NON NOBIS, DOMINE, NON NOBIS, SED NOMINI TUA DA GLORIAM!

ავტორი: ნინო მღებრიშვილი

ფოტო: კახა ფხაკაძე, ზურა თვაური, კონსტანტინე ჯანჯღავა



ძნელია, წერო ფილმზე, რომელიც მაყურებელს ჯერ არც უნახავს, ფილმზე, რომელიც შეიძლებოდა, ერთ რიგით სადიპლომო ნამუშევრად დარჩენილიყო, რომ არა თავად ფილმის მთავარი მოქმედი გმირი – დავით აღმაშენებელი, თუმცა, მე ფილმზე არ მოგიყვებით. მე მოგითხრობთ, როგორ იქმნებოდა ეს ფილმი...
ლოს-ანჯელესის კინოსკოლაში თავდაპირველად სტუდენტებმაც და პედაგოგებმაც ერთი ქართველი სტუდენტის – ნიკოლოზ ხომასურიძის სურვილი, გადაეღო სადიპლომო ფილმი ქართველთა სათაყვანებელ მეფე დავით აღმაშენებელზე, გიჟურ ახირებად ჩათვალეს. გიჟურ ახირებად ჩათვალეს აქ, საქართველოშიც...
სწორედ ამ “გიჟური ახირების” განსახორციელებლად წავიდა ნიკოლოზი ლოს-ანჯელესში სასწავლებლად. სწავლის დასასრულს კი ამერიკელთა გადამღები ჯგუფი გამოიყოლა საქართველოში: კინოსკოლის მთავარი რეჟისორი სალვადორ კარასკო ფილმ “დიდგორის” გადაღებისას მთავარ კონსულტანტად წამოჰყვა ქართველ რეჟისორს. ოპერატორებიც, რეჟისორის თანაშემწეებიც და გადამღებ ჯგუფში სხვა საჭირო პროფესიის ადამიანებიც ლოს-ანჟელესის კინოსკოლის კურსდამთავრებულები გახლდნენ.
დავით აღმაშენებლისეული საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი – დიდგორის ბრძოლა 40-წუთიანი ფილმის 12 სცენაში უნდა ჩატეულიყო. ერთკვირიანი გადაღებები თბილისსა და მის შემოგარენში მიმდინარეობდა.
ძალაუნებურად ყველა ეპიზოდის გადაღებას ვესწრებოდი, რადგან ფილმის ფოტოგადაღებებს სტუდია Photolifestudio უზრუნველყოფდა. საინტერესოა გადასაღები მოედანი მთელი თავისი ორომტრიალით, ეს დაახლოებით იგივეა, რაც მწერლის მიერ რომანის დაწერას ადევნებდე თვალს – რეჟისორი შენს თვალწინ “წერს” ფილმს, თუმცა, წერის, ისევე როგორც გადაღებების პროცესი არ ჰგავს მზამზარეული ფილმის ყურებას ან რომანის კითხვას – გადასაღები მოედნის ტექნიკური გამართვა, მსახიობთა ექსპრომტი რეპეტიციები, დუბლების რუტინა – მთლიანობაში ერთ დიდ ქაოსად გეჩვენება და ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მდინარის ქვიშას ჰგავს, რომლისგანაც ოქრო უნდა გამოიცრას...

