დიდი გასეირნება

გიგანტური ბურთები სვეტიცხოვლის თავზე
ნაწილი პირველი (ნინო მღებრიშვილი)
თუ 5 ოქტომბერს მცხეთაში გაივლიდით, უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდებოდით. დედათა მონასტრის წინ, მწვანე მოლზე ფერად-ფერადი გიგანტური ბურთები ერთიმეორის მიყოლებით ცისკენ მიიწევდა...
მანამდე კი იყო ჩვეული ფაცაფუცი, რაც ზოგადად საზეიმო ცერემონიებს ახლავს ხოლმე. მინდვრის გარშემო თავმოყრილი ადამიანები საინტერესო სანახაობის მოლოდინში იდგნენ და ელოდნენ... მოედანზე რამდენიმე მიკროავტობუსი იდგა. მინდორზე მხოლოდ ოპერატორებს და ფოტოგრაფებს უშვებდნენ. პატარა კონცერტის შემდეგ მინდორზე მზადება დაიწყო. თითოეული გუნდი თავისი ბურთის გასაბერად და ჰაერში საჩვენებელი წარმოდგენისთვის ემზადებოდა. მანქანებიდან ჯერ უზარმაზარი მოწნული კალათები გადმოიტანეს და მასზე ოთხკუთხივ ჯოხებისა დასანავიგაციო მოწყობილობის დამაგრება დაიწყეს.
ბურთები (კ.ფხაკაძე)
შემდეგ კალათის გასწვრივ გასაბერი ბურთი შლეიფივით გაიშალა და სულ მალე ვენტილატორებიც აგუგუნდა: ბუშტებს ცხელი ჰაერით ბერავდნენ. გუნდები დაძაბულნი მუშაობდნენ, თითქმის დაბერილი ბურთის თოკებს მთელი ძალით იჭერდნენ და უამრავი ფოტოაპარატის ჩხაკუნს ყურადღებას არ აქცევდნენ. საჰაერო ბურთების ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასაყვანად ცხელ ჰაერს გაზის რამდენიმემეტრიანი ალიც მიაშველეს და მალე მინდორზე ულამაზესი სანახაობა გადაიშალა: ფერადფერადი ბურთები ასაფრენად მზად იყო. გუნდების კალათებში ჩახტომა წამებში ხდებოდა, რადგან გაბერილი ბურთები მომენტალურად ჰაერში
გაფრენა (კ.ფხაკაძე)

მიიწევდნენ. ერთმანეთის მიყოლებით დაახლოებით ათამდე ბურთი ჰაერში ალივლივდა და ქართლის მინდვრებისკენ დაიძრა. მალე ცაზე წერტილებივით დაპატარავდნენ და რამდენიმე წუთში გორაკს მიეფარნენ. საჩვენებელი გაფრენა მაყურებლებისთვის დამთავრდა. მძღოლები კი კოორდინატების გადმოცემას ელოდნენ, რომ გუნდების მოსაძებნად გამგზავრებულიყვნენ.
მეორე დღის ალიონიდან გუნდებს უკვე შეჯიბრი ელოდათ. გაფრენები მხოლოდ დილა - საღამოს იყო და თითოეულ გუნდს მხოლოდ ერთი მცდელობის უფლება ჰქონდა.მცხეთიდან უთენია, რიჟრაჟზე დავიძარით. მე ჩეხების მანქანაში გამამწესეს,

გაბერვა (კ.ფხაკაძე)
მაგრამ მათ არც ჩემთვის ეცალათ,არც პეიზაჟების სათვალიერებლად და არც ოღროჩოღრო გზაზე ჯაყჯაყზე წუხდნენ მაინცდამაინც. ყველა მათგანს თავი რუკაში ჰქონდა ჩარგული და მომავალი ფრენის ადგილმდებარეობას სწავლობდა. ეს კუბიჩეკის გუნდი იყო. ჩეხებს მეორე გუნდიც ჰყავდათ, რომელიც ქალაქ ბრნოდან იყო და რომელთან ერთადაც მოგვიანებით მეც ვიფრინე. მანქანების კოლონა ბაზალეთის ტბის გარშემო მინდვრებში გაჩერდა. გვარიანი სუსხი იყო და ბალახი ნამისგან ერთიანად ბრწყინავდა. ჰაერში ახლადმოხნული მიწის ნოყიერი სურნელი იდგა. ქართველების გუნდის გამოჩენამდე წითელ კომბინიზონში გამოწყობილმა
ბაგირები (კ.ფხაკაძე)
რუსების პილოტმა სერგეიმ გუნდებს პირობები გააცნო. მოკლედ, პირველად რუსების ბურთი აფრინდებოდა და დანარჩენები მას უნდა გამოკიდებოდნენ. ეს არც ისე ადვილი იყო, რადგან ნიავი თითქმის არ იძროდა და ბურთებს მიმართულების გაკონტროლება გაუჭირდებოდათ. გუნდებმა მზადება დაიწყეს. ისევ შრომატევადი სამუშაო, ისევ კალათის აწყობა, მასზე ქარის სიჩქარისა თუ გრადუსების აღმნიშვნელი მოწყობილობების დამაგრება, ისევ

 

მონტაჟი (ნ.ილურიძე)
 
აფრენის წინ (კ.ფხაკაძე)
შლეიფებად დაწყობილი ბურთების ცხელი აირით დაბერვა და პილოტების დაძაბული სახეები. ერთადერთი, ვინც ამ საქმიანი ფაციფუცის მიმართ სრულიად გულგრილი იყო, ბაზალეტის ტბაში უძრავად მდგომ ნავზე მთვლემარე მეთევზე გახლდათ. შორიდან იგი ფოტოზე ასახულ პეიზაჟს მოგაგონებდათ: მზის სხივებში შავ კონტურად იკვეთებოდა ნავი და ანკესით ხელში მთვლემარე მეთევზე...
 
