველა კარი ავტომატურად იკეტება, ჩასხდომისთანავე თავად დაუყოვნებლივ მოახდინონ კარის ბლოკირება, გადაღება კი რაც შეიძლება მცირე, ასანთის კოლოფის ზომის აპარატით მოახდინონ, დიდობიექტივიანი კამერები კი ქალაქისა და არქიტექტურის გადასაღებად გადაინახონ.
სწორედ ასეთ პირობებში მოგზაურობს ვადიმ ონიშჩენკო. 2004 წელს, პირველი აფრიკული ფოტოსაფარის შემდეგ, აფრიკა თავისი ულამაზესი და მომაჯადოებელი ადგილებით მის სიყვარულად იქცა. აზარტული ახალგაზრდა ფოტოგრაფი ზოგჯერ იცავს წესებს, ზოგჯერ კი ინსტრუქტაჟის უხეში დარღვევა უწევს, განსაკუთრებით, რაც აპარატურის ზომებს და მოცულობას ეხება.
ვადიმი ონიშჩენკო 28 წლისაა. ის ოდესაში დაიბადა, ბოლო 15 წელია, ცხოვრობს და მუშაობს თელ-ავივში. განათლებით გრაფიკოსი და დიზაინერია, ფოტოგრაფიით კი სერიოზულად 2000 წლიდან დაკავდა. მისი ულამაზესი ფოტოკოლექცია უკვე ასი ათასს გადასცდა – ულამაზესი ფრინველები, მტაცებელი ძუძუმწოვრები, ეგზოტიკური მწერები, რეპტილიები, ცოცხალი ბუნება, ყვავილები და მცენარეები, შავკანიანი ტომების ყოფა – ეს ყველაფერი აფრიკული ფოტოსაფარის ნადავლია.
ბოლო პერიოდში ვადიმი ფოტომონადირეთათვის საიტის შექმნითაა დაკავებული, რომელზეც ფოტოგრაფი ანიმალისტებისთვის მრავალი ინფორმაცია განთავსდება – ფორუმი, ფოტომოწყობილობის მიმოხილვა, სტატიები გადაღების ტექნიკაზე და ა.შ. საიტი მუშაობას 2007 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს. 2005 წელს შექმნა ისრაელის ფოტოგრაფების საიტი: http://www.photolight.co.il
მუშაობდა ისრაელის, რუსეთის, ევროპის და აშშ-ს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, სადაც განახორციელა

პროექტები ველურ ბუნებაში ფოტოგადაღებების სფეროში. მისი ფოტოები გამოქვეყნებული იყო სხვადასხვა ჟურნალებში.
ვადიმი ასევე აწყობს მასტერკლასებს, დამოუკიდებლად უკეთებს ორგანიზებას ფოტოსაფარის ჩვენი პლანეტის ყველაზე საინტერესო ადგილებში, სადაც ასწავლის ფოტომოყვარულებს ფოტოგრაფიას, უზიარებს გამოცდილებას, როგორ გადაიღოს ველური ცხოველები მათი არსებობის ბუნებრივ პირობებში. მორიგი ფოტოსაფარი 2007 წლის აგვისტოში აქვს დაგეგმილი.
ცხოველების და ფრინველების გადაღებისას ვადიმი არასოდეს მიმართავს ფოტოგრაფიის მიღების ისეთ მაცდურ ხერხებს, როგორიცაა გადაღება ზოოპარკში ან დატყვევებული ცხოველების გადაღება. ის ასევე არ იყენებს ციფრული მანიპულაციის საშუალებებს და ცხოველებს მხოლოდ ველური ბუნების პირობებში იღებს. სასურველი კადრის მისაღებად ვადიმი თავშესაფარს ამზადებს, სადაც შეუძლია, თავისი “ფოტომოდელს” საათობით ელოდოს.
აღსანიშნავია, რომ ვადიმ ონიშჩენკოს ფოტო “მდინარე მარუს ფორსირება”, რომელიც მდინარე მარაზე ანტილოპების მიგრაციის უჩვეულო სანახაობას ასახვას, 2007 წლის სრულიად რუსეთის ცოცხალი ბუნების ფოტოკონკურსის “ოქროს კუს” გამარჯვებული გახდა “ცხოველების” კატეგორიაში.

