მთავარი გვერდი  

   

ძლიერები და ლამ
აზმანები
კახა ფხაკაძე

ფერადი ფოტო: ზურა თვაური
შ/თ ფოტო: კახა ფხაკაძე
თბილისმა კიდევ ერთ საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა. 19-21 ოქტომბერს გამოფენების ცენტრ ''ექსპო ჯორჯიას'' ტერიტორიაზე ავტოგამოფენა მოეწყო. ოთხ საგამოფენო პავილიონში, 51 სტენდზე 18-მა ქვეყანამ წარმოადგინა ავტომობილები და აქსესუარები.
გამოფენის გახსნას არ დავსწრებივარ, მაგრამ მეორე დღეს ახალგაზრდა ფოტოგრაფ ზურა თვაურთან ერთად სათანადოდ შეიარაღებული ადგილზე ვიყავი. რა დაგვხვდა? თანამედროვე და ძველებური ავტომანქანები, რომლებიც სხვადასხვა პავილიონში, საგამოფენოდ საგულდაგულოდ გაპრიალებულნი, ამაყად იწონებდნენ თავს. დასათვალიერებელი მართლაც ბევრი იყო, მაგრამ ორი კურდღლის მადევრის ამბისა არ იყოს, გადაღებისთვის რამდენიმე პრიორიტეტი სპონტანურად განვსაზღვრეთ – ''ტოიოტა'', ''ბმვ'' და ''აუდი''!
ასეთი სახის გამოფენების ფოტორეპორტაჟები, როგორც წესი, გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს, პრიალა მანქანები, მშვენიერი მოდელები, დილერები და მყიდველთა სახეები... მე კი სხვა რამ მსურდა, სხვას ვეძებდი, რადგან ეს არც კომერციული შეკვეთა იყო და არც განსაკუთრებული შტრიხებით გამორჩეული რეპორტაჟის მომზადების მცდელობა – წმინდა რეპორტაჟული ხასიათი, ქრონიკა მაქვს მხედველობაში. ვგრძნობდი, რომ რასაც ვეძებდი, აქვე, ჩემს ახლომახლო ტრიალებდა და მოსაძებნად მხოლოდ შესაბამისი სახელით მიმართვა უნდოდა... ეს მონათხრობიც სწორედ ამ ძებნის და მისი შედეგების გამოძახილია, რა ვიპოვეთ და რა ვერა.
“ტოიოტას” ცენტრში მისულმა აღმოვაჩინე, რომ მანქანებს სამოდელო სააგენტო “ნატალის” მშვენიერი მოდელები წარმოადგენდნენ. თანაც, ისე ადრე მივედით, რომ წარმოდგენა არც კი იყო დაწყებული. მარჯვნივ უნატიფესი და მძლავრი მანქანები იწონებდნენ თავს, მარცხნივ კი მშვენიერი მოდელები დილის ჩვეულ საუზმეს – ყავას და ორცხობილას შეექცეოდნენ. აი, რასაც ვეძებდი! კომპოზიციური კონფლიქტი, დიახ, ახლა ძლიერებსა და ლამაზმანებს შორის კონფლიქტის პროვოცირება და მისი ფირზე აღბეჭდვა იყო საჭირო, მხოლოდ ამისთვის კიდევ ერთი, მცირე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ნიუასი უნდა გამერკვია. საქმე ის გახლავთ, რომ ავტომანქანებთან სისტემატურად “მომუშავე” მოდელს უკვე ჩამოყალიბებული აქვს ქცევის და პოზირების მისეული სტანდარტი, შებოჭილია და ხშირად ფოტოგრაფის ჩანაფიქრისადმი უნებლიედ გულგრილი რჩება. მაინტერესებდა, ამ შემთხვევაში როგორ იყო საქმე.
როგორც კი გოგონები “თავიანთი კურატორობის ქვეშ მყოფ” მანქანებთან დადგნენ, ესეც უმალ გავარკვიე. სავარაუდოთა შორის კიდევ ერთი მომენტი გავითვალისწინე – კლასიკური სტილის ჩაცმულობა. მოგეხსენებათ, ასეთი სოლიდური იერის მქონე მანქანებს ელეგანტური ჩაცმულობის სტილი შეშვენის (თუმცა, ერთ-ერთ ვარიაციაში კონფლიქტისთვის ჯინსისა და კეპის გამოყენებაზეც არ ვთქვით უარი).
მოდელებს გავესაუბრე, საკმაოდ კონტაქტურები აღმოჩნდნენ და მივხვდი, რომ მათთან მუშაობა რთული არ იქნებოდა. ორიოდ სიტყვას ტექნიკაზეც მოგახსენებთ, მე olympus om4ti-თ გახლდით, 35-70
zuiko და ჩემეული მონოკლიც 85/4,5 მქონდა რეზერვში, ფირი – Tmax 100. ზურა სტანდარტულოპტიკიანი nikon 2000n-ით და ფოტოსანათით იყო შეიარაღებული, ფირი კი fuji superia 200 ჰქონდა. დარბაზის განათება დაბალი აქტივობის იყო, შუქის რაიმე კორექციაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა - არც დამატებითი წყარო გვქონდა, არც ამრეკლი. გარე შუქი კი შემოდიოდა, მაგრამ მისკენ საჭირო მიმართულებით მანქანის შემობრუნება არანაირად არ მოხერხდებოდა. მოკლედ, სრულ “საველე პირობებში” გვიწევდა მუშაობა.