ბაზალეთის ტბა (ნ.ილურიძე)
 
საცეცხლური (კ.ფხაკაძე)
ჭრელაჭრულა ბურთებით თანდათან ივსებოდა ბაზალეთის მინდორი და პილოტების სახეებიც თანდათან იძაბებოდა. ყველა მათგანი წუხდა, რომ ნიავი არ იძროდა. ამიტომაც ისინი ბუშტში გაზის ალს გამუდმებით უშვებდნენ, რათა სასურველ სიმაღლემდე ასულიყვნენ. საჰაერო ბურთის ჰაერში მოძრაობა მთლიანად ნიავზეა
დამოკიდებული, თუმცა, პილოტს მიმართულების კონტროლირება ერთი მეტეოროლოგიური მოვლენის გამოყენებით შეუძლია. სხვადასხვა სიმაღლეზე, ანუ ჰაერის სხვადასხვა შრეში ქარის სიჩქარე იცვლება, ამიტომაც სასურველი სიჩქარის და მიმართულების დასაჭერად პილოტი ბურთში გაზის მიწოდებით ბურთის სიმაღლეს ცვლის და ამით ჰაერის იმ ფენაში ხვდება, სადაც მისთვის სასურველი ქარის სიჩქარეა. ამიტომაც, ფრენისას პილოტი გაზის ბურთში მიწოდებასთან ერთად კალათზე დამაგრებულ ხელსაწყოებს გამუდმებით აკვირდება. ბაზალეთის ტბის თავზე ბურთები თითქმის კილომეტრის სიმაღლეზე ლივლივებდნენ.
ჩეხებთან... (კ.ფხაკაძე)
მხოლოდ ბრიტანელების ლურჯი ბურთი, რომელსაც ”ბრიტიშ ეარვეისი“ ეწერა, ნელნელა ტყით დაფარული გორაკისკენ მიიწევდა და სულ მალე გორაკს მიღმა გაუჩინარდა. ბრიტანელების მიწაზე დარჩენილი გუნდის წევრი როჯერ ქუვერტი ამაოდ ელოდა მისი პილოტისგან კოორდინატების გადმოცემას, რადგან რაციის მუშაობას გორაკები ხელს უშლიდა, ამიტომაც გადაწყდა, მათ მოსაძებნად ალალბედზე წასულიყო. პრობლემა გორაკის მიღმა გზის გაკვლევა იყო, ბედად მახლობელ სოფელში მცხოვრები ბერიკაცი გამოჩნდა, რომელსაც ოდესღაც ტიუმენში ეფრინა საჰაერო ბურთით და ახლაც მინდორზე ფრენის სანახავად მოსულიყო.
სტარტის წინ... (კ.ფხაკაძე)
მან მეგზურობა უყოყმანოდ იკისრა და დავიძარით. გზაში როჯერი არც ატალახებულ გზას შეუწუხებია, არც გახეთქილი საბურავის შეცვლით დაკარგულ წუთებზე წუხდა და ტალახში დაბუქსავებულ მანქანასაც დიდი გულმოდგინებით აწვებოდა. იგი ჰითროუს აეროპორტის ფრენების კონტროლის თანამშრომელი აღმოჩნდა. მისი გუნდიდან ერთი მისი თანამშრომელი იყო, მეორეს კი ჰობი ჰქონდა. საჰაერო ბურთებით ფრენა მათი ჰობი იყო და როჯერს საქართველოში ჩამოსვლამდე მსოფლიოს 25 ქვეყანაში მოესწრო ფრენა. ამ სპორტში მიღწევებს ფრენების საათების რაოდენობით ითვლიან. როჯერს 400 საათი ჰქონია ნაფრენი, მაშინ როცა ქართველებს სულ რაღაც 72 საათი ჰქონდათ
მენავე (კ.ფხაკაძე)
მარაგში.თუმცა, წმინდა ჰობის გარდა საჰაერო ბურთებს როჯერისთვის შემოსავალიც მოჰქონდა. მის ოჯახს საჰაერო ბურთების მოწყობილობების ბიზნესი ჰქონდა. ისე, ეს ჰობი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა: ბურთის ღირებულება დაახლოებით 25-50 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა, სხვადასხვა ფირმისა და მეორადი ბურთების შეძენა გაცილებით იაფადაც შეგიძლიათ. ბრიტანული გუნდი მალე ვიპოვეთ. საბედნიეროდ, გორაკზე შეფენილ მინდორზე დაშვებულიყვნენ და ტყის მასივისთვის გვერდი აექციათ. მანქანების კოლონა ნატახტრის აეროპორტისკენ დაიძრა. იქ ბალონებში საწვავი უნდა აევსოთ. საღამოს გაფრენაც სწორედ აეროდრომის მინდორზე
ქარის მოლოდინში... (კ.ფხაკაძე)
შედგებოდა. ფრენა ძალიან მინდოდა, ამიტომაც როგორც იქნა, ერთ - ერთ გუნდს მიმამაგრეს და და ამჯერად ჩეხების მეორე გუნდთან მოვხდი. სასურველი სასტარტო ადგილის საძებრად აეროდრომიდან ორიოდე კილომეტრის მოშორებით გავემგაზვრეთ. რუკებს და კომპასს ქალაქ ბრნოდან ჩამოსული ჩეხებიც თვალისმოუშორებლად ჩაჰყურებდნენ, თუმცა ჩემთან გასაუბრების დროსაც პოულობდნენ და გზადაგზა დამტვრეული ინგლისურ - რუსულით მიხსნიდნენ ფრენის ტექნოლოგიებს, თუმცა, ეს სულაც არ უშლიდათ ხელს, თავისიანებს რაციით დროდადრო ჩეხურად შეხმიანებოდნენ, როგორც ამიხსნეს, კოორდინატებს და სასტარტო ადგილმდებარეობას უთანხმებდნენ.
კამერონი (ნ.ილურიძე)
ჩემთვის ჩეხეთი მწერალ მილან კუნდერასთან ასოცირდება, ამიტომაც როცა ჩეხებს კუნდერაზე გავუბი საუბარი, ცოტა არ იყოს გაუხარდათ, მაგრამ შევატყვე, რომ კუნდერას საფრანგეთში ემიგრაციაზე მეტად მათ ახლა ნატახტრის ლანდშაფტი უფრო აინტერესებდათ, რომ ქარის მიმართულების მიხედვით ზუსტი სასტარტო ადგილი შეერჩიათ, ეს კი ფრენის დავალების შესასრულებლად საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო.
 
