ფერის კორექციის თავისებურებები ღრუბლიანობის პირობებში ფოტოგადაღებისას

კახა ფხაკაძე

მშვენიერია შემოდგომა საქართველოში. ცვალებადი ამინდი და ბუნების ფერთა პალიტრა დღეებით კი არა, საათობით იცვლება და ფოტომოყვარულებს უამრავ სიურპრიზს სთავაზობს. რაც დრო გადის, ზამთარი უფრო ახლოვდება. მანამდე კი წინ წვიმიანი ნოემბერია და მზესაც უფრო და უფრო იშვითად მოვკრავთ თვალს ცის კაბადონზე. “ნაცრისფერი” ამინდის პრობლემა წელიწადის ამ დროს ყოველთვის იდგა ფოტოგრაფის წინაშე და ფერთა პალიტრის გასაუმჯობესებლად კონვერსიული და კორექციული ფილტრები გამოიყენებოდა და გამოიყენება კიდეც. მთავარი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ საგნობრივი ფერი, ანუ იმ საგნების ფერი, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ მნიშვნელოვნად იცვლება ბუნებრივი განათების ცვლილებასთან ერთად. ძირითადად, პალიტრაში შემოდის ცივი ფერები, რაც თბილ საგნობრივ ფერებს ელვარებასა და სიხასხასეს მთლიანად უკარგავს. გარდა ამისა, ფოტომოყვარულები სარგებლობენ სამოყვარულო ფირებით, რომლებიც დღის განათებისთვის (5500კ) არის ბალანსირებული და, ამასთან, არ გააჩნიათ სპეციალიზებული კონვერსიული ფილტრები. ასეთ პირობებში გადაღებას აუცილებლად მოჰყვება ღარიბ ფერთა პალიტრა და ღრუბლიანობით გამოწვეული ცივ ტონთა სიმრავლე. მაშ რა ვქნათ? აკი ამბობენ, გარე გადაღებების სეზონი შემოდგომის მიწურულიდან შუა გაზაფხულამდე მთავრდებაო. საბედნიეროდ, არსებობს პროგრამები, რომელთა მეშვეობით გარკვეულწილად შესაძლებელია ამ პრობლემის რეგულირება. დღეს მსურს ყველასთვის ცნობილი პროგრამა ფოტოშოპით ფერთა კორექციის თაობაზე გესაუბროთ და მისი მეშვეობით შევეცადოთ “ნაცრისფერი” ფოტოების გაკეთილშობილებას. ამისათვის ფოტომოყვარულებს ასეთი ფოტოების მოწოდება ვთხოვე, რასაც თანმიმდევრობით გაგაცნობთ. მაშ ასე, დავიწყოთ:
უპირველესად შეგახსენებთ, რომ ფოტოშოპში მუშაობის დაწყებამდე აუცილებელია კალიბრაცია გაუკეთოთ თქვენს მონიტორს და პროგრამაში დააყენოთ შესაბამისი ფერის პროფილი. გავააქტიუროთ აღნიშნული პროგრამა და გავხსნათ დასამუშავებელი ფოტო, რომელიც ფოტოგრაფმა ნიკა ვარძელაშვილმა მოგვაწოდა. (ფოტო №1).

ფოტო №1

როგორც ხედავთ, გადაღება წარმოებულია უმზეო განათების, ღრუბლიანობის პირობებში, რასაც ადასტურებს ჩრდილების არარსებობა და ღარიბ, გაუჯერებელ ფერთა პალიტრა. დინამიური დიაპაზონის სრულად გამოყენებისთვის აუცილებელია შევამოწმოთ და საჭიროების შემთხვევაში შევასწოროთ თეთრი და შავი პიქსელების გადანაწილება, რისთვისაც შრეების (Layers) ფანჯარაში გავააქტიუროთ ახალი რეგულირებადი შრის ღილაკი და მენიუში ავირჩიოთ (ფოტო №2) კატეგორიის სახე "Levels", რის შემდეგაც პროგრამა შემოგვთავაზებს კიდევ ერთ ფანჯარას ჰისტოგრამით (ფოტო №3), საიდანაც ნათელია, რომ საჭიროა დიაპაზონის კორექტირება.

