მთ.გვერდი
 

 

ზეციდან დანახული სამყარო

ავტორი: ლიკა კაკიაშვილი

''დედამიწასა და ადამიანებს შორის შუამავლის როლი მაკისრია.
ჩემი ფოტოების აზრი მარტივია - დედამიწა მშვენიერია და მეც
ისევე მიყვარს იგი, როგორც თქვენ'', - იან არტიუს-ბერტრანი.



ყველაფერი შემთხვევითობით დაიწყო... ფოტოგრაფიით დაინტერესება აუცილებლობამ განაპირობა, სიმაღლისადმი ლტოლვა კი მოგვიანებით გაჩნდა..

იან არტიუს-ბერტრანი 1946 წლის 13 მარტს დაიბადა. პარიზის ხელოვნების სკოლის დამთავრებისთანავე, მსახიობი გახდა. მართალია, კინემატოგრაფში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 21 წლის იანმა მსახიობობაზე უარი თქვა და ოვერნიის მთებისკენ გასწია, სადაც ნაკრძალის რიგით დარაჯად დაიწყო მუშაობა.

''უეცრად მივხვდი, რომ სამყაროს მშვენიერება ბუნებაშია. ადამიანმა ეს სილამაზე უნდა იხილოს და საკუთარი სილამაზის შექმნაზე არ ზრუნავდეს. დედამიწა თავად ხელოვნებაა, ფოტოგრაფი კი - თვითმხილველი'', _ ამბობდა იგი.

30 წლის ბერტრანი ბიოლოგ მეუღლესთან ერთად კენიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ლომების ცხოვრებას იკვლევდა. დაკვირვებები გადაღებებით უნდა დამტკიცებულიყო და იანმა ფოტოგრაფობას მოჰკიდა ხელი. მასაი-მარას ნაკრძალში იგი პირველად ჩაჯდა ვერტმფრენში და გაოცება ვერ დამალა, როდესაც საკუთარი თვალით დარწმუნდა, რომ დედამიწა მაღლიდან სრულიად სხვაგვარი ჩანდა. ამ დღიდან მოყოლებული არტიუს-ბერტრანი საჰაერო გადაღებებით ''დაავადდა''.

1981 წელს გამოცემულ მის პირველ წიგნში ''ლომები'', ფოტოების დიდი ნაწილი ჰაერიდან არის გადაღებული. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იანი ცნობილ გამომცემლობებთან ფოტოჟურნალისტად მუშაობდა - იღებდა პარიზ-დაკარის რალის, საჰარას ქვიშის ქარბუქებს, რუანდას ჯუნგლებში მობინადრე გორილებს, რისთვისაც არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიუღია კიდეც.

და მაინც, ფოტოგრაფის უპირველესი ვნება ''დედამიწის პორტრეტების'' შექმნა გახლდათ. 1991 წელს მან საკუთარი ფოტოსააგენტო ''Altitude'' შექმნა და UNESCO-ს ეგიდით ფოტოგადაღებებითვის სამყაროს სხვადასხვა ნაწილში მოგზაურობდა.

ხანდახან მუშაობისას იგი საჰაერო ბურთს იყენებდა, თუმცა უფრო ხშირად, ვერტმფრენით დაფრინავდა, რომელიც ჰაერში მანამ ახერხებდა გაჩერებას, სანამ იანი საჭირო განათებას დაიჭერდა. საერთო ჯამში, არტიუს-ბერტრანს ჰაერში 4 000 საათი გაუტარებია.

მას მართლაც ორიგინალური წარმოსახვა აქვს: მისი ყველა ფოტო 30-3000 მეტრის სიმაღლიდანაა გადაღებული, საიდანაც დედამიწა სრულიად განსხვავდება იმ სამყაროსგან, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ.
განსხვავებულია არტიუს-ბერტრანის ნაშრომთა სიუჟეტებიც - სარეკლამო პლაკატების ავტორთაგან განსხვავებით, იგი მხოლოდ ლამაზ ადგილებს როდი იღებს. იანის ფოტოებზე მიწისძვრისგან განადგურებული თურქული ქალაქი იზმირი და ალბანეთში კოსოვოდან დევნილთა ბანაკებიც შეგიძლიათ იხილოთ, ნამუშევრებზე აღბეჭდილია ტანკების სასაფლაო ქუვეიტში, კალიების შემოსევა მადაგასკარზე, კენიის ტბის სიახლოვეს განფენილი ვარდისფერი ფლამინგოები...

ფოტოგრაფის მახვილ თვალს არც ადამიანთა სისასტიკის კვალი გამოჰპარვია - გაჩეხილი ტყეები, გადამშრალი მდინარეები, მეგაპოლისთა გიგანტური ნაგავსაყრელები...
სიუჟეტების ორიგინალობა და ბერტრანის პროფესიონალიზმის შერწყმა შესანიშნავ ეფექტს იძლევა: თითოეული ფოტო ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი პლანეტა ამ კუთხიდან ერთეულებს თუ უნახავთ...
''ყველაფერი მაინტერესებს, _ ამბობს იგი, _ მინდა, საგნები ისეთები გაჩვენოთ, როგორებიც ისინი რეალურად არიან''.
ბოლო წლებში არტიუს-ბერტრანმა დაახლოებით 80 ქვეყანა შემოიარა და
100 ათას ფოტოზე მეტი გადაიღო, რომელთაგან 214 საუკეთესო ნამუშევარი 1995 წელს გამოცემულ წიგნში ''ზეციდან დანახული მიწა'' შევიდა. წიგნი 16 ქვეყანაში, 800 ათასიანი ტირაჟით გამოიცა. ამას გარდა, იმავე სახელწოდების გამოფენებს 70 მილიონი ადამიანი დაესწრო.

