ნადირობა წამზე

 

კახა ფხაკაძე
ფერადი ფოტო: ზურა თვაური
შ/თ ფოტო: კახა ფხაკაძე


27-28 იანვარს, თბილისში, სპორტის სასახლეში ძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართა. ჭიდაობაში 15 ქვეყნის წარმომადგენლები ერკინებოდნენ ერთმანეთს. დამეთანხმებით, ასეთი შეჯიბრებები თბილისში ყოველდღე არ იმართება და მისდამი ინტერესიც დიდი მქონდა, მითუმეტეს, რომ ფოტოგრაფისთვის, სპორტის ეს სახეობა ექსპრესიული ფოტოს გადაღების თვალსაზრისით, მართლაც მდიდარი სფეროა. გარდა იმისა, რომ ამ სანახაობის ამსახველ ფოტოებს მე და ჩემი მეგობარი, ფოტოგრაფი ზურა თვაური წარმოგიდგენთ, ამ ნარკვევში სპორტული შეჯიბრებების გადაღების ზოგად და უშუალოდ ძიუდოსთან დაკავშირებულ სპეციფიურ საკითხებზეც გაგაცნობთ ჩემს მოსაზრებებს.


მაშ ასე, პირველი თემა ფოტოგრაფის ტექნიკურ აღჭურვილობას დავუთმოთ. ჩემთვის კარგად იყო ცნობილი სპორტის სასახლეში არსებული განათების სახე და მისი სიმძლავრეები. სამწუხაროდ, დარბაზის განათება საკმაოდ სუსტია, ხოლო ფერის ტემპერატურა 3200-3600 კელვინის ფარგლებში მერყეობს. დღის განათებაზე გათვლილი ფერადი ფირის გამოყენების შემთხვევაში (სამწუხაროს, მხოლოდ ასეთი ფირების შეძენა შეიძლება თბილისში) ფერის დამახინჯების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი ხდება კონვერსიული და კორექციული ფილტრების გამოყენება, რაც, თავისდავად, კიდევ უფრო ასუსტებს

შუქნაკადის ინტენსივობას და დაუშვებელ ზღვრამდე ამცირებს ექსპონირების დროს. ასეთი ფილტრების გამოუყენებლობის შემთხვევაში კი ფერის კორექციისთვის ორი ალტერნატივა არსებობს – სპეციალურად ფერის ამ ტემპერატურის განათებისთვის შექმნილი ფირის გამოყენება (თბილისში პრაქტიკულად არ შემხვედრია) ან მიღებული გამოსახულების პოპულარულ პროგრამა ''ფოტოშოპით'' კორექცია. სხვა შემთხვევაში გამოსახულების საერთო ყვითელი ტონი გარდაუვალი იქნება. ციფრული კამერების გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია კამერის პროგრამაში

ფერის ტემპერატურის მითითება ან ''თეთრი ფერის ბალანსის'' გასწორება. ამ შემთხვევაში, არსებული განათების პირობებში თეთრ ფურცელს (კედელს) გადავუღებთ ტესტ-კადრს და კამერას ''ვაცნობებთ'' მისი სითეთრის შესახებ. დანარჩენი ფერების კორექციას კი პროგრამა დამოუკიდებლად გადაიანგარიშებს. გარდა აღნიშნულისა, ფირის გამოყენების შემთხვევაში, კიდევ არსებობს ორი უკიდურესი ალტერნატივა. მათგან ერთ-ერთი მათგანი მე გამოვიყენე, მეორე კი, ზურამ. დასახული ამოცანის გაანალიზების შემდეგ თამამად ვთქვი უარი ფერად ფირზე და მშვენიერი გრადაციის მქონე შავ -თეთრი ფირი ''FUJI NEOPAN PROFESSIONAL 400'' შევიძინე, ზურამ კი ამავე ბრენდის ISO 400 მგრძნობელობის ფერადი ფოტოფირი აირჩია და ფოტოსანათის

შესაძლებლობებზე დაამყარა იმედები. პირველ შემთხვევაში, ცხადია, ფერის კორექციაზე ვერ იქნება საუბარი, მეორეში კი, ფოტოსანათის ფერის მაღალი ტემპერატურა (5500-5600 კელვინი) ნაწილობრივ მართლაც შველის საქმეს. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, ორივე მეთოდს აქვს თავისი მინუსები, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ კიდეც.
აქვე დავაზუსტებ მაღალი შუქმგრძნობელობის ფირის არჩევის არგუმენტებსაც. მოგეხსენებათ, ძიუდოსა და არქიტექტურის ფოტოგრაფირება ერთნაირად არ ხდება. გარდა უამრავი განსხვავებებისა, მათ შორის