დღე პირველი

გადაღებების პირველი დღე რესტორან "მეიდანში" ილღაზისა და სულთან მაჰმუდის შეხვედრის სცენით დაიწყო. გადასაღებ მოედანზე პირველად გახლდით, ამდენად მთელ ამ პროცესს დიდი ინტერესით და, ამავე დროს, სიამოვნებით ვადევნებდი თვალს. საკმაოდ საინტერესო საყურებელი იყო, თუ როგორ მუშაობენ ჰოლივუდის სტანდარტებს შეჩვეული ამერიკელები. საკმაოდ დინამიურად და ტემპში მიდიოდა ყველაფერი: გადასაღები მოედნის ტექნიკური მომზადებაც, რეპეტიციაც და თავად გადაღებაც. რეჟისორის დაძახილი: ექშენ!" და ჩვენს თვალწინ მე-12 საუკუნე ცოცხლდებოდა მთელი თავისი აღმოსავლური ეგზოტიკით.
ილღაზისა და სულთან მაჰმუდის როლების შემსრულებლები: გივი ჩუგუაშვილი და ვალერი კორშია მართლაც არაფრით ჩამოუვარდებიან ჰოლივუდელ მსახიობებს. გარეგნობითაც და ხმის ტემბრითაც ისინი მართლაც რომ შეეფერებიან აღმოსავლელ მბრძანებლებს. ამას თავად ამერიკული კინოსკოლის მთავარი რეჟისორის კმაყოფილი შეძახილებიც მოწმობდა ყოველი დუბლის გადაღების შემდეგ.

დღე მეორე

აღმაშენებლისა და თურქ-სელჩუკის ბრძოლის სცენის გადასაღებად მზადება გამთენიისას დაიწყო.
დავითმა მზაკვრულად ზურგს უკან მიპარულ მტერს მახვილი ისე მოუქნია, რომ ფარი შუაზე გადაუჩეხა ხელთან ერთად. ამ სცენის ლამის თითოეული დეტალის გადაღება ცალცალკე ხდებოდა. გადასაღები მოედნის საიდუმლოებებს მთლიანად არ გავთქვამ, მაგრამ გაგიმხელთ, რომ საკმაო "სისხლი" დაიღვარა. მსახიობები: ელგუჯა ბურდული და გია გოგიშვილი მშვენივრად თამაშობდნენ ამ უსიტყვო სცენას.

დღე მესამე

ეს დღე საკმაოდ დატვირთული გახლდათ სცენებით. გადაღებები ტყეში, თბილისის შემოგარენში მიმდინარეობდა. თურქ-სელჩუკებისა და აღმაშენებლის მცველების ბატალური სცენებით ამერიკელებიც მოიხიბლნენ. ქართველ მსახიობებსა და ხრიდოლის მებრძოლებს მართლაც რომ გათვლილი ჰქონდათ მიზანსცენის თითოეული დეტალი. საკმაოდ საინტერესო გახლდათ დავით აღმაშენებლისა და ზურგიდან მუხანათურად მიპარული სელჩუკის შებრძოლების სცენაც.
დღის მეორე ნახევარში გადაღებებმა სვანურ კოშკთან გადაინაცვლა, სადაც დავითმა არსენ იყალთოელისა და დემეტრეს თანხლებით ქართველთა ლაშქარი და მათთან ერთად ტამპლიერები (ჯვაროსნები) აკურთხა დიდგორის ბრძოლის წინ.

ლირიული გადახვევის მაგიერ: ასე გავიდა სამი დღე... ზოგადად დღიურების წერა არ მჩვევია, თუმცა, ყოველი გადაღების დღის დასრულების შემდეგ პატარ-პატარა ჩანაწერებს ვაკეთებდი. აი, რა დამიწერია: საკმაოდ შრომატევადია გადამღები ჯგუფის მუშაობა. თუმცა, ყველა თავდაუზოგავად შრომობს და პესიმისტების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მართლაც შესაძლებელი ყოფილა შვიდიოდე დღეში მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება, თუკი სისხამ დილიდან დაიწყებ შრომას და ყველაფერს სწორად დაგეგმავ. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ფილმის გადაღება ლამის წლობით გრძელდება, არადა, ტექნიკური საშუალებები, გადაღებების სწორი მენეჯმენტი, ტექნიკური და ორგანიზაციული მხარის სწორად დაგეგმვა და უზრუნველყოფა - თუ ამ ყველაფერს სწორად მოაბამ თავს, რატომაც არა? აბა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰოლივუდი (და თუნდაც ბოლივუდი) ამდენ ფილმს ვერ გადაიღებდა. ვიცი, ვინმე აუცილებლად მეტყვის, რომ იქაური ფილმების უმეტესობა შორსაა ხელოვნებისგან და კომერციაზეა გათვლილი, მაგრამ ამის მიზეზი სხვაა და არა გადაღების სისწრაფე.