მესამე (კ.ფხაკაძე)
 
ჩეხების მეთაური (კ.ფხაკაძე)
გუნდებს ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა, მოძლიერებული ნიავის გამო საკმაოდ რთულად შესასრულებელი დავალება ჰქონდათ მიცემული. აეროდრომის ცენტრში აღმართული იყო ჯოხზე გაკრული ოქროს საწმისი, რომელსაც გუნდები კალათიდან თუ ვერ შესწვდებოდნენ, ასი მეტრის რადიუსში უნდა მიახლოებოდნენ მაინც.
გუნდები თითქმის ერთმანეთის ახლომახლო განლაგდნენ და უკვე ჩემთვის კარგად ნაცნობი ჩვეული მზადება დაიწყო. ჩემი ჩეხი მასპინძლები საკმაოდ მხიარული ახალგაზრდები იყვნენ, ტიპური სლავურ - ევროპული გარეგნობისა. მათვისაც, ისევე როგორც უმეტესობისთვის, საჰაერო ბურთით ფრენა ჰობი იყო და სხვადასხვა პროფესიები ჰქონდათ, მშენებლობით დაწყებული, ქსეროქსის ბიზნესით დამთავრებული. მთელი მზადების პერიოდში საკმაოდ ბევრს იცინოდნენ და თან გამალებული ამზადებნენ ბურთს გასაფრენად. დროდადრო მეც მეხმიანებოდნენ და ფრენის ტექნოლოგიებს მიხსნიდნენ. უკვე რამდენიმე სხვა ბურთი ჰაერში ლივლივებდა, როცა
”ოქროს საწმისი“ (კ.ფხაკაძე)
ჩეხებმაც დაასრულეს სამზადისი და მათთან ერთად კალათში მეც აღმოვჩნდი. ქარის გამო კალათი რამდენჯერმე გვარიანად შეჯანჯღარდა, თუმცა, ჩეხებმა დამამშვიდეს და ბურთიც ჰაერში აფრინდა. ალბათ ზუსტად ასეთივე შეგრძნება ჰქონდნათ შერეკილ ერთაოზ ბრეგვაძეს და მის აღმზრდელს, როცა მინდვრებს ზემოდან დაჰყურებდნენ. ერთადერთი, რაც თვალში მეცა, შიშისგან აბღავლებული და უმისამართოდ მორბენალი ნახირი იყო. როგორც ჩანს, საწყალი ცხოველები ბურთში გაზის ალის მიწოდების ხმაურმა დააფრთხო. ჩეხები გამალებით მუშაობდნენ: ბურთში დროდადრო გაზის ალს უშვებდნენ და ხელსაწყოებს შეჰყურებდნენ. გამაფრთხილეს, რომ კალათის მოაჯირისთვის ხელი არ მეხლო და მხოლოდ კალათის შიგნით თოკის სახელურს
ზემოთ და პირდაპირ! (ნ.ილურიძე)
ჩავჭიდებოდი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბურთი ჩვეულებისამებრ ვერტიკალურად არ დაჯდებოდა და მძაფრი შეგრძნებები არ აგვცდებოდა. ქარის გამო ჩეხებმა სიმაღლეზე ასვლა ვერ გაბედეს, ამიტომ მიდორს საკმაოდ დაბლა გადავუფრინეთ. ახლა მთავარი სწორად დაშვება იყო. კალათის მიწაზე შეხება და გვერდულად აყირავება ერთი იყო. მცირე მანძილზე ხოხიალის შემდეგ, როგორც იქნა, კალათი გაჩერდა და ბურთიც მიწაზე გაწვა. ჩეხები თან რაღაცაზე გვარიანად იცინოდნენ და თან მე მამშვიდებდნენ, არ შეგეშინდესო. არა, საშიში აქ არაფერი იყო, თუმცა, რაღაც წამებში თავში გამიელვა, რომ შეიძლება კალათი მთლიანად ამოტრიალებულიყო და დავშავებულიყავით, მაგრამ საბედნიეროდ, მიწაზე დიდხანს
300 მეტრიდან... (ნ.ილურიძე)
აღარ გვიხოხიალია. როდრომის შუაგულში აფრიალებულ ოქროს საწმისამდე ისევე შორი იყო, როგორც სტარტის ადგილიდან, მაგრამ ჩეხები ამას დიდად არ ნაღვლობდნენ. მითხრეს, ახლა მეორედაც სიამოვნებით ავფრინდებოდით, მაგრამ მეორე მცდელობა წესის მიხედვით გვეკრძალებაო. მშვენიერ ხასიათზე იყვნენ და შთაბეჭდილებებს მეც მეკითხებოდნენ... როცა გამოვუტყდი, დაშვებისას იმდენად არა, მაგრამ სტარტისას, როცა კალათი გვარიანად შეინჯღრა, ცოტა შემეშინდა - მეთქი, გულიანად გაიცინეს და თავიანთი გიგანტური გუდანაბადის აკრეფვის შემდეგ დიდის ამბით ლუდზეც დამპატიჟეს, შოკიდან გამოსასვლელად კარგიაო. ამასობაში შეღამდა. შორიახლო დაშვებული ბურთების ეკიპაჟების საძებრად წასული მანქანები თანდათან ბრუნდებოდნენ და აეროდრომის ტერიტორიაზე მდებარე ერთადერთი ღია ბარიც თანდათან აივსო ლუდის მოყვარულებით, მით უმეტეს, რომ ლუდი აეროდრომის მეზობლად მდებარე ლუდსახარშიდან იყო მოტანილი. მეორე დილით, ალიონზე გუნდები ისევ შეიკრიბებობდნენ და ალაზნის ველისკენ გასწევდნენ, მე კი მხოლოდ ის გავიგე, რომ ოქროს საწმისი იმ დღეს არავის საკუთრება გამხდარა. მხოლოდ ჩია ტანის საკმაოდ ენერგიული იაპონელი ცოლ - ქმრის ეკიპაჟმა მოახერხა საწმისთან ახლოს ჩავლა და იმ საღამოს გამარჯვებულადაც ისინი გამოცხადნენ.
 