ძირითადი განსხვავება მოძრავი და სტატიკური ობიექტების არსებობაცაა. ჭიდაობას ახასიათებს საკმაოდ სწრაფი მოძრაობები და მათი გარკვეული სიმკვეთრის ზომით ფიქსაციისთვის მაღალი სიჩქარით ექსპონირებაა აუცილებელი. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ISO400 შუქმგრძნობელობის შავ-თეთრი ფირი გათვლილია ე.წ. პუშ-პროცესზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისი ექსპონირება შეიძლება მოხდეს როგორც ISO800 ან ISO1600 მგრძნობელობის ფირისა, ხოლო გამჟღავნებისას ეს გათვალისწინებული იქნება ქიმიური პროცესის მიმდინარეობის ხანგძლივობაში გარკვეული დროის

დამატებით. რაც შეეხება ფოტოოპტიკას, უცილობლად გასათვალისწინებელია ტატამის ზომები და გადაღების მანძილი. ძიუდოს ფედერაციის წესებით, ტატამი და მისი შემოგარენი მკაცრად არის დაცული და პირობითი საზღვრის გადაკვეთა კატეგორიულად იკრძალება. ასე რომ, ამ საზღვრიდან ტატამის ცენტრამდე დაახლობით 10 მეტრია და თუ მსხვილი პლანით გადაღება გსურთ, 135-200 მილიმეტრიანი ფოკუსური მანძილის მქონე ოპტიკა აუცილებლად დაგჭირდებათ. ყურადსაღებია ისიც, რომ ერთი შეხვდრის გადაღებისას შეიძლება საჭირო გახდეს საშუალო პლანითაც ფოტოგრაფირება და, თუ

ცვლად ფოკუსურმანძილიანი ობიექტივი არ გაქვთ, ბევრი საინტრესო კადრის გადაღების შესაძლებლობას გაუშვებთ ხელიდან – გარწმუნებთ, ორთაბრძოლისას არ არის ოპტიკის ცვლის დრო, რომ ხან ერთი ლინზა მოარგოთ კამერას, ხანაც მეორე. თანაც, აბსოლუტურად შეუძლებელია იმის პროგნოზირება დროის რომელ მონაკვეთში რომელი ობიექტივის გამოყენება გახდება აუცილებელი. პირადად მე, გადაღებებისას გამოვიყენე 75-205 მმ ცვლადი ფოკუსური მანძილის მქონე ობიექტივი ''ვივიტარი'', 3,8 დიაფრაგმირების ზომით. შეგახსენებთ, რომ 200 მილიმეტრიანი

ოპტიკით ხელით გადაღებისას ფოტოსაკეტის სიჩქარე არ შიძლება იყოს 1/200 წამზე დაბალი, რადგან ასეთ შემთხვევაში, ექსპონირებულ ფირზე (მატრიცაზე) ობიექტის არამკვეთრი კონტურები გარანტირებული იქნება და თქვენი გარჯა მთლიანად წყალში ჩაიყრება. ამ დროს გამოიყენება ერთფეხიანი შტატვი, ე.წ. მონოპოდი, რომელიც კამერას ვერტიკალური გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. ალბათ შეგიმჩნევიათ კიდეც ფეხბურთის კარს უკან ჩასაფრებული ფოტოგრაფების ხელში ეს მარტივი და ეფექტური მოწყობილობა. თუმცა აქვე დავძენ, რომ 200 მილიმეტრი ფოკუსური მანძილის მქონე ოპტიკით ხელიდან 1/125 წამი საკეტის სიჩქარითაც შეიძლება ხელიდან გადაღება, თუ ხელი მტკიცე და გაწაფულია, ან თუ რაიმე უძრავ საგანზეა უზრუნველყოფილი კამერის ან მაჯის დაყრდნობა (მაგალითად, სკამზე). თუ თქვენ თანახმა ხართ გამოსახულებაში ''მსხვილ მარცვალზე'', შეგიძლიათ ISO1600-3200 შუქმგრძნობელობის ფირიც გამოიყენოთ, რაც საშუალებას მოგცემთ დიაფრაგმირების მეტი ზომით გაზარდოთ სიმკვეთრის სიღრმე და გამოიყენოთ საკეტის მაღალი სიჩქარე.
ორიოდე სიტყვით ფოკუსირების ტექნიკურ საკითხსაც შევეხოთ. აქ ორი მიმართულებაა: ავტო და ხელით ფოკუსირების რეჟიმები. თუ კამერას ავტოფოკუსირების რეჟიმი აქვს, აუცილებელია იგი ისეთნაირად ვმართოთ, რომ ავტომატურად გაჰყვეს მოძრავ ობიექტს. თუ ხელით ფოკუსირებას აქვს ადგილი, უნდა ვეცადოთ, რომ ობიექტი ასევე მუდმივად ფოკუსში გვყავდეს. საქმე განსაკუთრებით რთულდება, თუ ხელით