დღე მეოთხე

მიზანსცენაზე ტამპლიერები ჩნდებიან. ჯვაროსნები მეფე დავითთან დახმარების სათხოვნელად ჩამოდიან. შეხვედრა ერთ-ერთ სამჭედლოში ხდება. საკმაოდ ლამაზი სცენაა: ტამპლიერები მეფე აღმაშენებელს სამჭედლოში ელიან, დავითს კი სამჭედლოში შესვლამდე ზიზილო და მისი მეგობრები სიმღერით ეგებებიან. დავითიც აჰყვება სიმღერაში გოგონებს, შემდეგ კი სამჭედლოში უჩინარდება...
ერთ-ერთ ტამპლიერს ჰოლივუდელი მსახიობი მიკა საყვარელიძე თამაშობს. ჰუგო დე პეინის სათამაშოდ კი საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა ამერიკელი მსახიობი ნევინ მილანი. მას მართლაც შუასაუკუნეების რაინდის გარეგნობა აქვს.
ბლიც-ინტერვიუ ნევინ მილანთან:
- ყოველთვის მაინტერესებდა რაინდთა და თავგანწირულთა თამაში, ამიტომაც, როცა ნიკოლოზ ხომასურიძე ემაილით შემეხმიანა და ტამპლიერის როლი შემომთავაზა, ვთქვი: “დიახ! დიდგორი!” შემდეგ ლოს-ანჟელესის კინოსკოლაში შევხვდით და ვისაუბრეთ ამ ფილმის შესახებ. ვაღმერთებ ისტორიულ როლებს. “დიდგორის” მსგავად რამდენიმე დამოუკიდებელ ფილმში მაქვს ნათამაშევი იესოს, რომაელი ჯარისკაცის როლები. მიყვარს ისტორიული ფილმები, ამ დროს ბევრს სწავლობ. ამ ფილმამდე დავით აღმაშენებელსა და დიდგორის ბრძოლაზე არაფერი ვიცოდი, თუმცა მსმენოდა ტამპლიერ რაინდთა შესახებ. მართლაც აღფრთოვანებული ვიყავი მათით.
- ქართველ მსახიობებსა და ზოგადად გადამღებ ჯგუფთან მუშაობაზე რას იტყვით?
- მეფე დავით აღმაშენებლის როლის შემსრულებელი მსახიობით მართლაც აღფრთოვანებული ვარ. ჩემთვის დიდი პატივია მასთან ერთად მუშაობა. არაჩვეულებრივი მსახიობია. თავად ნიკოლოზი ისეთი შემართებით არის, რომ მისი ჟინით და სწრაფვით აღტაცებული ვარ. ამიტომაც ვარ აქ. ნიკოლოზი ჯერ კდიევ სწავლობს, ეს მისი პირველი პროექტია, მაგრამ ის უდიდეს საქმეს აკეთებს.


 

დღე მეხუთე

ბოლნისთან ახლოს, თამარის ციხესიმაგრეში დილიდანვე დიდი აურზაური იდგა. ქართულ საბრძოლო ტანსაცმელში გამოწყობილი ბიჭუნები ქართული ორთაბრძოლის ილეთებს ხვეწდნენ და რეპეტიციებს ციხესიმაგრის მაღალი გალავნით გარშემორტყმულ ეზოში გადიოდნენ. გალავნის ზღუდეზე კი მეფე თავის ვაჟთან, დიმიტრისთან ერთად სეირნობდა. ისინი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე ბჭობდნენ. წინ დიდგორის ბრძოლა ელოდათ. შორიახლო კი “შენ ხარ ვენახი”-ის სულშიჩამწვდომი გალობის ხმა მოჰქონდა ნიავს.
გახმოვანება გადაღებების პარალელურად მიმდინარეობდა, ამიტომაც საკმაოდ რთული იყო ამდენი ადამიანის და, მით უმეტეს, ამდენი ბავშვის გაჩუმება. ერთი დაჩურჩულებაც და დუბლი თავიდან ხდებოდა გადასაღები.