იაპონელი მეთაური (კ.ფხაკაძე)
 
არ გაფრინდეს! (კ.ფხაკაძე)


ჩემი მოგზაურობა აეროსტატით
ნაწილი მეორე (ნინო ილურიძე)
აეროსტატი (საჰაერო ბურთი) - ჰაერზე უფრო მსუბუქი საფრენი აპარატი, რომელიც შედგება მსუბუქი გაზით შევსებული სფეროსგან და საჭირო სიმძიმისაგან. ამომგდები ძალა, რომელიც აპარატს ჰაერში აწევას განაპირობებს, გამოწვეულია სფეროში და აპარატის გარშემო არსებული გაზთა სიმკვრივეების განსხვავებით. განასხვავებენ მისაბმელ , თავისუფლად მფრენ და ძრავიან ( დირიჟაბლი ) აეროსტატებს.
აეროსტატები შეიძლება გაიბეროს:
- ცხელი ჰაერით (მონგოლფერი). ამ ტიპის აეროსტატებს, როგორც წესი, ჰაერის გასათბობად სჭირდებათ საწვავი;
- წყალბადით (შარლერი). წყალბადის გამოყენება პილოტირებულ აეროსტატებში შეზღუდულია, რადგან ის ფეთქებადსაშიშია. თუმცა მისი დაბალი ღირებულების გამო ფართოდ იყენებენ არაპილოტირებულ აეროსტატებში;
- ჰელიუმით. ჰელიუმი ფართოდ გამოიყენება პილოტირებულ აეროსტატებში, რადგან არაფეთქებადია. მისი ნაკლი მაღალი ღირებულებაა.
აეროსტატის გარსი მზადდება გაზგაუმტარი მატერიისგან და, როგორც წესი, აქვს სფეროს ფორმა (მინიმალური ფართობი მაქსიმალური მოცულობისას)

- ვკითხულობთ ენციკლოპედიაში და ეს იყო ალბათ მაქსიმუმი, რა წარმოდგენაც შეიძლება მქონოდა საჰაერო ბურთის შესახებ, იმ დღემდე, სანამ შესაძლებლობა მომეცა გასული საუკუნეების ეგზოტიკური და გაუთვალისწინებელი მოულოდნელობებით ცნობილი სატრანსპორტო საშუალებით მემოგზაურა, თუ შეიძლება მოგზაურობა უწოდო ჰაერში ერთსაათიან ფრენას. ჩემთვის ეს დროში უსასრულოდ გაწელილი წუთები იყო, როცა შიშით შეპყრობილი ვიცქირებოდი ქვემოთ მიწაზე და ვნატრობდი ჩემი თავგადასავლის მშვიდობით და სასწრაფოდ დამთავრდებას, თუმცა, მაინც განუწყვეტლივ ვაგრძელებდი გადაღებას და თან ნელ-ნელა სპორტულ აზარტში გადასულს, ფინიშისკენ სინანული მიპყრობდა, რომ ყველაფერი მალე

მონგოლფერი (ნ.ილურიძე)
დასრულდებოდა და ალბათ, მეორედ ან შანსი არ მექნებოდა, ან ვეღარ გავრისკავდი იმავეს გამეორებას. თუმცა, სჯობს თანმიმდევრობით მივყვეთ და, ჩვენი ფოტოჟურნალისტური გუნდის მონათხრობით და ჰაერიდან წამოღებული ჩემთვის ასე ძვირფასი მასალით აღვადგინო მოვლენები. თუ ისტორიას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 1783 წლის ნოემბერში პარიზში პირველი საჰაერო ბურთების მონგოლფერისა და შარლერის ფრენის დემონსტრაციისას მრავალ ათას ფრანგ მაყურებელს შორის ერთი ქართველიც ერია. ჩვენი თანამემამულე მეფე ერეკლეს მიმართვაში დაწვრილებით აღწერს ამ ფრენებს, ბურთის აგებულებას, საწვავს და სხვა დეტალებს, ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ პილოტებმა თან წაიღეს ღვინო და ასახელებს ბოთლების ზუსტ რაოდენობას.
ავტოპორტრეტი (ნ.ილურიძე)

საქართველოში ჰაერნაოსნობის შესახებ პირველი ცნობა რუსულენოვან გაზეთ «Кавказ»-ში გვხვდება 1864 წელს, იტალიელი გალიანის დასის შესახებ, რომლებიც მუშტაიდის ბაღში, მდ. მტკვრის თავზე, დიდ საჰაერო აფრენის დემონსტრირებას აპირებდნენ. ამის შემდეგ საქართველოში საჰაერო ბურთების ისტორია პერიოდულად გრძელდებოდა, ჩნდებოდნენ იშვიათად, უმეტესად უცხოელებთან ერთად და შემდეგ ხან 10 და ხან 100 წლით ქრებოდნენ. მეოცე საუკუნის საქართველოში, ისევე როგორც მთელ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, არც სპორტული და არც კომერციული ჰაერნაოსნობა არ არსებობდა.

ოცნება (კ.ფხაკაძე)
პირველი თანამედროვე აეროსტატი ჩვენში მხოლოდ 2000 წელს გამოჩნდა. ის იყო ფირმა ”ავგურის” მიერ რუსეთის ტელეარხ ”ორტ”- სთვის დამზადებული ბურთი, რომელიც რუსეთის ტელეარხისაგან მალევე იქნა შეძენილი და თბილისში ჩამოტანილი ქართველი ბიზნესმენის, ჰაერნაოსნობის პიონერის გიორგი ჭანტურიას მიერ. 2005 წლის 5 ნოემბერს, თბილისობის დღესასწაულზე, ჰაერნაოსნები გიორგი ჭანტურია და ბესო მარგიანი ამ აეროსტატით ჰაერში აფრინდნენ. თანამედროვე ჰაერნაოსნობის ისტორია საქართველოში 2005 წლის 3 ივლისს ჰაერნაოსნობის ეროვნული ფედერაციის რეგისტრაციით იწყება. შეიქმნა ”პირველი ჰაერნაოსნობის კლუბი”, კლუბის წევრებმა გაიარეს საფრენი მომზადება და მიიღეს პილოტების მოწმობა, შეძენილ იქნა სითბური აეროსტატი ” წმ.გიორგი”, კლუბმა მიიღო სერტიფიკატი ტექმომსახურებასა და საკუთარი სასწავლო ცენტრის განსახორციელებლად, საფრენ ზონებად საქართველოს თითქმის მთელი ტერიტორია გამოიყო, კლუბმა და თბილისის საავიაციო ინსტიტუტმა შექმნეს აეროსტატიკური საფრენი აპარატების პილოტებისა და ტექნიკოსების სკოლა, ქართულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა ჰაერნაოსნების საერთაშორისო შეჯიბრში. უკვე წელს, საქართველოს ჰაერნაოსნობის ეროვნული ფედერაციის, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით 4-8 ოქტომბერს ქართლის ველზე (მცხეთა-მთიანეთი) პირველად ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა ღია ჩემპიონატი ჰაერნასონობაში. გარდა ქართული გუნდებისა, მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, უკრაინის, ჩეხეთის, დანიის, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის გუნდებმა. ქართველი მაყურებლის წინაშე 4 ოქტომბერს მცხეთაში პირველად

გადაიშალა ეს გასაოცარი სანახაობა. თითოეულ გუნდზე გამოყოფილი ტრანსპორტიდან კალათების, გაზის ბალონების, სხვა ტექნიკური აღჭურვილობის და დაკეცილი საჰაერო ბურთების გადმოლაგება დაიწყეს პილოტებმა. პატრული ძლივს აკავებდა დაინტერესებულ ხალხს, რომლებსაც მინდორზე შემოვლებული წითელი ლენტები აშკარად ვეღარ უმკლავდებოდა. ყველა გუნდის გარშემო შეიკრა წრე, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ტელეოპერატორები, გახსნის საზეიმო ცერემონიისთვის მოწვეული ასაკოვანი ჩოხოსნები, ქართულ ნაციონალურ სამოსში და ფაფახებში გამოწყობილი ბავშვები, თვით პატრულის თანამშრომლები.