ფოკუსირებისას ფოკუსურ მანძილსაც ვცვლით. ორივე მათგანის ერთდროული ცვლილება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ისინი ფოტოობიექტივის ერთი მართვის რგოლით რეგულირდება. მაგალითად, ზემოაღნიშნული ''ვივიტარის'' ობიექტივზე სიმკვეთრის გასწორება რგოლის ღერძზე ბრუნვით ხდება, ხოლო ფოკუსური მანძილის 75-205 მილიმეტრის ფარგლებში ცვლა ოპტიკური ღერძის გასწვრივ ამავე რგოლით გადაადგილებით. ეს საშუალებას მაძლევს მხოლოდ აღნიშნული მართვის რგოლით ერთდროულად ვარეგულირო სიმკვეთრე და ფოკუსური მანძილი. თუ ფიქსირებულ ფოკუსურ

მანძილიან ობიექტივს გამოვიყენებთ, მაგალითად 135 მილიმეტრიანს, საჭირო კადრის ასაგებად, ობიექტების მასშტაბის შესაცვლელად გადაღების მანძილის ცვლა, ანუ წინ და უკან სირბილი მოგვიწევს, რაც ძალიან არ მოსწონთ მსაჯებს და უმეტესად მწვავედ რეაგირებენ. გარდა ამისა, დამეთანხმებით, რომ ასეთი გადაღების რეჟიმით საინტერესო მომენტების დაფიქსირების შესაძლებლობა მინიმუმამდე მცირდება. უკიდურეს შემთხვევაში, 135 ტიპის ფირის კამერებზე შეიძლება გამოვიყენოთ 50 მმ ფოკუსური მანძილის მქონე ობიექტივი გადაღების მინიმალური მანძილის არჩევით (ტატამის საზღვართან) და

მირებული ფოტოების კადრირება ბეჭდვის ან “ფოტოშოპში” კადრირების მეშვეობით მოვახდინოთ. რაც შეეხება გადაღების წერტილის სიმაღლეს – ეს პარამეტრი განსაზღვრავს არამხოლოდ მოჭიდავეთა პოზიციას, არამედ იმასაც, თუ რა გამოჩნდება უკანა პლანზე. დაბალი გადაღების წერტილის გამოყენებისას სპორტსმენების მოძრაობის დინამიკა გაცილებით უკეთ გამოიყურება და, ამავე დროს, უკანა პლანის, ანუ ჟიურისა და გულშემატკივართა ფიქსაცია გარდაუვალია. თუ გვსურს, რომ კომპოზიციაში სპორტსმენებს მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს და სხვა რაიმე გამღიზიანებელი არ გამოიკვეთოს, მაღალი გადაღების წერტილი უნდა ავირჩიოთ. ამ შემთხვევაში ფონი მხოლოდ ტატამი იქნება. დაბალ და მაღალ გადაღების წერტილებს გარკვეული პირობითობა ახასიათებს, რაც აუცილებლად უნდა გავითვალიწინოთ. მაგალითად, იატაკზე მჯდარი მდგომარეობიდან თუ ვიღებთ ''გადაღების სიმაღლე'' ჩვენგან დამოუკიდებლად იცვლება სპორტსმენების განლაგების მიხედვით. თუ ისინი მოხრილები არ არიან, სიმაღლე დაბალია, თუ მოიხრებიან, საშუალო (ნორმალური) ხდება, ხოლო გდების შემდეგ, პრაქტიკულად ზემოდან დავყურებთ, ანუ მაღალია. გაითვალისწინეთ, რომ ტატამთან ახლოს მხოლოდ იატაკზე მჯდომ მდგომარეობაშია გადაღება შესაძლებელი და სხვაგვარი მცდელობისას ძალიან დიდი შანსი გაქვთ არბიტრების მკაცრი გაფრთხილების ობიექტი გახდეთ. გადაღება ასევე შეიძლება ტრიბუნიდანაც – ამ შემთხვევაში კი, მსხვილი მასშტაბის მისაღებად ფოკუსური მანძილის გაორმაგება (400-500 მმ) მოგიწევთ და