დღე მეექვსე

ამ დღეს რესტორნ "თამადის" ერთ-ერთ მომცრო დარბაზში ისედაც ძველებური ატმოსფერო ფილმის დიზაინერებმა ისე გადააკეთეს, რომ სანთლებით განათებულ ინტერიერს მართლაც მე-12 საუკუნის იერუსალიმში გადაჰყავდით. რუკას ორი მეფე ჩასცქეროდა. იმ მომენტში იერუსალიმში მსოფლიოს ბედი წყდებოდა. მეფეთა სჯა-ბაასს კი ტამპლიერთა შეძახილი ერთვოდა: NON NOBIS, DOMINE, NON NOBIS, SED NOMINI TUA DA GLORIAM ("არა ჩემთვის, უფალო, არა ჩემთვის, არამედ შენი სახელის სადიდებლად").
ინტერიერს მხოლოდ გადაღების წინ მოვკარი თვალი, რადგან ადგილის სიმცირის გამო მომცრო დარბაზში მხოლოდ ტამპლიერები და გადამღები ჯგუფი ეტეოდნენ, თანაც კამერა მთელ ოთახს აფიქსირებდა, მოკლედ, ჩვენი ადგილი იქ არ იყო. სამაგიეროდ, ეზოში მყოფები ვხედავდით, თავსხმა წვიმაში დარბაზის შესასვლელ კართან როგორი მოთმინებით ილუმპებოდა მეფე ბოლდვინის როლის შემსრულებელი ენდრიუ ტეილორი, რომელიც სცენარის მიხედვით ტამპლიერებთან უნდა შესულიყო.