ფუსფუსი (კ.ფხაკაძე)
კალათზე დაიწყო საჭირო ნაწილების დამაგრება. კალათის ოთხივე კუთხეში დამაგრდა დიდი გაზის ბალონები, კალათს ზევიდან ოთხი საყრდენი დაადგეს, რომლის თავზეც საცეცხლური მოწყობილობა განთავსდა. ცნობისმოყვარე ხალხი, კალათის თავზე საცეცხლურიდან ხმაურით ამოვარდნილმა ცეცხლის ალმა დააფრთხო. დაიწყო ჰაერის გასათბობად განკუთვნილი საწვავი გაზის ხარისხისა და გამფრქვევი მოწყობილობების შემოწმება. აუცილებელი პროცედურის დამთავრების შემდეგ, ყველა კალათა მინდორზე გადააწვინეს და სიგრძეში გაშლილი დაშვებული ბურთები მიამაგრეს. თურმე როგორ იბერებოდა ამხელა ბურთები, პირველად ვიხილე. ბურთის ქსოვილი ორ ადამიანს ეჭირა გაშლილ მდგომარეობაში, რომელშიც ძლიერი ვენტილატორის საშუალებით ჰაერის მასა შედიოდა. საჭირო ზომაზე გაბერვის შემდეგ საჰაერო ბურთში აფეთქებული გაზის მიერ შეტყორცნილი ცეცხლის ალი გაიჭიმა. პატრულმა მკაცრად დაიწყო უსაფრთხოების ზომების დაცვა. ნელ - ნელა მართლაც
გასაოცარი სანახაობა გადაიშალა თვალწინ. მიმდევრობით აღიმართა უზარმაზარი და ულამაზესი ფერადი ბურთების რიგები. იწყებოდა პირველი საჩვენებელი გაფრენა. თუმცა, გაბერილი გოლიათები აღარ ელოდებოდნენ არც პილოტებს და არც ტელევიზიის ოპერატორებს, რომლებსაც პირველი გადაღების პატივი ხვდათ წილად და მოუთმენლად ზევით მიიწევდნენ. გასაფრენად გაქცეულ კალათებს პილოტები და პატრული ეჭიდებოდა დასაკავებლად, დახმარებისთვის ძალღონე არც მცხეთა - მთიანეთის გუბერნატორმა ვასო მაღლაფერიძემ დაზოგა. პილოტების და მგზავრების განთავსების შემდეგ, ერთმანეთის მიმდევრობით, ახლა ჰაერში
ჭვრეტა (კ.ფხაკაძე)
ალივლივდა გასაოცარი ფერადი სანახაობა. ასე შედგა პირველი მასიური ჰაერნაოსნობა მცხეთაში და ღია ჩემპიონატი ჰაერნაოსნობაში გახსნილად გამოცხადდა. ფედერაციის პრესცენტრთან მოპალარაკების შემდეგ შევთანხმდით, რომ მეორე დღის დილის 6 საათზე, ჩემპიონატის პირველ შეჯიბრში დაგვრთავდნენ გაფრენის ნებას და გევქნებოდა უშუალოდ მონაწილეობისა და ფოტოგადაღების საშუალება. დილის 6 საათზე ჩვენი 3- კაციანი გუნდით მცხეთაში ძიუდოს ფედერაციას მივადექით. ღამის სიბნელეში მხოლოდ დარაჯი გამოგვეხმაურა - როგორც ჩანს, გაფრენის წინ აღელვებულებმა ისე ვიჩქარეთ, სპორტსმენებსაც დავასწარით მისვლა. შვიდის ნახევრამდე ყველა გუნდი შეგროვდა და ერთად ბაზალეთის ტბისკენ გავეშურეთ, სადაც პირველი შეჯიბრი უნდა ჩატარებულიყო. მგზავრობა დამტვრეული რუსულით მოლაპარაკე ჩეხების გუნდთან ერთად მოგვიწია. შევეცადეთ გამოლაპარაკება, მაგრამ ჩეხები საკმაოდ სიტყვაძვირები აღმოჩნდნენ და ჩვენთან საუბარს ტოპოგრაფულ რუკებში გარკვევა ამჯობინეს. რუკები საკმაოდ ვრცელი და დეტალური ჩანდა, სადაც ტერიტორია კვადრატებად იყო დაყოფილი. პილოტები მთელი გზა რუკებს ჩაჰკირკიტებდნენ და ბაზალეთის ტბის გარშემო ყველა მიმართულებით შესაძლო საჰაერო მარშრუტებს სახაზავით ზომავდნენ. როგორც ჩანს, გაფრენა არც თუ მცირე მანძილზე იყო დაგეგმილი. უკვე გათენებული იყო, როცა ბაზალეთის ტბის გარშემო განვლაგდით.

სანამ აღჭურვილობის გამართვა დაიწყებოდა, პილოტების გუნდს ერთი პერსონა გამოეყო და ჩემთვის იმ მომენტში გაუგებარი განცხადება გააკეთა რუსულ ენაზე: Мальчики, я "зайчик", а вы волки, я лечу, а вы через 5 минут за мной! ამ ტექსტის აზრი შემდეგ ჰაერში გავარკვიე. ისევ დაიწყო ბურთების გაბერვის ჩემთვის უკვე ნაცნობი პროცედურა. შევეცადე გამერკვია, რომელ გუნდთან მომიწევდა გაფრენა. თითო კალათს მხოლოდ ერთი მგზავრის წაყვანა შეეძლო, ისიც წონის გარკვევის შემდეგ. ჩემი საკითხი უფრო მარტივად გადაწყდა, მხოლოდ ერთი ციფრული ფოტოკამერით და ჩემი წონით სასურველი კანდიდატურა აღმოვჩნდი რუსული გუნდისთვის. სამაგიეროდ,