დაიწო გადაღებები. მოდელები ძალიან თავისუფლად და
ბუნებრივად იქცეოდნენ, არანაირი შაბლონი და გაზეპირებული პოზა, მიმიკა და დგომა. ძალიან ვცდილობდი დამეჯერებინა, რომ ეს ავტოები მათი კუთვნილება იყო და უბრალოდ, მართლა დაფიქრებულიყვნენ ამაზე, ემოცია კი მისით მოვიდოდა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.
თუ დაკვირვებიხართ, ადამიანი, როდესაც სხვის ავტომანქანაში ჯდება, გარკვეულ უხერხულობას გრძნობს, ეს გრძნობა მისდა უნებურად გარეგნული ფორმებითაც გამოიხატება. ასეა ამ შემთხვევაშიც. ორი სცენარი გავათამაშეთ (ამის
შესახებ, რა თქმა, უნდა მათ არ იცოდნენ), არა, სამი, თუმცა მესამეზე მოგვიანებით. კონფლიქტი და ჰარმონია. სად ვეძებოთ ჰარმონია? მოდელს და ავტოს ერთი პლასტიკა ექნებათ, თუ მათი ფორმა-მოცულობა და კონტურთა განფენილობა ერთ დინებაში, ვიზუალურ რეზონანსში მოვა. მაშინ გახდებიან ისინი ერთი მთლიანის შემადგენელი და დაუნაწევრებელი კომპონენტები. მხოლოდ ავტო, ადამიანის გარეშე, მისი დახვეწილი ფორმების მიუხედავადაც კი, მძიმე და უხეშია, მაგრამ თუ მას შეერწყმება ადამიანი და თანაც ისე, როგორც უკვე გითხარით, იგი სულ სხვა სინაზეს, ეშხს და მაცდურობასაც კი შეიძენს.
ასე რომ, ჰარმონია ყველგან უნდა ვეძებოთ, მთავარი კი ისაა, ზუსტად თუ არა, დაახლოებით მაინც ვიცოდეთ, როგორ გამოიყურება ის. ორიოდ სიტყვა ფერსა და კონტრასტზეც ვთქვათ. მხედველობაში მაქვს შუქჩრდილოვანი დაპირისპირება, თორემ, მაგალითად, დიდი ლეონარდო მოვლენების, ფორმა-მოცულობების, ფაქტურების ჭიდილსაც კონტრასტს უწოდებდა, სწორედ იმას, რაც ზემოთ მე კონფლიქტად მოვიხსენიე. თვით ავტოს შავი ფერი ტონალური განათების პირობებში, არსებულ შუქთან მიმართებაში საკმაოდ მაღალი კონტრასტის მიღების წინაპირობა იყო, მაგრამ ამ კონტრასტის კორექტირება, უფრო სწორად მომატება ფილტრებითაც შეიძლებოდა. მაგალითად, წითელკაბიანი მოდელის სამოსს კიდევ უფრო გამოვათეთრებდი წითელი ფილტრის საშუალებით. ეს მაცდური იდეა კომპრომისის მსხვერპლი გახდა, რადგან დიაფრაგმირების 5,6 ზომაზე საკეტის სიჩქარე 1/4-1/8 წამის ფარგლებში მერყეობდა (გახსოვთ, ალბათ, ISO100 შუქმგრძნობელობის ფირი მქონდა მცირე ''მარცვლის'' გარანტად შერჩეული, რადგან
პავილიონში ძლიერი ინტენსივობის განათებას ველოდი). ფილტრის გამოყენება ამ სიჩქარეს ერთიორად შეამცირებდა და გამჟღავნების შემდეგ მხოლოდ სინანული შემრჩებოდა ხელში. ამავე მიზეზმა იმსხვერპლა ავტოდან ანარეკლების მოსახსნელად პოლარიზაციული ფილტრის გამოყენების იდეაც, რამაც დიდად არც დამაზარალა, რადგან პრიალა ზედაპირის არარსებული ფაქტურის ჩანაცვლება საკმაოდ ხატოვანი ზედაპირით მოხდა. ალბათ, კითხვაც დაგებადათ, ასეთი დაბალი სიჩქარით ხელიდან როგორ ვიღებდი... არსებობს სპეციალური დგომები და თუ ხელიც მტკიცეა, 10
კადრიდან 9 მკვეთრი გამოვა (თუთაშხიასი არ იყოს). კვლავ კითხვა, თუ რატომ არ გამოვიყენე ფოტოსანათი – ძირითადი განათების წყაროდ მის გამოყენებას აუცილებლად მოჰყვებოდა საკმაოდ დიდი გადასაღები სივრცის მაქსიმალურად დაშორებული ადგილების განსხვავებული ექსპონირება, შემავსებელ შუქად კი, უბრალოდ, აზრი არ ჰქონდა, რადგან შესავსები ჩრდილები ფიზიკურად არ იყო (აკი აღვნიშნე, დარბაზი ტონალური შუქით იყო განათებული და მის სირბილეს თეთრი კედლებიც უწყობდა ხელს). უკეთეს მდგომარეობაში არც ზურა იყო, თუმცა, რამდენიმე კადრის გადაღებისას მან ამრეკლად თეთრი კედელი გამოიყენა და სანათიდან კედელზე მიშვებული შუქი თითქმის ფრონტალურად გაგზავნა მოდელის მიმართულებით. ამან კი, სამწუხაროდ, მოსალოდნელი შედეგები გამოიღო და დაასუსტა ