ჰენრი კარტიე-ბრესონი – მეოცე საუკუნის მატიანე

  მოამზადა ნინო ილურიძემ

თავისი დროის ერთ-ერთი უდიდეს ფოტოგრაფად წოდებული ჰენრი კარტიე-ბრესონის მუშაობის მეთოდები და მისი შესაძლებლობები ფოტოგრაფიის სამყაროში ლეგენდად იქცა. ის ცნობილი იყო უნარით, დარჩენილიყო უხილავი იმ ადამიანებისათვის, ვისაც იღებდა. თავის ფოტოაპარატის პრიალა მეტალის დეტალებს შავი ფ წერის საიზოლაციო ლენტით ფარავდა, რომ არ ებრჭყვიალა. გადაღების მომენტში უკვე დასრულებულ ფოტოს ქმნიდა. არასდროს ცვლიდა გადაღებულ ფოტოს, არ უკეთებდა კადრირებას. იგი ასევე ცნობილი იყო იმით, რომ სცენის გადაღებას ყოველთვის უმაღლესი ემოციური დაძაბულობის მომენტში ცდილობდა, რომელსაც “გადამწყვეტ მომენტს” უწოდებდა - მის მიერ ფოტოგრაფიულ სამყაროში დამკვიდრებული ცნობილი გამონათქვამი, რომელიც კარტიე-ბრესონისათვის ნიშნავდა “მომხდარის მნიშვნელობის მომენტალურ განსაზღვრას და ერთდროულად ფორმის ზუსტ ორგანიზაციას, რაც აძლევს მომხდარს მის შესაბამის ექსპრესიას”.


მას ჰქონდა უმაღლესი მგრძნობელობა და ადამიანის სულიერი ბუნების სიღრმეში წვდომის უნარი, რაც აუცილებელი იყო გადამწყვეტი მომენტის დაჭერისა და მისი ესთეტიური დაფიქსირებისთვის.
ჰენრი კარტიე-ბრესონის ფოტოხელოვნების პრინციპები შეიძლება შემდეგ რეზიუმედ გავაერთიანოთ:
- ვირტუალური “უჩინმაჩინობა”: ხედავდე, მაგრამ ვერ გხედავდნენ;
- არ შეცვალო გადაღებული კადრი;
- სცენის გადამწყვეტ მომენტში გადაღება;
- უპირატესობის მინიჭება ადამიანის თვალის ტოლფასი პერსპექტივისთვის. ეს ნიშნავს გამოიყენო ე.წ. ნორმალური ობიექტივი. კარტიე-ბრესონის შემთხვევაში, 50მმ-იანი ფოკუსური მანძილის მქონე ობიექტივი ფირის 35მმ-იანი ფოტოაპარატისთვის.

ჰენრი კარტიე-ბრესონი დაიბადა 1908 წლის 22 აგვისტოს, პარიზის მახლობლად მდებარე ქალაქ შანტლუში.
ჰენრის დედა იყო მარტა ლე ვერდერი (ქალიშვილობის გვარი), ხოლო მამა - ანდრე კარტიე-ბრესონი. მამის ორმაგი გვარი კარტიე-ბრესონი, რომელიც პირველად 1901 წელს დარეგისტრირდა, წარმოდგა გლეხი კარტიეების გვარის შეერთებით ბამბის ძაფის მეწარმე ბრესონების გვართან. მათი ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა ბრესონების ქალაქურმა ოჯახმა თავისი

ბავშვების მოვლა-პატრონობა სოფელში კარტიეების ოჯახს ჩააბარა. მოგვიანებით, კარტიეების ორი ვაჟიშვილი ბრესონების მოსწავლეები გახდნენ, ბოლოს კი, თავისი შეფის ქალშივილებზე დაქორწინების შემდეგ, საწარმოს მოწილეებიც გახდნენ. ბიზნესი ვითარდებოდა და ''კარტიე-ბრესონი”-ს სახელი მე-20 საუკუნის ბოლოს საფრანგეთში საკმაოდ ცნობილი ბამბის მწარმოებელ მარკად იქცა. მას მამის მხრიდან ბაბუის საპატივცემულოდ დაარქვეს ჰენრი. ის ხუთ შვილში ყველაზე უფროსი იყო. მხატვრობით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. 1913 წლის დეკემბერში ჰენრიმ თავისი მხატვარი ბიძა გაიცნო, რომელმაც ხელოვნების სამყაროს პირველად აზიარა. შემდგომ იგი ფერწერას ანდრე ლოტის სახელოსნოში




ეუფლებოდა. 1929 წელს ესწრებოდა ლექციებს ფერწერაში კემბრიჯის უნივერსტეტში.
1930 წელს ფერწერაში და გრაფიკაში განათლების დაწყების შემდეგ, იგი აფრიკაში სამოგზაუროდ გაემგზავრა. 1932 წელს, საფრანგეთში დაბრუნებულმა გადაწყვირა ფოტოგრაფიისათვის მიეძღვნა თავი. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ეჟენ აგტეს და ანდრე კერტისის რამდენიმე ფოტომ, მაგრამ ყველაზე დიდი ბიძგი ფოტოხელოვნებისაკენ იყო მარტინ მუნკასის 1930 წელს გადაღებული ფოტო, რომელზეც გამოსახულია ტბა ტაგანიკის (ტანზანია) ტალღებში დედიშობილა მხტომარე სამი შავკანიანი ადამიანი. კარტიე-ბრესონი აღტაცებული წერდა: ''ოჰ, ამის გაკეთება შეიძლება ფოტოაპარატის საშუალებით!'' იმავე წელს შეიძინა ფოტოაპარატი ''ლეიკა'', იმდროინდელი ბაზრის სიახლე, ე.წ. “35მმ-იანი ფოტოკამერა”, რომელმაც საშუალება მისცა დაკავებულიყო ფოტოგრაფიით და უმაღლესი ოსტატობისთვის მიეღწია.
კარტიე-ბრესონის პირველი გამოფენა შედგა 1933 წელს ესპანეთში. 1936 წლიდან 1939 წლამდე ის მუშაობდა ფრანგი რეჟისორის ჟან რენუარის ასისტენტეად. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კარტიე-ბრესონი მსახურობდა კაპრალად ფრანგულ არმიაში. მოხვდა ტყვეობაში, მაგრამ მოახერხა გამოქცევა და წინააღმდეგობის მოძრაობის რიგებში ჩაეწერა. 1945 წელს ამერიკის საომარი ინფორმაცის სამსახურის შეკვეთით გადაიღო ფილმი ''დაბრუნება'' – ემოციური და მძიმე ფილმი ტყვეების საფრანგეთში დაბრუნების შესახებ.
1947 წელს ნიუ-იორკში კარტიე-ბრესონმა თავის კოლეგებთან – რობერტ კაპასთან, დევიდ სეიმურთან, ჯორჯ როჯერთან, მაია აისნერთან, ბილი და რიტა ვანდივერტებთან ერთად დააარსა ფოტოჟურნალისტების გაერთიანება – სააგენტო ''MAGNUM PHOTO''. ამ სააგენტოს დაარსება ფოტოების მასიურმა მოპარვამ გამოიწვია, რითაც იმ წლებში ბევრი სააგენტო და ჟურნალი იყო დაკავებული. სააგენტოში ფოტოგრაფები ბოლომდე თავისი ფოტონამუშევრების სრულ მეპატრონეებად რჩებოდნენ, რაც იმ წლებისათვის საოცარი სიახლე იყო.
კარტიე-ბრესონი მუშაობდა ჩინეთში, ინდონეზიაში, ეგვიპტესა და ბევრ სხვა ქვეყანაში. მუშაობდა ფოტოგრაფად ჟურნალებში: ''ვოგი'', ''ლაიფი'' და ''ჰარპერს ბაზარი''.

























