ექსტრემალური ფოტოგრაფია – რომა ლომიძე


ესაუბრა ნინო ილურიძე
ფოტო: ვახტანგ მუმლაძე

ჟურნალი “ფოტოცხოვრება” მიმდინარე ნომრიდან იწყებს ახალ რუბრიკას “ახალგაზრდა ფოტოგრაფის პორტოფილიო”, სადაც წარმოგიდგენთ ახალგაზრდა, დამწყებ და მოყვარულ ფოტოგრაფებს.
ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარი რომა ლომიძე გახლავთ, 19 წლის, III კურსის სტუდენტი, მომავალი ექიმი. ბევრს მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დაკავებულია სამთო სპორტით, გატაცებულია ალპინიზმით. მისი ცხოვრება სავსეა ფათერაკებით და თავგადასავლებით, მაგრამ ყოველთვის ცდილობს არსად დარჩეს ფოტოაპარატი, რათა ნანახი სილამაზე აღბეჭდოს და მნახველამდე მოიტანოს. რომა წლევანდელი სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური ფოტოების კონკურს “ნიამორის” გამარჯვებულია ორ ნომინაციაში - საუკეთესო ფოტო და სპონსორის სპეციალური პრიზი საუკეთესო რეპორტაჟისთვის.

 

ფოტოგრაფია ბავშვობიდანვე შემიყვარდა. 10 წლის ვიყავი, როცა ერთ მშვენიერ დღეს, მამაჩემის მეგობარმა პირველად წამიყვანა ლაშქრობაში და აპარატი მომცა, თუ სწორად მახსოვს ეს იყო ZENIT E. რამდენიმე წლის შემდეგ მთებშიც დავიწყე სიარული და ბუნებასთან “ურთიერთობა” აპარატის გარეშე აღარ შემეძლო. როგორც წესი, დავდიოდი მამაჩემთან ერთად (ფშავი, ხევსურეთი, თუშეთი და ა.შ.), რომელიც თან გადაღებას მასწავლიდა.

გავიდა კიდევ ერთი თუ ორი წელი და ერთ-ერთ ალბომში საქართველოს მთაინეთის ძველი სურათები ვნახე. პირველად მაშინ გამიელვა აზრმა, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს ბედნიერება ნახოს ისეთი წარმტაცი ადგილები, როგორიც საქართველოს მთიანეთშია (და არა მარტო), უბრალოდ არ აქვს უფლება, ეს სილამაზე ფირზე არ აღბეჭდოს... აი, ასე დაიწყო ყველაფერი.

ერთ-ერთი ალპიანიადის წინ, ენციკლოპედიაში ვეძებდი მწვერვალ “გურამ თიკანაძეს” (3120მ.) შესახებ ინფორმაციას, რომელზეც უნდა ავსულიყავით. ამ მწვერვალს სახელი 30 წლის ასაკში, შხარადან დაშვებისას ტრაგიკულად დაღუპული გამოჩენილი ქართველი ალპინისტისა და ფოტოგრაფის საპატივცემულოდ ეწოდა. გამიჩნდა სურვილი მის შემოქმედებას გავცნობოდი... და თუ იქამდე ფოტოგრაფია ჩემთვის მაინც უფრო ჰობი იყო, ამ დღის შემდეგ, მიზნად დავისახე, იმისთვის მიმეღწია, რასაც გურამ თიკანაძემ მიაღწია.