ფოტო №2
ფოტო №3

ამავე დროს, პროგრამა შექმნის ახალ, მაკორექტირებელ შრეს, რომელიც ავტომატურად აქტიურ რეჟიმში იმყოფება. ფაქტობრივად, ჰისტოგრამა გვიჩვენებს, რომ წითელ-მწვანე ისრების დიაპაზონში არც ერთი პიქსელი არ არის, რისთვისაც რეგულატორის მცოცავი უნდა გადავწიოთ პიქსელების არსებულ საზღვართან (ფოტო №4). ანალოგიური პროცედურა უნდა შევასრულოთ ჰისტოგრამის მარცხენა საზღვართანაც, თუ იქ არ იქნება დაფიქსირებული პიქსელები. მოცემულ მაგალითში ასეთს ადგილი არ აქვს და ამიტომ კორექციასაც არ საჭიროებს. ასეთი პროცედურის შემდეგ დინამიური დიაპაზონი გამოყენებული იქნება სრულად. ალბათ შენიშნეთ, რომ ამ პროცედურის შედეგად გამოსახულება უფრო კონტრასტული გახდა, მაგრამ ღრუბლები გარკვეულად გამოთეთრდა, რაც ჩვენს მიზნებში ნამდვილად არ შედის. ამისათვის ავიღოთ ფუნჯი (Brush), შავი საღებავი და შევღებოთ ღრუბლები. ვინაიდან ჩვენი ღებვითი სამუშაოები მაკორექტირებელ შრეზე მიმდინარეობს, შეიქმნება ნიღაბი, რომელიც პირვანდელ სახეს დაუბრუნებს ღრუბლებს. რბილი გადასვლების მისაღებად სასურველია, შეღებვისას ფუნჯის პარამეტრებში გამჭვირვალობა 50-70 პროცენტი ავიღოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, სურვილის მიხედვით ვარეგულიროთ როგორც აღდგენილი სიკაშკაშეების ხარისხი და ზომა, ასევე მისი მოქმედების არეალის საზღვრებთან არსებული კონტურის სირბილე. ალბათ უკვე მიხვდით, რომ უკუეფექტი ექნება ნიღაბზე საშლელის გამოყენებას. ამ ოპერაციის შემდეგ, შესაბამისი შრის ნიღბის მინიატურაში შევხედავთ შეღებილ არეალს (ფოტო №5).

ფოტო №4
ფოტო №5

გადავიდეთ ფერთა კორექციაზე, მაგრამ მანამდე გავერკვეთ ზოგადად ფერთა შეზავების პრინციპებში. ფერთა შეზავება საკმაოდ საინტერესო და შემოქმედებითი საქმეა. საჭირო ფერისა და ტონის მისაღებად შესაბამისი კანონზომიერებები არსებობს. მაგალითად, რა მოუვა მწვანე საღებავს, თუ მასში იმავე რაოდენობის წითელს ანდა ყვითელს ჩავასხამთ? თუ რაოდენობის ნახევარს? ანდა თუ თეთრ ან შავ საღებავს დავამატებთ? ამ პრინციპების ცოდნა აუცილებელია მათთვის, ვისაც ფერის მიღებასა და კორექციასთან აქვს საქმე, მაგალითად, მხატვრისთვის, ფოტოგრაფისთვის და ა.შ. გსმენიათ ალბათ, ესა და ეს ხელოსანი ავტომანქანის შეღებვისას “ფერს ისე დასვამს”, ქარხნულისგან არ გაირჩევაო, რაც მის მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს.
ფერთა მოქმედ RGB და CMYK მოდელებში არსებობს ძირითადი და დამატებითი ფერები (რომლებიც თეთრი შუქის დაშლით მიიღება). ძირითადებია: RGB – წითელი, მწვანე, ლურჯი; დამატებითი ფერებია: CMY – ცისფერი, მეწამულისფერი და ყვითელი. ძირითადი და მისი შესაბამისი დამატებითი ფერის ერთნაირი დოზით ნაზავი შავ ფერს გვაძლევს. ქვემოთ მოცემულია (ფოტოები №6, 7) ძირითადი და დამეტებითი ფერების შერევით მიღებული შედეგები, ხოლო მე-8 ფოტოზე მოცემულია ფერადი ექვსკუთხედი, რომელიც არამხოლოდ ძირითად და დამატებით, არამედ ნახევარტონებსაც შეიცავს. ქვემოთ მოყვანილი მაგალითებით, თქვენ ადვილად გაარკვევთ ფერთა შეზავების პრინციპებს, ამიტომ, მე აღარ შევუდგები ამ თემის დეტალურ განხილვას.