შტავის გამოყენებაც აუცილებელი გახდება (რითაც, თავისთავად დაკარგავთ მობილურობას).
გადაღების კუთხეს მნიშვნელობა აქვს ობიექტების სიმკვეთრის განსაზღვრისთვის. ვინაიდან, სუსტი განათების პირობებში დიაფრაგმირება მინიმალურ ნიშნულებში ხდება, სიმკვეთრის სიღრმე ძალიან მცირეა და თუ სპორტსმენები ოპტიკური ღერძის მიმართ ფრონტალურ სიბრტყეში არ იმყოფებიან, ორივე მათგანის ერთნაირი სიმკვეთრით ფიქსაცია შეუძლებელია.
რატომ და რას ვიღებთ? თითქოს მარტივი კითხვაა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თავდაპირველად

უნდა განისაზღვროს რა მიზნით ხდება გადაღება. თუ რეპორტაჟული გადაღებაა, მაშინ საჭიროა დაფიქსირდეს ყველა მოვლენა საზეიმო გახსნიდან დაწყებული, დაჯილდოების ცერემონიალით დამთავრებული, მისასალმებელი და სამადლობელი სიტყებით. პირადად მე, ასეთი ამოცანა არ მქონია, ამიტომ მხოლოდ იმით შემოვიფარგლე, რაც მოცემული სტატიისთვის მჭირდებოდა. გამოვყოფ რამდენიმე ძირითად და მნიშვნელოვან ასპექტს: ჭიდაობა ჭადრაკი არ გახლავთ და სპორტსმენები ფიზიკურად უპირისპირდებიან ერთმანეთს, ანუ სახეზეა აქტიური ჭიდილისა და ძალის დემონსტრირება, ეს კი

ძირითადად კუნთებით, სახეზე აღბეჭდილი ემოციითა და ილეთის ჩასატარებლად საჭირო სხეულის სპეციფიური პოზიციით გამოიხატება. მაგრამ ეს ნიშნები ძალოსანსაც ახასიათებს. ანუ, გარდა აღნიშნულისა, საჭიროა დაფიქსირდეს ილეთის სისხარტე, სხეულის მოქნილობა და გდების ჩატარებისას სპორტსმენების ემოცია! ეს ყველაზე მთავარი გახლავთ. ამას ემატება არბიტრის მოძრაობა, ემოციები, მოვლენის გარკვეული ფაზის “ცოცხლად” წარმოდგენა, გულშემატკივრების რეაქცია და ა.შ.
თითოეული ამათგანი დამოუკიდებლად და ერთობლიობაში ფოტოგრაფისთვის ინდივიდუალური

კვლევისა და ჩანაფიქრის გამოსახვის მხატვრულ საშუალებას წარმოადგენს.

ექსპოზიციის სპეციფიკა - რა და როგორ გავზომოთ? ეს თემა სრულიად გარკვეული და ნათელია, როცა საკითხი სტატიკური ობიექტის ფოტოგრაფირებას ეხება (რადგან აუჩქარებლად არის შესაძლებელი გაზომვების ჩატარება), მაგრამ ამ შემთხვევაში, სპორტსმენები წინასწარ უცნობი ტრაექტორიით მოძრაობენ, ქაოტურად და, აქედან გამომდინარე, მათ გარდა, კადრში ხან მხოლოდ ტატამი შემოდის, ხან კიდევ გულშმატკივრებით სავსე ტრიბუნა, ხანაც ორივე ერთად. როგორც წესი, ტატამი ან თეთრია, ან ყვითელი, ერთ ერთ სპორტსმენს მუქი (ჩვენს

შემთხვევაში, ლურჯი) კიმანო აცვია, ხოლო არბიტრს შავი ფერის კოსტუმი. თეთრი (თუნდაც ყვითელი ფერის) ტატამის, თეთრი და ლურჯი კიმანოებისა და შავი კოსტუმის არსებობა უკვე იძლევა მაღალი კონტრასტის წინაპირობას, ამიტომ, ფირის ფოტოგრაფიული განის ან მატრიცას დინამიური დიპაზონის ფარგლებში პრიორიტეტების განსაზღვრისთვის, თეორიულად ექსპოკორექციის გათვალისწინებაა საჭირო, თუმცა პრაქტიკულად,ეს შეუძლებელია, რადგან წინასწარ წარმოუდგენელია იმის პროგნოზირება, საჭირო ფაზის ფიქსაციისას როგორი ბალანსი იქნება კადრში მოქცეული. თუ ორთაბრძოლა