აი, რას გვიამბობს თავად ვადიმი:

რას წარმოადგენს ფოტოსაფარი?

- ჩემი აზრით, ეს გახლავთ ველური ცხოველების გადაღება მათი ბუნებრივი არსებობის პირობებში. ფოტოზე ასახული ყველა ცხოველი აუცილებლად თავისუფალი და მშიერი უნდა იყოს, როგორც ეს ჩვეულ პირობებში არის ხოლმე.

რატომ მოექცა მაინცდამაინც აფრიკა თქვენი ინტერესის სფეროში?

- აფრიკის კონტინენტი ჯერჯერობით ყველაზე აუთვისებელ და ველურ ნაწილად რჩება მსოფლიოში. იქ ჩვეულებრივ, თანამედროვე ცივილიზაციას მიჩვეული ადამიანისათვის უამრავი ეგზოტიკური და საინტერესო რამეა, გვხვდება უამრავი სხვადასხვა სახეობის ცხოველი და ფრინველი, ასევე გასაოცარია თავად ადგილობრივი აფრიკული ტომების კულტურა. ჩემი მიზანია აფრიკის ყველა ქვეყნის მონახულება და იქ არსებული ფლორის და ფაუნის ფოტოგრაფირება.

აფრიკის რომელი ქვეყნების მონახულება მოასწარით და თუ გეგმავთ აფრიკის გარდა სხვა კონტინენტების აუთვისებელ ადგილებში გადაღებებს?

- ჯერჯერობით მხოლოდ აფრიკით შემოვიფარგლე - ტანზანია, კენია, ეგვიპტე, ეთიოპია. აქ კიდევ ბევრი და საინტერესოა სანახავი და გადასაღები. თუმცა მომავალში უფრო დიდი გეგმები მაქვს, მინდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის მონახულება, რუსეთის შორეული აღმოსავლეთში, ინდოეთში, გალაპაგოსზე მოგზაურობა.

როგორ და რისთვის უნდა იყოს მომზადებული ფოტომონადირე ასეთ ველურ ბუნებაში ხიფათით სავსე ექსპედიციის დროს?

- პირველ რიგში, ფიზიკურად უნდა იყოს მზად, რადგან გადაღებების გრაფიკი ალიონზე, ექვის ნახევარზე იწყება და შესაძლებელია, მთელ დღეს შეუსვენებლივ გაგრძელდეს. ასევე უნდა იცოდე ცხოველების და ფრინველების ქცევის და ცხოვრების ნიუანსები, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდება მათი მოძებნა. საჭიროა, დაიცვა უსაფრთხოების წესები, რადგან აფრიკა სავსეა უამრავი მტაცებელი ნადირით, რომლებიც ადამიანს რეალურ საფრთხეს უქმნიან. მათ შორის განსაკუთრებით საშიშები არიან ჰიპოპოტამები, სპილოები, კამეჩები და, რა თქმა უნდა ვეფხვები, ლომები და ლეოპარდები.

შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი ექსპედიცია აფრიკაში, როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება და ემოციები?