ნელ-ნელა ჩემმა ოცნებამ რეალობად დაიწყო გადაქცევა. 2004 წელს მყინვარწვერიდან დაბრუნების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ “ნიამორის” ფოტოკონკურსში მიმეღო მონაწილეობა და.... სრულიად მოულოდნელად, ერთ-ერთ ნომინაციაში გავიმარჯვე, ამან ცოტა სითამამე შემმატა და ფოტოგრაფია ცხოვრების წესად გავიხადე....
რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ღრმად “ეფლობა” ადამიანი ამ სამყაროში, უფრო მეტად და მეტად შეიგრძნობს თითოეულ ფოტოს და თითოეულ მათგანში თავისი სულის ნაწილს აქსოვს თითქოს... სხვანაირად კარგი ფოტოს შექმნა შეუძლებელია. კადრს პირველ რიგში შინაგანად უნდა შეიგრძნობდე, უნდა ხედავდე და მხოლოდ მერე, მხოლოდ შემდეგ არის საჭირო და აუცილებელიც კი, კომპოზიციის აგების წესების და სხვა ნიუანსების შესწავლა.
რაც შეეხება ჩემს თავგადასავლებს და შთაბეჭდილებებს... რთული საკითხია, ბევრი საინტერესო რამ გადამხდენია და არ ვიცი რომელი გავიხსენო. მაგრამ მათ შორის ორი გამორჩეულად “მიყვარს”:
ერთი გუდამაყარში მოხდა, გავიარეთ მწ. “გურამ რჩეულიშვილის” 1B კატეგორიის მარშუტი და იმ საღამოსვე, მწ. “ბურსაჭირის” მისადგომებთან ორი კარავი დავდგით, 8 კაცი დავრჩით, მეორე დილას ამ მწვერალზე 3B კატეგორიის მარშუტით ვაპირებდით ასვლას... მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო და ღამე ისეთი წვიმა წამოვიდა, არ მეგონა თუ დილამდე ჩვენი კარვები არ დასველდებოდა, ეგ კი არა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა შიგადაშიგ, თითქოს კასრებით ასხამდა წყალს და ჩვენი უფსკრულში ჩარეცხვა უნდოდა. ახლა რომ ვიხსენებ მეცინება, მაგრამ ამ სიცილს შიშის და იმედგაცრუების აჩრდილი ახლავს თან. გათენდა დილა და მწვერვალზე ლაპარაკიც უაზრობად გვეჩვენებოდა. წვიმამ კი გადაიღო, მაგრამ სავარაუდოდ დროებით და ამიტომ სასწრაფოდ საბაზო ბანაკისკენ დავეშვით. გზად არაგვზე ყველა ხიდი მდინარეს ჰქონდა წაღებული... ერთ-ერთი გადასვლის მერე, ჩამოვრჩი, რადგან ფეხში ქვა შემერჭო, და საბოლოოდ მდინარეზე მარტოს მომიწია გადასვლა.. მდინარე აღარ იყო ეს, ჩანჩქერს უფრო გავდა... დანარჩენი ბუნდოვნად მახსოვს.. მახსოვს შუა მდინარეში ვიყავი, ფეხი გამისრიალდა ფსკერზე, წყალი უკვე სახეში მასხამდა და აქეთ-იქიდან მდინარის მიერ წამოღებული ქვების გრიალი ისმოდა და ფეხებთან მათ მიერ წარმოქმნილ ტალღებს ვგრძნობდი..ეს მართლაც საშინელი შეგრძნება იყო... მერე აღარ მახსოვს რა მოხდა, მხოლოდ ის მახსოვს რომ ნაპირზე ამოვედი, მაგრამ როგორ მოვახერხე ეს წარმოდგენა არ მაქვს, რაღაც სასწაულს უნდა ვუმადლოდე ნამდვილად. თან აპარატი, რომელმაც წყალში კარგა ხანი გაატარა, გადარჩა... ეს კიდევ ერთი უცნაური ფაქტი იყო.