გამთენიისას... (კ.ფხაკაძე)
ცუდად ჰქონდა საქმე კახა ფხაკაძეს. მისი ობიექტივებით სავსე ჩანთის დანახვაზე ყველა გუნდი ყოყმანობდა და მეთაურები უხერხული ღიმილით აქნევდნენ თავს. ნელ-ნელა ისევ გაიმართნენ წელში ფერადი გოლიათები. ბურთები გაბერვისთანავე მიმდევრობით აფრინდნენ. პირველი ის უცნაური პერსონა გაფრინდა ყვითელი ბურთით, თავის თავს ”ზაიჩიკი” რომ უწოდა. ცოტა ხანში დანარჩენებიც მიჰყვნენ. მინდორი სწრაფად დაცარიელდა. როცა მოვიხედე, დავინახე ასაფრენად გამზადებული ჩემთვის შეპირებული კალათა, რომელშიც უკვე პილოტები იდგნენ.
 
ნინო (კ.ფხაკაძე)
 
მესამე (კ.ფხაკაძე)
ის მომენტი იყო, როცა აღარ მქონდა დაფიქრების დრო, მინდოდა გაფრენა თუ არა, მეშინოდა თუ არა, ან ახლა ან არასოდეს ასეთი შანსი, ან ქვევით მიწაზე მშვიდად და სინანულით დარჩენა, ან რისკი და გამარჯვების შეგრძნებით დაბრუნება. დაუფიქრებლად გადავირბინე მინდორი და პილოტების დახმარებით კალათში აღმოვჩნდი. ჰაერში საკმაოდ მსუბუქად, ყოველგვარი ბიძგების გარეშე ავლივლივდით, თითქოს უწონად მდგომარეობაში. გამოველაპარაკე პილოტებს. სერგეი და ალექსი, ასე გამეცნენ. ერთი სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი აღმოჩნდა, მეორე კი პლასტიკური ბარათების გამოშვებით იყო დაკავებული. ჰაერში პირველს 1600, მეორეს კი 760 საათი ჰქონდათ გატარებული. მე პირველი საფრენი საათის დაწყება მომილოცეს და
ნელ-ნელა გამარკვიეს საჰაერო აპარატის მოძრაობის პრინციპებში და შეჯიბრების მიზანში. ფრენის პრინციპი საკმაოდ მარტივი იყო, ეს იყო თავისუფალი ფრენის საჰაერო ბურთი, რომლის მართვა სფეროში ჰაერის ტემპერატურის ცვლილებით ხდებოდა. გაზის საწვავით ცეცხლის ალი ათბობდა ჰაერს და მაღლა ავდიოდით, ნაკლები სითბოს მიწოდებით კი ქვემოთ ეშვებოდა. მარჯვნივ და მარცხნივ მიმართულების შეცვლა კი იმ ჰაერის ნაკადზე იყო დამოკიდებული, რომელშიც სიმაღლის ცვლილებისას ვხვდებოდით. ახლა რაც შეეხება შეჯიბრებას. ყვითელი ბურთი შეჯიბრების სამიზნე აღმოჩნდა. ”ზაიჩიკი” სხვადასხვა მიმართულებით და სიმაღლის ცვილილებით მოძრაობით,
1500 მეტრიდან... (ნ.ილურიძე)
ცდილობდა ”მგლებისთვის” კვალის აბნევას და მათგან შორს დაცილებას. შემდეგ ის აირჩევდა გარკვეულ პოზიციას, სადაც დაეშვებოდა და ჯვრის ფორმის მარკერს დასვამდა. ჩათვლა დაეწერებოდა იმ გუნდს, რომელიც 100 მეტრის რადიუსში შეძლებდა დაშვებას. გუნდები სხვადასხვა სიმაღლეზე და მიმართულებით დაიშალნენ. ყველაზე შორს და მაღლა ინგლისელების ლურჯი ბურთი ჩანდა, რომლეიც მალე თვალს მიეფარა. იაპონელები ტბის ზევით მოძრაობდნენ. ჩვენს სიმაღლეს და სიჩქარეს კალათზე მიმაგრებული აპარატით ვარკვევდი. 800 მეტრი იყო ის მაქსიმუმი, რომელსაც ფრენის პირველ ნაწილში მივაღწიეთ. სანამ ”ზაიჩიკი” ქაოსურად
მოძრაობდა, მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემი კამერით დამეფიქსირებინა ულამაზესი ლანდშაფტები და გარშემო მოძრავი საჰაერო კოლეგები. პირველად ვნახე ბაზალეთის ტბა ზემოდან, მისი ფორმები, კავკასიონის დათოვლილი მწვერვალი, თავისი გრეხილი ქედებით და ჩემდა გასაოცრად, ღრუბლები, ჩვენს ქვემოთ. კამერის საკიდი თასმა ხელზე მქონდა დახვეული, რომ მოუთოკავი შიშისგან დაწყებული ხელების კანკალის გამო ქვემოთ არ გადამეგდო. დაახლოებით 30 წუთი ფრენის შემდეგ ”ზაიჩიკი” დაეშვა, გამოჩნდა მარკერი. პირველი მცდელობა სასურველ წრეში მოსახვედრად საკმაოდ პერსპექტიული ჩანდა. ჩეხები და ჩვენ ყველაზე ახლოს ვიყავით აღნიშნულ რადიუსთან. თუმცა უფრო ახლოს მიახლოების
კოლეგები (ნ.ილურიძე)
მცდელობამ ორივე გუნდისთვის სავალალო შედეგები გამოიღო და სასურველისგან საპირისპირო მიმართულებით გაგვფანტა. სერგეიმ და ალექსიმ მცირე თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს, უფრო მაღლა ასულიყვნენ, იქნებ სასურველი მიმართულების ჰაერის ნაკადში მოხვედრას დაებრუნებინა მიზანთან. სიმაღლემ დაიწყო მატება. შიშით შევყურებდი ხან მაჩვენებელს, ხან მიწას. ქვევით დარჩენილი სოფლები და ტყეები თანდათან პატარავდებოდა, სამაგიეროდ პროპორციულად აგრძელებდა მატებას მასშტაბებში კავკასიონის ქედი. 900, 1000, 1200, მაჩვენებელი 1500 მეტრს მიუახლოვდა. მომატებულ შიშს მხოლოდ განუმეორებელი კადრების ჩამოტანის იმედი მიმსუბუქებდა. სამწუხაროდ, პილოტების რისკმა არ გაამართლა და მალე ჩვენც იმ მთას მოვეფარეთ, საითაც ცოტა ხნის წინ ინგლისელები გაუჩინარდნენ. ფაქტობრივად, ჩვენი ბედი გადაწყვეტილი იყო, ” ზაიჩიკთან” დამშვიდობებულნი ვიყავით და ახლა როგორმე უახლოეს წერტილში დაშვება უნდა მოგვეხერხებინა.
 