- ჩემს წარმოდგენაში აფრიკის კონტინენტი არც ისე მწვანე, საკმაოდ მშრალ ტერიტორიად წარმომედგინა, სადაც ნაკლებად გვხვდება მცენარეები. კენიაში პირველად როცა ჩავფრინდი, მივხვდი, რომ სასტიკად ვცდებოდი. კენია ძალიან მწვანე და ლამაზი ქვეყანაა, თან მთელი წლის განმავლობაში გამწვანებულია. ხოლო კენიის აფრიკულმა ჯუნგლებმა კი ჩემი ბავშვობის დროის საყვარელი გადაცემის “ცხოველთა სამყაროში” შესავალი ნაწილი გამახსენა. ჩემთვის ასევე წარმოუდგენელი იყო, რომ აფრიკაში შეიძლება ციოდეს! იქ არის ადგილები, სადაც ღამე ტემპერატურა 7-8 გრადუსამდე ეცემა. ასევე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ველურმა მტაცებლებმა. ისინი ბუნებრივი არსებობის პირობებში იმდენად ულამაზესები აღმოჩდნენ, რომ ვერანაირად ვერ შევადარებ ზოოპარკში მობინადრე ნებისმიერი ჯიშის ცხოველს.

- როგორ იქცევიან ცხოველები და ფრინველები ფოტომონადირეების დანახვაზე, ისინი ხომ სტუდიაში გადაღებისთვის განწყობილი მშვენიერი და მომღიმარი ფოტომოდელები არ არიან?

- ცხოველები სხვადასხვანაირად რეაგირებენ. მაგალითად, სუმბურუს პარკში 2007 წლის თებერვლის ფოტოსაფარის დროს დიდი სპილო თავს დაგვესხა. მადლობა ღმერთს, მანქანით გავასწარით, ფეხით რომ ვყოფილიყავით, დასასრული ნამდვილად სხვანაირად იქნებოდა. ფრინველებთან საქმე სხვაგვარადაა. მათთან მუშაობა შედარებით იოლია, რადგან ფაქტობრივად ადამიანებს არ უფრთხიან. მაგალითად, ტბა ნაკურუზე ფლამინგომ საშუალება მომცა, 3 მეტრზე მივახლოვებოდი და მემუშავა. მთავარია, არ დააფრთხო ისინი. ტანზანიაში, ნგორონგოროს კრატერში ცხოველებს საერთოდ არ ეშინიათ ადამიანების, და იმდენად ახლოს გვიშვებენ, რომ ხანდახან მათ შორის გავლაც კი გვიჭირს და გვიხდება მანქანით ბიძგი, რომ როგორმე გავიაროთ.

ასეთი მოგზაურობები, ბუნებრივია, ყოველთვის აღსავსეა ფათერაკებით, რადგან გადაღებები ველურ დაუცველ ბუნებაში მიმდინარეობს. გქონიათ თუ არა ექსტრემალური შემთხვევები და კრიტიკური სიტუაციები, რომლებსაც დღემდე იხსენებთ?

- რა თქმა უნდა და არა ერთი. ერთხელ, მახსოვს, მასაი მაარას ნაკრძალში მანქანა ჭაობში ჩაგვივარდა. გადმოვედით მანქანიდან და ადგილის დათვალიერება დავიწყეთ, რომ გვენახა, რისი გაკეთება შეიძლებოდა. არადა, მანქანიდან გადმოსვლა კატეგორიულად იყო აკრძალული. სიტუაციას ისიც ამძაფრებდა, რომ მზე უკვე ჩადიოდა და უკან სასწრაფოდ უნდა დავბრუნებულიყავით, საღამოს 7 საათის შემდეგ ნაკრძალში მოძრაობა აკრძალული იყო. მანქანის გარშემო დავდიოდით და ვფიქრობდით, მივწოლოდით თუ სხვა მანქანით ამოგვეთრია. მაგრამ ჩაფლულები ვიყავით საკმაოდ ღრმად და ჩვენს წასაყვანად სხვა მანქანა მოვიდა. უკვე ღამდებოდა. ის იყო, საშველად მოსულ მანქანაში ჩავსხედით, რომ ჩვენგან ზუსტად 20 მეტრში მოახლოებული ლომების ჯგუფი დავინახეთ. ამის შემდეგ დავრწმუნდით, რომ წესები ნებისმიერ სიტუაციაში უნდა დაიცვა.
ტბა ნაივაშაზე ბეჰემოტი დაგვესხა თავს. საღამოს გადასაღებად გამოვედით. ეს ზუსტად ის პერიოდი იყო, როცა ეს უზარმაზარი ცხოველები წყლიდან გამოდიან. დავსხედით ნაპირზე და დავიწყეთ ლოდინი. მოულოდნელად ვხედავთ, რომ წყლიდან ძალიან დიდი ბეჰემოტი გამოდის, ჩერდება, გვიცქერს და არც ისე სასიამოვნო გამომეტყველებით მოემართება ჩვენკენ. იქიდან თავქუდმოგლეჯილები გამოვიქეცით. და ასეთი შემთხვევა ძალიან ხშირია.