ორჯერ, 1954 და 1972 წლებში ეწვია საბჭოთა კავშირს, მათ შორის საქართველოსაც. ის იყო პირველი ფოტოგრაფი, რომელსაც სსრკ-ში ჩამოსვლის ნება დართეს სტალინის სიკვდილის შემდეგ. მან რუსეთის შესახებ წიგნიც გამოსცა.
ამ მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოების გამოფენა შედგა მოსკოვში ''ფოტობიენალე-2000''-ის დროს, რომელსაც ''მოსკოვი, რუსეთი. 50-იანი, 70-იანი წლები'' ეწოდა. ოთხმოცდაათ წელს გადაცილებულმა ოსტატმა თავის არქივში შემონახული მილიონი ნეგატივიდან თავად აარჩია ფოტოები გამოფენისთვის. საერთოდ, კარტიე-ბრესონი ცნობილი იყო როგორც არჩევის გენიოსი. მუშაობისას თითქმის ''კილომეტრობით'' ფირს ხარჯავდა, გადამწყვეტი მომენტის დაჭერისთვის და, შემდეგ, გადაღებულში ყველაზე გამომსახველ კადრს პოულობდა.
როგორც მოსკოვის ფოტოგრაფთა სახლის დირექტორი ოლგა სვირიდოვა იხსენებდა, ''ფოტობიენალე-2000''-ის გახსნისას, კარტიე-ბრესონმა რამდენიმე წლის წინ, მასთან მიცემული ინტერვიუს დროს, მოსკოვის გახსენებაზე ხმას დაუწია და ხელისგული მიკროფონს დააფარა. თუმცა, ამ დროს არაფერ საიდუმლოსა ან საშიშზე არ საუბრობდა. როგორც ჩანს, მასში იმ სამოცდაათიან წლებში არსებული შიში ცხოვრობდა, ჩვევა, ყოველთვის რაღაც დამალო, როცა საუბრობ საბჭოთა კავშირზე ან რუსეთზე.
1947 წელს გაიმართა მისი პირველი დიდი გამოფება ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. ასევე ჰქონდა გამოფენები პარიზში, მილანში, ტოკიოსა და კიოლნში. მრავალი წლის განმავლობაში ფრანგი ფოტოგრაფების საამქროს უფროსი იყო და მის ფოტოალბომებზე გაიზარდნენ ქვეყნის ასობით საუკეთესო ფოტოგრაფი. 1952 წელს გამოქვეყნდა მისი წიგნი ''გადამწყვეტი მომენტი'', რომელშიც შევიდა დახლოებით მისი ასი ნამუშევარი. ამ წიგნის და რუსეთის შესახებ ხსენებული წიგნის გარდა, გამოვიდა კიდევ ოთხი ალბომი – ''ევროპელები'' (1955), ''მოსკოველები'' (1955), ''ჰენრი კარტიე--ბრესონის სამყარო'' (1968), ''აზიის სახეები'' (1972, 1954).
1960 წლის ბოლოს – 1970 წლებში კარტიე ბრესონი დაკავებული იყო ფილმების გადაღებებით, კერძოდ ''კალიფორნიული შთაბეჭდილებები'' და ''სამხრეთული გადაღებები'' (1971წ.)
1975 წელს კარტიე-ბრესონმა ფაქტობრივად მიატოვა ფოტოგრაფია, რითაც მთელი ცხოვრება იყო დაკავებული. ხელოვნება, რომელმაც იგი ოლიმპზე აიყვანა, კარტიე-ბრესონისთვის ფერწერასა და მხატვრობაზე უფრო უმნიშვნელო საქმიანობად იქცა და დროდადრო მწარე შენიშვნების საგანი ხდებოდა ოსტატისთვის: ''საკუთრივ ფოტოგრაფია მე არ მაინტერესებს. მე მხოლოდ რეალობის დაჭერა მსურს. მე არ მინდა არაფრის დამტკიცება, არაფრის ხაზგასმა. ადამიანი და ნივთები თავისთავად საუბრობენ. მე არ ვსაქმიანობ ''სამსზარეულოში''. ლაბორატორიაში ან სტუდიაში მუშაობა ჩემთვის გულისამრევია. მძულს მანიპულაციები – არც გადაღების დროს, არც შემდეგ, ბნელ ოთახში. კარგი თვალი ყოველთვის შეამჩნევს ასეთ მანიპულაციებს. ხელოვნების ერთადერთი მომენტი – ეს წამის ოცდამეხუთედია, როცა ჩამკეტი გაიჩხაკუნებს, კამერაში შუქი გაიელვებს და მოძრაობა გაჩერდება''.
თავად პროფესიონალებში დიდ გაკვირვებას იწვევს, როგორ იყო შესაძლებელი ასეთი მომენტების დაჭერა - მოასწრო აპარატის ამოღება, გაასწორო სიმკვეთრე. ახსნა მხოლოდ ერთია - ოსტატი თავისი აპარატის ნაწილი იყო. ობიექტივი – თვალის გაგრძელებაა, ხოლო სიმკვეთრის გასწორება – თითის წვერებში არსებული ინსტიქტი. ''ჩემთვის ყველაზე ძნელი პორტრეტის გადაღებაა – ამბობდა კარტიე-ე-ბრესონი, - უნდა შეეცადო ფოკუსირება მოახდინო სახის კანსა და ადამიანის სამოსს შორის''.
კარტიე-ბრესონი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად 1937 წელს, ჯაკარტიდან ჩამოსულ რატნე მოხინზე, რომელსაც 1967 წელს გაეყარა და მეორედ 1970 წელს, ფოტოგრაფ მარტინე ფრანკზე, რომლისგანაც ეყოლა გოგონა, მელანი.
ჰენრი კარტიე-ბრესონი გარდაიცვალა 2004 წლის 2 აგვისტოს საფრანგეთის პატარა ქალაქ ილ სურ ლა სორგში, 95 წლის ასაკში, დასაფლავებულია ამ ქალაქის კერძო სასაფლაოზე.
''ის იყო შესანიშნავი. მე ის დამაკლდება'', - წერდა ლორდი სნოუდონი, ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი და კარტიე-ბრესონის მეგობარი – ''მე ვფიქრობ, მას არ სურდა მისი ნამუშევრებისთვის ხელოვნება ეწოდებინათ. ის ანონიმურობას ამჯობინებდა. მის წიგნებში შემონახულია მომენტები, რომელთა გამეორება შეუძლებელია''.


თავფურცელი