დღე მეშვიდე

და საფინალო აკორდის დღეც დადგა: გადამღები ჯგუფი დილიდან დიდგორისკენ გაემგზავრა. ამინდი საკმაოდ მოქუფრული და სუსხიანი იყო, თუმცა, ბატალური სცენის გადაღებებისთვის ამას ხელი არ შეუშლია. დიდგორის ბრძოლის მონუმენტის – მიწაში ჩარჭობილი უზარმაზარი ხმლების გვერდით მე-12 საუკუნე ისევ ბრუნდებოდა. საკმაოდ ეფექტური კადრები იყო.
სცენაში, როცა მეფე შეძახილით წინ მოუძღვის ლაშქარს და თავადაც მათთან ერთად მტრის წინააღმდეგ შეტევაზე გადადის, ერთ-ერთი დუბლის დროს ბატონი გუჯა წაიქცა და ცოტა არ იყოს დაშავდა. როცა მოგვიანებით მოვიკითხე, გამიღიმა, გასისხლიანებულ ხელის მტევანზე დაიხედა და მითხრა, დიდგორის ველზე აღმაშენებლის სისხლი ხომ უნდა დაღვრილიყო, სიმბოლურიაო.
ისე, გუჯა ბურდულის მიერ შექმნილი აღმაშენებლის სახით აღფრთოვანებულნი დარჩნენ თვით ამერიკელებიც. საოცარი პიროვნებაა თავად ბატონი გუჯა: თავმდაბალი, მშვიდი, მორიდებული... სწორედ ამიტომაც იყო, რომ ყოველი გადაღების დღეს ლამის რიგი იდგა: ყველას სურდა როგორც მეფე აღმაშენებელთან, ისე თავად ბატონ გუჯასთან ფოტოს გადაღება.
მოდით, რახან გუჯა ბურდულზე უკვე ვთქვი, სხვა მსახიობებზეც გეტყვით ჩემს შთაბეჭდილებებს. სიმართლე გითხრათ, მსახიობები ცოტა ქედმაღალი ხალხი მეგონა (ოღონდ, არ ვიცი, რატომ), არადა, საკმაოდ მორიდებული, თავმდაბალი და უშუალო ადამიანები არიან (გუჯა ბურდული ხომ პირდაპირ ამ თვისებების განსახიერებაა). ირაკლი ჩოლოყაშვილი (დემეტრე), დიმა ტატიშვილი (არსენ იყალთოელი), ვალერი კორშია (სულთან მაჰმუდი) და გივი ჩუგუაშვილი (ილღაზი) - მათი ქცევა გადასაღებ მოედანზე და მის მიღმაც მართლაც პროფესიონალიზმის მაჩვენებელი იყო: ისინი უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ რეჟისორის ყველა თხოვნას, პუნქტუალურად ცხადდებოდნენ გადაღებებზე და შესაშური მოთმინებით უცდიდნენ, როდის დაიწყებოდა მათი სცენა. ძალიან უშუალოები იყვნენ ტამპლიერებიც. ნევინ მილანს ქართული მისალმება ესწავლა, მართლაც ჰოლივუდური ღიმილით მოგიკითხავდა და კომპლიმენტზე მადლობასაც ქართულად გამართულად გეტყოდა. ალბათ ფოტოებზეც შეამჩნევდით, მსახიობებმა ქართველი მჭედლების როგორი სახეები შექმნეს. აღმაშენებლის მცველების მიერ თურქ-სელჩუკების მოგერიების სცენაც საკმაოდ შთამბეჭდავი გახლდათ. მსახიობები თოთოეულ დუბლზე ისე გულიანად "იბრძოდნენ", სულ ვფიქრობდი, ვიდრე რეჟისორი ცუტ-ს დაიძახებდა, მიწაზე გართხმულ "განგმირულ" “სელჩუკებს” მართლაც ხომ არ მოუვიდათ რამე-მეთქი. თურქ-სელჩუკის განსაკუთრებით საოცარი სახე შექმნა გია გოგიშვილმა. მისი მიმიკების შემყურეს მართლაც ბოროტი და ვერაგი მტერი გედგა თითქოს თვალწინ. სცენარის მიხედვით იგი ტყეში თავს ესხმის აღმაშენებელს, თუმცა მეფე ისე ძლიერ მოუქნევს მახვილს, რომ ფარს შუაზე გადაუჩეხავს (მერე ეს ჩვენი “თურქ-სელჩუკი” ხუმრობდა, ორი თვის წინ ბერბიჭაშვილი ვიყავი და ილია ჭავჭავაძეს ვკლავდი, ახლა აღმაშენებელს ვესხმი თავს - ცუდად არის ჩემი საქმეო).
მოკლედ, იმედია, რეჟისორი არ მიწყენს, გადასაღები მოედნის ამბები რომ მოგიყევით, თუმცა, ფილმის ნახვამდე მეც ერთი სული მაქვს. ერთი რამ ზუსტად ვიცი: ფილმის ყურებისას ალბათ გონებაში ყველა ის რეპლიკა, ეპიზოდი თუ ემოცია გაცოცხლდება, რომელიც ამა თუ იმ სცენის გადაღებისას, კამერის წინ თუ მის მიღმა ხდებოდა.

დასკვნის მაგიერ: მე მხოლოდ გადაღებების ამბები მოგიყევით. დასრულებული ფილმი კი ჯერ არ მინახავს, თუმცა, სხვა თუ არაფერი, ეს ფილმი დიდგორის ბრძოლისა და დავით აღმაშენებლის პირველი ეკრანიზაციაა და როგორი კრიტიკაც არ უნდა მოჰყვეს ფილმის ეკრანებზე გამოსვლას, ეს ფილმი ისტორიაში შევა პირველ პრეცენდენტად.