გამოფენებზე იანის ყველა ფოტოს ქვეშ მინაწერებს იხილავთ, რომლებიც ახალი ათასწლეულის დასაწყისში სამყაროს კატასტროფულ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ. მათი კითხვისას ძრწოლა აგიტანთ, თუმცა ნაწერს თვალს მაინც ვერ მოსწყვეტთ.

წარწერებიდან გაიგებთ, რომ დიდ ევროპულ ქალაქებში ყოველწლიურად გამონაბოლქვებისა და ატმოსფეროს დაბინძურებით გამოწვეული ავადმყოფობისგან 80 ათასი ადამიანი იღუპება. ანდა იმ ფაქტს, რომ მეოცე საუკუნის განმავლობაში წყლის მოთხოვნილება 7-ჯერ გაიზარდა, ადამიანთა რაოდენობამ კი მხოლოდ 3-ჯერ იმატა.

მზეს მიფიცხებული ხალხის ფოტოს ქვეშ წაიკითხავთ, რომ ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული კანის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

სწორედ ამიტომაა, რომ გამოფენა მნახველს მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას როდი ანიჭებს. აშკარაა, რომ იან არტიუს ბერტრანს სურს, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად გააცნობიეროს, რომ დედამიწა ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა და მის გადასარჩენად ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ.

ფოტოგრაფი თითქმის არ აღბეჭდავს ქალაქებს და საკუთარ კონცენფციას შემდეგნაირად განსაზღვრავს:

''ჩემთვის მხოლოდ ორი პოლუსი არსებობს _ ბუნება და ადამიანი, მათი ურთიერთობა კი ჩემი ფოტოების სიუჟეტია. ხშირად ამ ორი შემადგენელი ნაწილის შეჯამებით თანამედროვე ქალაქებს ვიღებთ, რომლებიც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ, მაგრამ მე მაინც იმ ველური ბუნების გადაღება მიზიდავს, რომელსაც კაცობრიობის დიდი ნაწილი არ იცნობს''.

იანის შემდგომი ალბომის, ''ექვსი მილიარდის'' გმირები ბუნების განუყოფელი ნაწილი - ადამიანები იქნებიან. ფოტოგრაფი ამ პროექტზე უკვე რამდენიმე წელიწადია, მუშაობს - მას სურს, ფოტოქაღალდზე მსოფლიოს ყველა რეგიონის

მაცხოვრებელი აღბეჭდოს, რაც, ცხადია, კოლოსალურ მუშაობასთან არის დაკავშირებული. ბერტრანი არანაკლებ სკრუპულოზურად ამზადებს ალბომს, რომელიც მის უსაყვარლეს ცხოველებს, ცხენებს მიეძღვნება. პარიზის მახლობლად, რამბუიში მდებარე მამულში მას ორი ცხენი ჰყავს, რომელთა პორტრეტებს, ცხადია, მომავალ კრებულში აუცილებლად შეხვდებით.

იანს მეუღლე, ანა და სამი ვაჟი ჰყავს, რომელთაგან ორი მამის კვალს გაჰყვა: გიიომი ფოტოგრაფი გახდა, ბატისტი კი - ბიოლოგი.

მიუხედავად იმისა, რომ არტიუს-ბერტრანს უკვე 60 წელიწადი შეუსრულდა, იგი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს: მისი ოცნება ყველა ქვეყნის ზეციდან დანახვაა, თუმცა ამ ნატვრის ასრულება არცთუ იოლი საქმეა.

ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც საუდის არაბეთი და ჩინეთია, ფოტოგრაფს საკუთარი ტერიტორიის აეროგადაღებები აუკრძალეს... როგორც ჩანს, ხელისუფალთ დასამალი ბევრი აქვთ...

ბერტრანი დარწმუნებულია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი ზეციდან იხილოს და დარწმუნდეს, რაოდენ ლამაზია დედამიწა. შესაძლოა, ამის შემდეგ კცობრიობა უფრო სათუთად მოექცევა ბუნებას.

გარემოს დაცვის საქმეში გაწეული ღვაწლისთვის არტიუს-ბერტრანმა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო - საპატიო ლეგიონერის ორდენი მიიღო, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი მის გამოფენებზე დასწრების მსურველთა თვალუწვდენელი რიგებია.

არტიუს ბერტრანს კიდევ ერთი ოცნება აქვს - მას ლიუქსემბურგის ბაღში ფოტო-გალერეის გახსნა სურს:

''თუ ამ ადგილს ხალხი პერიოდულად მაინც ეწვევა, იმ სილამაზეს იხილავს, რომელიც ცხოვრების სირთულეებთან ჭიდილის ძალას მისცემს'', _ ირწმუნება იგი.

რედაქცია მადლობას უხდის ავტორს საინტერესო მასალის მომზადებისთვის.

.