შლეიფი (კ.ფხაკაძე)
 
ფრენის მიმართულების გაზომვა (კ.ფხაკაძე)

დაშვება გაჭიანურდა. მთაზე შეფენილი ტყის მასივი ხელს გვიშლიდა მიწაზე დაბრუნებაში. ნელ-ნელა დაგვაკლდა სიმაღლე. 300-400 მეტრზე ჩამოსულები ტყის თავზე მივსრიალებდით. მოგზაურობის დასასრულ ეტაპზე გადასული უკვე დაწყნარებული და კმაყოფილი ვიყავი. მხოლოდ მშვიდობიანი და სტუმართმოყვარე დასაფრენი ადგილის მოძებნა გვჭირდებოდა. ძლივს დამთავრდა ტყე. უფრო ახლოს ჩამოვედით, მაგრამ იქ მორიგი დაბრკოლება დაგვხვდა, მაღალი ძაბვის სადენების სახით. მთის კალთა ეღობებოდა ჰაერის მასებს,რის გამოც

ჩვენ სიმაღლეზე ნიავიც აღარ იძროდა. სერგეიმ და ალექსიმ მაღლა ასვლა აღარ გარისკეს, რომ ქარს კიდევ უფრო შორს არ გადავეგდეთ. 10 წუთი შიშით დავცქეროდით სადენებს. კალათი, ფაქტობრივად არ იძროდა ადგილიდან. ძლივს ვეღირსეთ სასურველ სიოს. სადენებს ოდნავ გაცილებულებმა სწრაფად დავუშვით კალათა ძირს. სერგეი ჯერ კიდევ ჰაერში დაკიდებული კალათიდან გადმოხტა და სასწრაფოდ დაეჭიდა ბურთის თოკებს, რომ სფერო სადენებზე დაცემისაგან გადაერჩინა. ბურთში დარჩენილი მე და ალექსი მიწასთან შეხებამ შეგვაზანზარა. კალათიდან ელვის სისწრაფით ამომხტარს აღმომხდა: Земля! და ის სიხარული განვიცადე რასაც ალბათ წლობით ზღვაში დაკარგული მეზღვაურები განიცდიდნენ ნაპირზე დაბრუნებისას.
დაბრუნება (ნ.ილურიძე)

დაშვება დამთავრდა. ახლა ის უნდა გაგვერკვია, სად ვიყავით. ალექსიმ რუკის და სახაზავის, მე კი მინდორში მორბენალი, ჩვენი დანახვით დამფრთხალი და გაოცებული ბავშვების დახმარებით გავარკვიეთ უახლოესი სოფლის სახელი და ჩვენს მძღოლს მივაწვდინეთ ხმა. მე ჩემს ''ჟურნალისტურ'' გუნდთან ''გადავრეკე'', რომლებსაც, აღმოჩნდა, რომ ვერ მოეხერხებინათ გაფრენა და ახლა ავტობუსით მოემართებოდნენ ჩვენი მიმართულებით, იმ კვადრატში, სადაც ნახევარი საათის წინ ჩვენსავით უიღბლო ინგლისელი პილოტები დაეშვნენ. საჰაერო ბურთიდან მახსოვდა, დაახლოებით რომელ მხარეს ჩანდნენ ინგლისელები. დავემშვიდობე რუს პილოტებს და დროის მოგების მიზნით, ინგლისელებისკენ გავემართე. ასე,

''გრანდი'' (ნ.ილურიძე)

1-2 კმ-ს გავლის შემდეგ ჩემი დანახვით გაოცებულ ინგლისელებს გამოვეცხადე, რომელთაც ავუხსენი, რომ რუსების გუნდთან ერთად გაფრენილი ჟურნალისტი ვიყავი. ''სამწუხაროდ, ძლიერ დინებაში მოვყევით და აქეთ გადმოგვისროლა''-დანანებით ხელი ჩაიქნია ერთმა ასაკოვანმა პილოტმა, რომელსაც ფრენის 2000 საათი ჰქონდა ანგარიშზე. ხოლო მეორემ, როცა გაიგო რომ ეს ჩემი ფრენის პირველი საათი იყო, ყურებამდე გაღიმებულმა მომილოცა შიშის დაძლევა და აღტაცებით ხელი ჩამომართვა: Welcome in balloning! ჩვენებური სამარშრუტო ტაქსის გამოჩენით დასრულდა ჩემთვის ასე გასაოცარი და ეგზოტიკური მოგზაურობა , კიდე უფრო გასაოცარი და ეგზოტიკური საჰაერო ბურთით.


''მესამე შემთხვევა'', ანუ ახლოდან დანახული შორეთი...
ნაწილი მესამე (კახა ფხაკაძე)
საჰაერო ბურთების შეჯიბრი რომ ტარდებოდა, გაზეთ “24 სათიდან” შევიტყე და ძალიან აღტაცებულიც დავრჩი, რადგან ნამდვილი საჰაერო ბურთი არასდროს მენახა და თამამ ოცნებაში მასზე ფრენაც კი გადავწყვიტე. მაშინვე ჰაერნაოსნობის ფედერაციის პრესსამსახურს დავუკავშირდი და ქალბატონ ლალი ნიკოლავას ამ ღონისძიებაზე აკრედიტაცია ვთხოვე, რაშიც იგი სიამოვნებით დაგვეხმარა და აქვე მსურს მადლობაც გადავუხადო. პირველ დღეს მხოლოდ გახსნის ცერემონიალისა და საჩვენებელი გაფრენების ფოტოგრაფირებით მომიხდა დაკმაყოფილება, მეორე დღეს კი თავადაც აღმოვჩნდი ამ საოცარ საფრენ აპარატში, თუმცა ამაზე მსურს უფრო ვრცლად და დაწვრილებით მოგითხროთ.