პარტერში მიმდინარეობს, ფოტოგრაფს აქვს რამდენიმე წამი ექსპოკორექციის შესატანად, რადგან ასეთ პოზიციაში სპორტსმენების გადაადგილება სრაფად არ მოხდება. ზოგადად კი, ექსპოკორექციით გადაღება 2 მეთოდით შეიძლება. ამ მეთოდებს აერთიანებს ე.წ ბრეკეტის ფუნქცია, რა დროსაც კამერა მიჯრით არსულებს გადაღებას როგორც ნორმალური, ასევე მეტობის და ნაკლებობის ექსპოკორექციის რეჟიმებით. ჩემი აზრით, პრაქტიკულად, 1,5 საფეხურით კორექცია კარგი შედეგისთვის სრულიად საკამარისია. განსხვავებულია ნორმალური ექსპოზიციის ზომის დადგენა.

პირველ შემთხვევაში იგი დგინდება “საშუალო ნაცრისფერის” განსაზღვრის მეთოდით, მეორე შემთხვევაში კი კამერის ავტომატიკა კადრში მოქცეული ობიექტებიდან არეკლილი შუქის ანალიზით თავად ადგენს ამ პარამეტრს. თუ გვაქვს ექსპონომეტრი, საკამარია განვსაზღვროთ დაცემული შუქის რეჟიმში ექსპოზიცია და ეს პარამეტრი ავიღოთ საშუალოდ (იგი დაემთხვევა “საშუალო ნაცრისფერს”, რადგან დარბაზი წრიულად არის განათებული). გასათვალისწინებელია, რომ ბრეკეტის რეჟიმი ყველა მოდელის კამერას არ გააჩნია. ამ შემთხვევაში, გირჩევთ, კადრი შეძლებისდაგვარად

გააწონასწოროთ მუქი და ღია ფერის ობიექტებით, რაც დამაკმაყოფილებელ შედეგს მოგცემთ. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ ფიქსაციისას სპორტსმენს თავი არ ჰქონდეს ტატამისკენ დახრილი ან არ იმყოფებოდეს მოწინააღმდეგის სხეულის მიერ შექმნილ ჩრდილში, რადგან ასეთი განლაგებისას, სახეს შუქჩრდილოვანი ნახატი ბუნდოვანი და არამეტყველი ექნება.

ფოკუსირების პრობლემები - ზოგაგად ამ საკითხს ზემოთ შევეხეთ კიდეც, მაგრამ მის დეტალებზე არ გვისაუბრია. რაც მეტია დიაზრაგმირების ზომა, მით მეტია სიმკვეთრის სიღრმეც, ანუ თუ გადაღებას 50 მმ ფუკუსურმანძილიანი ოპტიკით ვაწარმოებთ, 11, 16, ან 22 ზომით დიაფრაგმირებისას ფოკუსირების სიზუსტე განსაკუთრებულ პრობლემას არ ქმნის, მაგრამ ობიეტებამდე დიდი მანძილისა და დაბალი ინტენსივობის განათების გამო, ეს საკითხი მეტად აქტუალური ხდება. მით უმეტეს, რომ სპორტსმენები მუდმივად გადაადგილდებიან სივრცეში. მაგალითად, პირველ შემთხვევაში, თუ 16 ზომით დიაფრაგმირებისას ფოკუსირებას მოვახდენთ 3,3 მეტრზე, 2-დან 10 მეტრამდე განლაგებული ობიექტები მკვეთრი იქნება და სპორტსმენებზე ფოკუსირება საჭირო აღარ გახდება. მეორე შემთხვევაში (ვთქვათ 135 მმ ოპტიკა) 9,5 მეტრზე ფოკუსირებისას 3,5 დიაფრაგმირებით სიმკვეთრის საზღვრები 9-10 მეტრის დიაპაზონში იქნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვთქვათ 75 მმ ოპტიკით 3,5 დიაფრაგმირებით 3 მეტრით დაშორებული ობიექტის გადაღებისას სიმკვეთრის სიღრმე მხოლოდ 30 (!) სანტიმეტრს შეადგენს. ამის გათვალისწინებით, თუ როგორი ფოკუსურმანძილიანი ოპტიკით და რა მანძილიდან გადავიღოთ მოჭიდავეები, დასკვნები თავად გააკეთეთ. ყველა შემთხვევაში სასრველია ფოკუსი სპორტსმენის ახლომდებარე თვალზე გაკეთდეს.

