ფოტოპროექტი სახეები

ავტორი: ნინო მღებრიშვილი

 

ეს არ გახლავთ კარგად დავიწყებული ძველის გახსენება, ეს უბრალოდ იმ ეპოქაში დაბრუნებაა, როცა რომანტიზმი მხოლოდ პოეტთა ლექსებში არ გამოსჭვიოდა, არამედ არისტოკრატთა ყოველდღიურობას ერთგვარ შარმად გასდევდა.

ბანოვანთა თავდაჭერილი მზერა, მოლოდინი მთვარის შუქზე, კლასიკური მომხიბვლელობა და მრავლისმეტყველი მზერა – ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის რეტროგარემო ფოტოგამოფენა “სახეების” თითოეულ ექსპოზიციას ორგანულად შეერწყა.

იყო უამრავი სტუმარი, პროფესიონალი ფოტოგრაფი თუ უბრალოდ ფოტოხელოვნების მოყვარული და შემფასებელი. აფასებდნენ დებიუტანტ ფოტოგრაფთა ნამუშევრებს, თავად დებიუტანთა ძიების, ხელწერის თუ ჩანაფიქრის ფოტოქაღალდზე გადატანის ერთგვარ მცდელობას, მნახველამდე საკუთარი ნააზრევის მიტანის სურვილის განხორციელებას; აფასებდნენ მათ, ვინც რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა და თან ქმნიდა სახეებს, თუმცა ეს არ იყო ფოტოგრაფიისთვის დამახასიათებელი წამში გაყინული დოკუმენტალისტიკა, ეს იყო დაბრუნება დროში, ძველ ეპოქაში, იმ წარსულში, როცა პატეფონი ხის უბრალო ყუთითან სასიამოვნო ჰანგებს აფრქვევდა, როცა ფოტოგრაფია ის-ის იყო, ფეხს იკიდებდა და ფოტოაპარატი ჯერ კიდევ უზარმაზარი შავი ყუთი იყო...

და მოეწონათ. ელამაზათ, ემშვენიერათ. ჩვენმა ფოტოგრაფთა სამყარომ გაიცნო დებიუტანტები – ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრები. და დააფასეს. დააფასეს რამდენიმეთვიანი შრომა, მომქანცველი, დამღლელი, თუმცა სასიამოვნო. რთულია თანამედროვე სტუდიურ განათებასთან მუშაობა, რთულია ტექნიკური დეტალებისა და თეორიის შესწავლა, სასიამოვნოა პროფესიონალ მოდელებთან მუშაობა, გადაღებული ნამუშევრების ხილვა და ბოლოს გამოფენაზე საკუთარი ნაშრომის წარდგენა, და ეს სასიამოვნოა არა მხოლოდ დებიუტანტებისთვის. პედაგოგისთვისაც. სტუდიისთვისაც. მოდელებისთვისაც. დამთვალიერებლებისთვისაც.

ოდესმე ეს ფოტოებიც ისევე გაიცრიცება, როგორც მათზე ასახული ეპოქა, გავა წლები და ფოტოგრაფთა ასოციაციის მასტერკლასებზე ფოტოლაიფსტუდიოში გატარებული პერიოდი ერთ მომცრო ეპიზოდად ჩაიწერება მათ ცხოვრებაში. გავა წლები და დღევანდელი დებიუტანტები ხვალ გამოცდილ ფოტოგრაფებად იქცევიან. მრავალ საგამოფენო თუ არასაგამოფენო ფოტოს გადაიღებენ, მაგრამ პირველი სხვაა. პირველი არასდროს იჩრდილება.

 




















 

რედაქცია მადლობას უხდის საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციას ფოტომასალის მოწოდებისთვის.