ასაფრენის ძებნა (კ.ფხაკაძე)
არ ქრება?! (კ.ფხაკაძე)
მეორე დღის დილის ფრენების შემყურე და ნინო ილურიძის ემოციების მოსმენის შემდეგ ისღა დამრჩენოდა, დროებით გამოვმშვიდობებოდი ჩემს მართლაც საკმაოდ მძიმე ფოტოჩანთას, არსენალში მხოლოდ ერთი ობიექტივი (ზუიკო 35-70), რამდენიმე ფირი (ფუჯი სუპერია 200) დამეტოვებინა და საღამოს აფრენას დავლოდებოდი იმ იმედით, რომ დილით ყველაზე მაღლა აფრენილ მე-10 ნომერ კალათში მეც აღმოვჩნდებოდი. ასეც მოხდა. დავალება “ოქროს საწმისის” დაუფლებას წარმოადგენდა, რომელიც აეროდრომის მახლობლად შუაგულ მინდორში გრძელ ჭოკზე იყო დამაგრებული. ჩვენი კალათის მეთაურმა სერგეიმ კარგა ხანს
სად დავეშვათ? (კ.ფხაკაძე)
გვატარა მოწყობილობებით სავსე მიკროავტობუსით, სანამ ასაფრენ ადგილს შეარჩევდა. ხან რუკას ჩაჰყურებდა და ხანაც აზიმუტის გასაზომ ხელსაწყოს, მაგრამ ორივე შემთხვევაში რაღაც არ მოსწონდა. როგორც იქნა, აირჩია ადგილი და ბურთის მომზადებაც დაიწყო. ბურთის ეკიპირება მალევე აიკრიბა, თუმცა აღმოჩნდა, რომ გაზის გამფრქვევ მოწყობილობაში ერთი საცეცხლური არ მუშაობდა. გაიჭედა ალბათო, _ გამოგვიცხადა სერგეიმ და იქვე დასძინა – არაუშავს, მეორე ხომ მუშაობსო. გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ რას შევბედავდი – სადაც ესენი, იქაც მე-მეთქი, გავიფიქრე და თამამად ავძვერი “დაქოქილ” კალათში. კალათი მყისიერად მოსწყდა მიწას და ჩემი მასპინძლებიანად ცაში ისე აგვამჩატა, ვერ კი შევნიშნე, როგორ გადაიქცნენ მიწაზე დატოვებული მიკროავტობუსები ასანთის კოლოფის ხელად. არა, ეს სულ სხვა იყო, ვიდრე თვითმრინავი. პირველი, რაც იმწამსვე თვალში მეცა, ღია, თავისუფალი სივრცის შეგრძნება იყო – არავითარი ილუმინატორი, არავითარი წინაღობა სივრცესთან, პირდაპირ ჰაერში ხარ გამოკიდებული და თან მაღლა მიიწევ. სერგეის შიში გამართლდა – 2 წუთში ცხადი გახდა, რომ ქარის მიმართულებას სულ სხვა მხარეს მივყავდით და “ოქროს საწმისის” მდებარეობას გვარიანად ვშორდებოდით. სიტუაციის გამოსასწორებლად პილოტებმა სიმაღლის მომატება გადაწყვიტეს, აქაოდა, ეგებ ჰაერის მოძრაობის სასურველ ნაკადში მოვხვდეთო, ბურთს ცეცხლი დაუნანებლად შეუკეთეს. აი, აქ დაიწყო, რაც დაიწო, თუმცა ამას მხოლოდ ხუთიოდე წუთში მივხვდი. იმ ფენაში, სადაც ჩვენ გადავინაცვლეთ, საკმაოდ ძლიერი ქარი აღმოჩნდა, თანაც იმავე მიმართულების და “ოქროს საწმისამდე” ვერ მიგვიყვანდა, აი, ბურთის მოძრაობის სიჩქარე კი ისე გაიზარდა, რომ პილოტებს სახეზე შეშფოთებაც დაეტყოთ.
''კონტაქტი'' მიწასთან! (კ.ფხაკაძე)
ამ სიჩქარეს ისინი სპეციალური მოწყობილობით ზომავდნენ. ჩვენს წინ პერსპექტივაში გადახნული მინდორი და მის წინ “ნატახტრის” ლუდსახარში ქარხანა იყო. დასაშვებად სწორედ ეს ნახნავი აირჩიეს, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, არჩევის დროც არ იყო – ერთი გაიძახდა, წინო, მეორე კი _ არიქა, ჩქარა დავეშვათო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, დასაშვებ ბაგირს მოქაჩეს და შურდულივით დავეშვით ქვემოთ. მიწას რომ მივუახლოვდით, აღმოვაჩინე, რომ არამარტო ქვემოთ, წინაც საკმაოდ მაღალი სიჩქარით მივქროდით და ორივე პილოტიც დაძაბული შეჰყურებდა სიჩქარის მაჩვენებელს. შიში იქეთ იყოს და იმდენად საინტერესო რეაქციები ჰქონდათ, კამერა თვალიდან არ მომიშორებია მანამ, სანამ კალათის ძირზე
რთული ფინიში... (კ.ფხაკაძე)
დაჯდომა არ მიბრძანეს. მაშინ კი მივხვდი, რომ საქმე სახუმაროდ მართლა არ იყო. უხმოდ დავემორჩილე, ობიექტივის დიაფრაგმა მოვხურე, საკეტი შევამოწმე და იმ მომენტს დაველოდე, როცა კალათი მიწას შეეხებოდა, თუ ამას შეხებას დაარქმევს კაცი... დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ კალათი გვერდზე გადაწვა და ნახნავებში ხტომიალით ასე, 150 მეტრი გაიარა. ვიბრაცია იმდენად ძლიერი იყო, რომ ამ პერიოდში მხოლოდ 2 კადრის გადაღება მოვასწარი. როგორც იქნა, ბურთიც დაიჩუტა და კალათიც გაჩერდა. ამოვძვერით. შვებით ამოვისუნთქე, პილოტებს გადავხედე და სიცილიც აგვიტყდა. სერგეიმ, _ ეს ჩემს პრაქტიკაში ასეთი სიჩქარით დაშვების მესამე
ორი სინანული (კ.ფხაკაძე)
შემთხვევააო. მოკლედ, ერთმანეთს ვამხნევებდით და შეჯიბრი თითქმის აღარ გვახსოვდა. ადრენალინი მალე დამთავრდა და პილოტებსაც დარდი შემოაწვათ. ერთი გადახნულ ველს და მასში უსულოდ გაწოლილ ბურთს დაჰყურებდა, მეორე კი_საპირისპირო მხარეს, იქ სადაც “ოქროს საწმისი” ეგულებოდა...