გადაღების ფაზა და სიმკვეთრე - უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის მოვახდენთ მოძრაობის ფიქსაციას, რადგან ამა თუ იმ სპორტის სახეობას გააჩნია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშანდობლივი ფაზები. ჭიდაობაში ეს ძირითადად გამოიხატება ჩავლებისა და გდების ფაზებით. ამიტომ საკეტის დამშვები სწორედ ამ მომენტების ამსახველი სცენების კულმინაციური მომენტებისას უნდა ავამოქმედოთ. შეიძლება მიჯრით გადაღებაც, ეს საშუალებას მოგვცემს რამდენიმე ფაზიდან მაქსიმალურად გამომსახველობითი, ექსპრესიული კადრი ავირჩიოთ. აუცილებელი არ არის ჭიდაობის დაწყებისთანავე

 

დავიწყოთ გადაღება.ამ დროს სპორტსმენები ერთმანეთის დაზვერვით არიან დაკავებულები და გადამწყვეტი შეტევები მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ დგება. ასევე დაკვირვებით ირკვევა ტატამის თუ რომელ მხარეს ვითარდება შეტევა უფრო ხშირად, რომელი სპორტსმენია უფრო აქტიური, ემოციური და ა.შ. უნდა იყოს თუ არა მოძრაობის დაფიქსირებული ფაზა მკვეთრი? პირადად მე ვთვლი, რომ დინამიურობა გაცილებით უკეთ შეიგრძნობა იმ კადრებში, სადაც ერთ-ერთი სპორტსმენის კონტურები მეორესთან შედარებით ნაკლები სიმკვეთრით გამოირჩევა. თვალისთვის ასეთი გამოსახულება

მოძრაობის აღქმის გარკვეულ ალტერნატივას წარმოადგენს, რადგან ადამიანი მოძრაობის დაკვირვებისას აბსოლუტურად “გაშეშებულ” ფაზას ვერასდროს ხედავს. სპორტსმენის ასეთი არამკვეთრი კონტურები დამოკიდებულია საკეტის სიჩქარეზე. ფოტოს დინამიურობისთვის, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კადრში მოძრაობის მიმართულებას და კუთხეს. პრიორიტეტულია დიაგონალური წინ და უკან მოძრაობა, თუმცა იმის განსაზღვრა, საით განვითრდება ჭიდილის ფაზები, პრაქტიკულად შეუძლებელია და ისღა დაგვრჩენია მთლიანად ფორტუნას მივენდოთ. პრაქტიკაში ძალიან ხშირია შეცდომა, რა დროსაც, ფოტოგრაფი კადრირებას ახდენს შეჭიდებული სპორტსმენების საზღვრებით. გდების მომენტში ერთ-ერთი სპორტსმენი ვერტიკალურ მდგომარეობას იღებს და მისი ზედა ნაწილი გადის კადრიდან. ვინაიდან ეს მოძრაობა სწრაფად ხდება, ფოტოგრაფი ვერ ასწრებს ფოკუსური მანძილის ცვლას და ისე აფიქსირებს კადრს. საბოლოო ჯამში ვიღებთ ფოტოს, რომელზეც ჰაერში ატაცებულ სპორტსმენს სხეულის ნახევარი ''მოჭრილი'' აქვს. ამიტომ, საჭიროა წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი და კადრირება ატაცში მყოფ სპორტსმენთა წარმოსახვითი მდებარეობით მოვახდინოთ. ორიოდე სიტყვით ფოტოსანათის გამოყენების თაობაზეც - თუ ამ მოწყობილობას ძირითად შუქწყაროდ გამოვიყენებთ, ობიექტთა მოცულობა მნიშვნელოვნად დაიკარგება, თუ შემავსებლად - შუქძალაში 0,5-1 საფეხურით კორექცია უნდა შევიტანოთ. ასევე, საჭიროა სანათს გააჩნდეს სინქრონიზაცია საკეტის მუშაობის მაღალ სიჩქარეებზეც და, ამასთან, ჰქონდეს მაღალი წამყვანი რიცხვი. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი შუქი ვერ ''მისწვდება'' შორი მანძილით განლაგებულ ობიექტებს.

თავფურცელი