- ვადიმ, თქვენი ფოტო, “მდინარე მარუს ფორსირება”, 2007 წლის სრულიად რუსეთის ცოცხალი ბუნების ფოტოკონკურს “ოქროს კუს” გამარჯვებული გახდა “ცხოველებთა” კატეგორიაში. ალბათ, ადვილი არ იყო ასეთი საოცრად დინამიური კადრის გადაღება. შეგიძლიათ გაიხსენოთ ფოტოს გადაღების ისტორია?

- რა თქმა უნდა, მახსოვს ეს ისტორია. ყოველ წელლს, ივლისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე, აფრიკაში დიდებული სანახაობის მომსწრე შეგიძლიათ გახდეთ, რომელსაც “დიდი მიგრაცია” ეწოდება – ამ მოვლენის ორმა მილიონმა მონაწილემ შეუძლებელია ვინმე დატოვოს გულგრილი. აღნიშნული მოვლენის განვითარების ადგილი 160კვ. მეტრ ფართობზე გადაჭიმული ტერიტორიაა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა მასაი მარას უწოდებს.
მდინარე მარაზე ანტოლოპების გადასვლის პროცესი გახლდათ ჩვენი ფოტოსაფარის მიზანი. ეს არც ისეთი ადვილი საქმე იყო და ამისათვის ფოტოგრაფს დიდი მოთმინება, იღბალი, რკინის ნერვები და კიდევ ბევრი სხვა რამ სჭირდებოდა. ეს გადასვლა ხუთჯერ ჩაიშალა, მიზეზი კი იაპონელი ფოტოტურისტები გახდნენ, რომლებმაც ვერ შეძლეს ემოციების მოთოკვა, მთელი ხმით გაჰყვიროდნენ და თან მანქანის კარებს აჯახუნებდნენ.
მათმა შემყურე ჩვენმა მძღოლმა გამოაცხადა, რომ ცხოველები დაშინებულები იყვნენ და გადასვლა, სავარაუდოდ, აღარ მოხდებოდა. თანდათან ჯგუფი დაიშალა, ანტილოპა გნუს ჯოგი შეშინებული იყო და ფოტოტურისტებმაც იმედი დაკარგეს. თუმცა მე ისევ მჯეროდა, რომ ბედი გამიღიმებდა და მართლაც, როგორც კი ცოტა მანძილი გავიარეთ და ადგილს 800 მეტრით დავშორდით, მე მთელი ხმით ყვირილი მომიწია: მოატრიალეთ!!! დავინახე, რომ ანტილოპებმა კონცენტრირება დაიწყეს. უკან მიბრუნებულები ცოტა მოშორებით დავბანაკდით, რათა კვლავ არ დაგვეფრთხო ანტილოპები. როგორც კი ანტილოპების პირველი ნაკადი წყალში შევიდა, მაშინვე ერთ-ერთ ფლატეს მივადექით და თავშესაფრის ძებნა დავიწყეთ. მდინარის დალაშქვრა სრული სვლით მიმდინარეობდა. ასეულობით გნუმ გადასვლა მოახერხა, მტვრის ბუღი ცას სწვდებოდა და მრავალ კილომეტრზე იფანტებოდა. სურათი დრამატული იყო – ანტოლოპები გაქანებით ხტებოდნენ მდინარეში. იღბალი მათ მხარეს იყო, მე არ დამინახავს, რომ თუნდაც ერთი ცხოველი დაღუპულიყო. ყველა სრულ ეიფორიაში ვიმყოფებოდით, ხელები გვიკანკალებდა, გონება გათიშული გვქონდა, რადგან სულის შემძვრელი სანახაობა იყო. საბედნიეროდ, “გათიშული გონებით” მაინც რამდენიმე კარგი კადრის დაფიქსირება შევძელი, ერთ-ერთი მათთაგანია “მდინარე მარას ფორსირება”.