მეორე ამბავი კი, თუშეთში მოხდა ამ ზაფხულს. რამდენიმე გზააბნეული ადამიანის ძებნაში აღმოჩნდა, რომ მე და კიდევ ორ ჩემს მეგობარს თავად აგვებნა გზა და სხვა ხეობაში აღმოვჩნდით. უკვე ბნელდებოდა და ფაქტობრივად სირბილით ვიარეთ დაახლოებით 15 კმ. თუმცა ღამემ მაინც მოგვისწრო და ამ სიბნელეში მეცხვარის ძაღლების გარემოცვაში აღმოვჩნდით. ვხედავდით ნელ-ნელა 10-12 მანათობელი და “მყეფარე” თვალი როგორ შეიკრიბა ჩვენს გარშემო. მწყემსმა დროულად გადაგვარჩინა, თორემ ახლაც არ მინდა წარმოდგენა, რითი შეიძლება დამთავრებულიყო ის ყველაფერი.
რაც შეეხება ფოტოაპარატს, ჩემთვის პირადად, იდეალურია CANON powershot A610, 5 მეგაპიქსელიანი აპარატი, რომელიც ზომებისა და წონის გამო, არანაირ პრობლემას არ მიქმნის რთული ასვლების დროს და სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციებში. ხოლო დანარჩენ დროს, “ჩვეულებრივი”, ანუ არაექსტრემალურ სიტუაციებში გადაღებისას, CANON EOS30D-ს ვიყენებ, ძირითადად.
ხშირად ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო, ბევრი კარგი კადრი გამიშვია ხელიდან. ეს მიზეზი შეიძლება ერთ მომენტში დროის უქონლობა ყოფილიყო, სხვა დროს, აუტანელი სიცივე და ქარი, რომელიც ხელთათმანების გახდის საშუალებას არ მაძლევდა, ანდა ის, რომ მეტისმეტად დაბალი ტემპერატურის გამო ჩემი აპარატი გაყინულიყო. იყო ასეთი შემთხვევაც - შარშან, მყინვარწვერზე, ჩემი აპარატი გაიყინა და ორი დღე ვიღაცის ოლიმპუსის სასაპნით ვიღებდი, ფაქტობრივად კურიოზია, რადგან სურათები ასე თუ ისე გამოვიდა.
მაგრამ ყველაზე მწარეა, როცა საკუთარი არაორგანიზებულობის გამო, ან სიჩქარეში აპარატი დაგრჩება. ესეთი შემთხვევა, გასულ ზაფხულს მომივიდა. მშვენიერი ამინდი იყო, მაგრამ გვიან გამეღვიძა და სიჩქარეში აპარატის ჯიბეში ჩადება დამავიწყდა... იმ დღეს არც ნისლი იყო, არც ქარი და არც წვიმა, თან არც ისე რთული ასვლა გველოდა.. ბევრი კარგი რამის გადაღება შეიძლებოდა.. მყინვარწვერი მოჩანდა ძალიან ლამაზად, გამთენიისას, მაგრამ... აპარატი არ მქონდა და ვერც ვერაფერს ვიზამდი. რომ ვიხსენებ, ეხლაც კი ვბრაზდები საკუთარ თავზე.

რაც შეეხება კონკურსებსა და გამოფენებს, ჯერჯერობით ბევრი მიღწევებით ვერ დავიკვეხნი.
2003 წელს, მე-11 კლასში ჩეხეთში, სკოლის მოსწავლეებს შორის საერთაშორისო კონკურსზე მესამე ადგილი ავიღე.
ვარ სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური ფოტოების კონკურს “ნიამორის” შარშანდელი ერთ-ერთი გამარჯვებული, წელს კი იგივე კონკურსში გავიმარჯვე 2 ნომინაციაში - საუკეთესო ფოტო და სპონსორის სპეციალური პრიზი საუკეთესო რეპორტაჟისთვის.
წელს, პირველად მივიღე მონაწილეობა ფოტოკონკურს “ქოლგა 2006”-ში. 100 საუკეთესოში ორი ჩემი ფოტო გავიდა.
უახლოეს მომავალში კი ვგეგმავ პერსონალური გამოფენის მოწყობას.

 

ჟურნალი წარმატებებს უსურვებს ავტორს!