ფოტო №6
ფოტო №7
ფოტო №8

შრეების (Layers) ფანჯარაში გავააქტიუროთ კიდევ ერთი ახალი რეგულირებადი შრის ღილაკი და მენიუში ავირჩიოთ კატეგორიის სახე "Selective Color", რის შემდეგაც პროგრამა შემოგვთავაზებს შესაბამის ფანჯარას, სადაც შესაძლებელია საჭირო ფერის არჩევა და შესაბამის ფერთა მცოცავი რეგულატორებით მასში კორექტირების შეტანა. აქვე შევნიშნავ, რომ ანალოგიური ოპერაციების ჩატარება შესაძლებელია ფოტოშოპის სხვა ინსტრუმენტებითაც, მაგრამ, ჩემი აზრით, სელექციური ფერების რეგულირების ინსტრუმენტი გაცილებით მოსახერხებელი და თვალსაჩინოებისთვის შედარებით მარტივია. უპირველესად საჭიროა, რეგულირების მეთოდში ავირჩიოთ "Absolute". ამის შემდეგ ვაანალიზებთ ფოტოზე არსებულ ობიექტებს, მის არსებულ და სასურველ ფერს. ავიღოთ ბალახი, რომელიც 2 სახისაა, გამხმარი და ცოცხალი, თუმცა ორივე მათგანის არსებული ფერი და გაჯერებულობა უღიმღამოა. ფანჯარაში ავირჩიოთ ყვითელი ფერი და ვცადოთ მისი კორექტირება. მცოცავი რეგულატორით დავუმატოთ ცისფერი +40 ერთეული, რის შედეგადაც ვნახავთ, რომ გახმარი ბალახის ფერი შეიცვლება და მწვანე ფერის დიაპაზონს მიუახლოვდება (ფოტო №9). ამით კი საერთო პალიტრა გაღარიბდება, რაც ამჯერად არ შედის ჩვენს მიზნებში. ცისფერი ფერის მცოცავი რეგულატორით –20 ერთეულით მოვაკლოთ ცისფერი ფერი და ყვითელი ფერის რეგულატორით დავამატოთ +30 ერთეული ყვითელი. ამავე დროს, მოვუმატოთ სიკაშკაშე შავი ფერის –3 პროცენტის მოკლებით. სურათი შეიცვალა (ფოტო №10). მდელოს დაემატა მზის სხივით განათებული ველი, თუმცა მწვანე ფერს კვლავაც აკლია სიხასხასე და ეს ბუნებრივიცაა – ჩვენ ხომ ჯერ მისი კორექცია არ მოგვიხდენია.

ფოტო №9
ფოტო №10

ფერების ფანჯარაში ავირჩიოთ მწვანე, დავამატოთ 10 პროცენტი ცისფერი და გამოვაკლოთ 20 პროცენტი მეწამულისფერი. ვნახავთ, რომ ამის შედეგად მწვანე ბალახი მეტად ხალისიან ფერს მიიღებს. მცირე კორექცია შევიტანოთ ნაცრისფერებშიც – ავირჩიოთ ნეიტრალური ნაცრისფერი, მოვუმატოთ სიკაშკაშე –10 პროცენტი, მოვაკლოთ ცისფერი –1 პროცენტი და მოვუმატოთ ყვითელი +1 პროცენტი. ყვავილების "გასაცოცხლებლად" საკმარისი აღმოჩნდა ფანჯარაში მეწამულისფერის არჩევა და ცისფერის 10 პროცენტით მოკლება. კლდეების გამოსაკვეთად კი თეთრ ფერში სიკაშკაშე 12 პროცენტით გავზარდე. როგორც ხედავთ, ჩვენმა მანიპულაციებმა ცის ფერიც შეცვალა, რის გამოსასწორებლადაც კვლავ მოვიმარჯვოთ ფუნჯი, შავი საღებავი და დავადოთ მას ნიღაბი. მე ასევე 50-პროცენტიანი გამჭვირვალობით, შავი საღებავით ნიღაბი დავადე მარცხენა მხარეს მდებარე ფერდობსაც, რათა იგი, ტონალური პერსპექტივიდან გამომდინარე, წინა პლანთან შედარებით ნაკლებად გაჯერებული ფერებით გამოირჩეოდეს. ახლა მივხედოთ ღრუბლებსაც – მივცეთ მას უფრო მეტად საინტერესო შეფერილობა. ამისათვის შრეების (Layers) ფანჯარაში კიდევ ერთხელ გავააქტიუროთ ახალი რეგულირებადი შრის ღილაკი და მენიუში ავირჩიოთ კატეგორიის სახე "Selective Color", რის შემდეგაც ეკრანზე გამოვა ჩვენთვის ნაცნობი რეგულირების ფანჯარა, სადაც კორექტირებისთვის ვირჩევთ თეთრ ფერს, რადგან ღრუბლის უმეტესი ნაწილი თეთრია. ცისფერი –2 პროცენტი, მეწამულისფერი –1 პროცენტი, ყვითელი +2 პროცენტი, სიკაშკაშე კი –3 პროცენტი. ვინაიდან ღრუბელი ნაცრისფერ ტონებსაც შეიცავს, მასშიც შევიტანოთ ცვლილებები – ავირჩიოთ ნაცრისფერი და მასში შევიტანოთ შემდეგი კორექცია: ცისფერი +1, მეწამულისფერი -7, ყვითელი –16, სიკაშკაშე –2. ანალოგიურად დავაკორექტიროთ თეთრი ფერიც: ცისფერი +1, მეწამულისფერი -1, ყვითელი +1, სიკაშკაშე –1. ამ შემთხვევაშიც კორექციის მოქმედება მთელ გამოსახულებაზე გავრცელდა, ამიტომ ნიღბით დავფაროთ ყველა სხვა ობიექტი, გარდა ღრუბლებისა. ჩვენს მიერ შესრულებული პროცედურების შედეგად ფერთა პალიტრა აშკარად გაუმჯობესდა, მაგრამ მზიანი დღის ეფექტისთვის თითქოს კიდევ აკლია რაღაც. დიახ, ეს გახლავთ კონტრასტი, რომელიც მზიან განათებას ახასიათებს.