რას არის ველურ ცხოველებზე ფოტონადირობა ველურ პირობებში: ექსტრიმი, სპორტი, ხელოვნება თუ თავისებური მეცნიერება?

- ჩემთვის ეს, პირველ რიგში, ხელოვნებაა, შემდეგ მეცნიერება, რადგან ბუნებაში საკუთარი თვალით ძალიან ბევრ ისეთ საინტერესო რამეს ხედავ, რაზეც არასად წერია, ამის შემდეგ კი ამ ყველაფრის გადაღება უკვე ექსტრემალური სპორტია.

- რა ტექნიკას იყენებთ ასეთ პირობებში ცოცხალი ბუნების გადასაღებად? თქვენი ნამუშევრები მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

- მე პირადად ქენონის ტექნიკას ვიყენებ, კერძოდ Canon 1D mark II ფოტოაპარატს, Canon EF 600mm F4L IS ობიექტივთან ერთად, რომელიც კომპანია ქენონის ფლაგმანია ტექნიკაში, ყველაზე მკვეთრი და სწრაფი ობიექტივია მსოფლიოში. ასევე ვიყენებ Canon EF 300mm F4L IS, Canon EF 16-35mm F2.8L, Canon EF 70-200 F2.8L IS, კონვერტორები Canon extender 1.4 და x 2.0. თან ყოველთვის სათადარიგო ციფრული აპარატი დამაქვს, ამ მომენტისთვის ეს Canon 400D და აუცილებლად სათადარიგო აპარატი Canon 1v ელექტროენერგიის არქონის შემთხვევაში.


ჩვენი საუბრის დასასრულს, ხუთი რჩევა სპეციალურად ვადიმ ონიშჩენკოსგან ჟურნალის მკითხველებს, ვისაც აინტერესებს ცოცხალი ბუნების და ცხოველთა სამყაროს გადაღება:

1. ცხოველები და ფრინველები უნდა გადაიღოთ დილით ადრე. განთიადიდან პირველ სამ საათში, ხოლო საღამოს გადაღებები შეიძლება დაღამებამდე სამი საათით ადრე დაიწყოთ.
2. ცხოველებისა და ფრინველების ფოტოგრაფირება უმჯობესია, თავშესაფრიდან მოახდინოთ. ეს თავშესაფარი შეიძლება მუდმივი ან გადატანითი იყოს.
3. გადაღებების წინ კარგი იქნება, თუ გაეცნობით გადასაღები ცხოველის ან ფრინველის შესახებ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას, რით იკვებება, სად ბინადრობს და რით შეიძლება მოიტყუოთ.
4. ცხოველების და ფრინველების გადაღებისას საჭიროა, გამოიყენოთ მინიმუმ 200მმ-იანი ფოტოტექნიკა, უფრო მცირე ნაკლებად გამოგადგებათ ფოტონადირობისას.
5. ველური ცხოველები და ფრინველები ფოტოაპარატის მანუალ (M) რეჟიმში გადაიღეთ. ეს საშუალებას მოგცემთ, სასურველი ტექნიკური პატარამეტრების ფოტოები მიიღოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფოტონადირობისას.

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თავფურცელი