შევეცადოთ ამ პარამეტრის რეგულირებასაც. შრეების (Laiers) ფანჯარაში კიდევ ერთხელ გავააქტიუროთ ახალი რეგულირებადი შრის ღილაკი და მენიუში ავირჩიოთ კატეგორიის სახე "Curves", რის შემდეგაც ეკრანზე გამოვა შესაბამისი რეგულირების ფანჯარა. დიაგონალური ხაზის მდებარეობა განსაზღვრავს შესაბამისი პიქსელის სიკაშკაშეს. კონტრასტის მომატებისთვის ნათელ პიქსელებს სიკაშკაშე კიდევ უფრო მოვუმატე, ხოლო ჩრდილები კიდევ უფრო დავამუქე.ამისათვის საჭიროა, დიაგონალურ ხაზზე შუაში, მის ქვემოთ და მის ზემოთ წერტილები მოინიშნოს. ამ წერტილის გადაადგილება ზემოთ სიკაშკაშის მომატებას განაპირობებს და პირიქით.
ფოტო №11
ამ პროცედურამაც არასასურველად იმოქმედა ღრუბლებზე და კვლავ, ჩვენთვის უკვე ცნობილი მეთოდით (ფუნჯით და შავი საღებავით), ეს ველი პირვანდელ სახეს დავუბრუნე. შემდგომი ეტაპი პროცედურების დროს შექმნილი ყველა შრის ერთ შრედ გადაქცევაა, რისთვისაც ვასრულებთ მოქმედებას "Layer"-"Flatten Image", რის შედეგადაც, მოხდება მაკორექტირებელი და ძირითადი შრის საბოლოოდ “შეწებება”. გამოსახულება მზად არის შემდგომი პროცედურებისთვის (ვებ თუ საბეჭდი ვერსიის ზომის მიცემის, სიმკვეთრის თუ სხვა პარამეტრების რეგულირებისთვის). №12 ფოტო ორიგინალია, №13 კი, ფერის კორექციის შემდეგ.

ფოტო №12
ფოტო №13

განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი, სადაც ადგილი აქვს აშკარა ფერწანაცვლებას, ანუ მთლიან პალიტრაში დომინირებს ერთი ფერი, ჩვენს შემთხვევაში ყვითელი, და საჭიროა მისი ზეგავლენის მოხსნა სხვა ფერებზე. ეს ფოტო ფოტოგრაფმა ''მისტერ უცნობმა'' მოგვაწოდა და თუ შეგვეხმიანება, მის სახელს უმალვე გაცნობებთ. როგორც ფოტოზე (ფოტო №14) ჩანს, ცა არაბუნებრივად ყვითელია და ეს ფერი ასევე “დადებულია” სხვა ფერის შენობებზეც. ვნახოთ, როგორ შეიძლება მისი კორექტირება.

ფოტო №14

აქვე აღვნიშნავ, რომ ამ პრობლემის მოგვარებისთვის პროგრამაში არსებობს სხვა ინსტრუმენტებიც, მაგრამ ამჯერად ჩვენს მიზანს ზემო მაგალითში განხილული ინსტრუმენტის გამოყენების შესწავლა წარმოადგენს. პირველ რიგში, შევქმნათ შესაბამისი მაკორექტირებელი შრე (Levels) და შევასწოროთ დინამიური დიაპაზონი (ფოტო №15). ანალოგიურად შევქმნათ სელექციური კორექტორის შრე "Selective Color" და განვსაზღვროთ, რომელ ფერებს ესაჭიროებათ კორექცია. თუ დავაკვირდებით ცას, იოლად დავადგენთ, რომ, პირველ რიგში, ეს გახლავთ თეთრი და ნეიტრალური ნაცრისფერი, საიდანაც საჭიროა ზედმეტი ყვითლის ამოკლება. გარდა ამისა, სიყვითლის მოშორების პარალელურად შევეცადე ღრუბლებისთვის გარკვეული ელფერიც მიმეცა. თეთრ ფერში ყვითლის კორექციამ -90 პროცენტი შეადგინა, მეწამულისფერმა კი - მხოლოდ –1 პროცენტი, ხოლო რაც შეეხება ნაცრისფერს, გარდა –10 პროცენტი ყვითლისა, დავუმატე +8 პროცენტი ცისფერი და გამოვაკელი –1 პროცენტი მეწამულისფერი.

ფოტო №15
ფოტო №16

ეს პარამეტრები თქვენ შეგიძლიათ სხვა ზომით და მიმართულებითაც არეგულიროთ, მაგრამ მთავარია, ყველა შემთხვევაში მოზომილად და ფრთხილად შეარჩიოთ, რადგან ფერის რამდენიმე პროცენტით კორექციაც კი მნიშვნელოვნად ცვლის გამოსახულების ელფერს. ცნობილი ხერხით დავფაროთ ნიღბით ყველაფერი გარდა ღრუბლებისა და ამავე სახის დამოუკიდებელი შრით შევეცადოთ დანარჩენი ნაწილის გაკორექტირებას. ახალ შრეში უპირველესად კორექცია გავუკეთოთ ნაცრისფერს – მოვაშოროთ მას ზედმეტი სიყვითლე და მოვუმატოთ სიკაშკაშე: -10 და –15 პროცენტი, +3 მეწამულისფერი. გარდა ამისა, მე თავად ყვითელ და შავ ფერებსაც მოვუმატე სიკაშკაშე, შესაბამისად, –20 და –6 პროცენტი. წითელი სახურავებისა და დროშის ფერის კორექციისთვის წითელ ფერში გამოვაკელი –20 პროცენტი ცისფერი და დავუმატე +15 პროცენტი მეწამულისფერი. ამასთან, შავ ფერში ამოვაკელი –2 ყვითელი და დავუმატე +3 მეწამულისფერი. ამ მოქმედებებმა ცაზეც იმოქმედა, ამიტომ მე ის ნიღბით დავფარე. შევქმნათ კიდევ ერთი მაკორექტირებელი შრე, რომელშიც მოვუმატებთ სიკაშკაშეს საშუალო ტონებს და ამავე დროს გავზრდით კონტრასტს (ფოტო №16). მიღებული შრეები ვაქციოთ ერთ შრედ და ფოტოც მზადაა შემდგომი დამუშავებისთვის (ფოტო №17).

ფოტო №17

მოცემულ შემთხვევაში ჩავთვალე, რომ, როგორც ვარიანტი, კიდევ ერთხელ შემეცვალა ცის ელფერი და საღამოსთვის დამახასიათებელი გამეხადა. ამისათვის შევქმენი მაკორექტირებელი შრე "Curves", რომელშიც ჯერ ღია ტონები გავამუქე (ფოტო №18), შემდგომ კი შევცვალე წითელი და მწვანე ფერების მახასიათებლები (ფოტოები №19, 20) , რის შედეგადაც ქვემოთ მოცემული ფოტო მივიღე (ფოტო №21).

ფოტო №18
ფოტო №19
ფოტო №20
ფოტო №21

იმედია, ამ მაგალითებისა და პრინციპების გაზიარებით არ გაგიჭირდებათ ფერის კორექციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სირთულის შემოქმედებითი ამოცანის გადაწყვეტა. ყველაფერი თქვენს ფანტაზიასა და განათების ლოგიკური თავისებურებების გაზიარების კომპრომისზეა დამოკიდებული. წარმატებებს გისურვებთ!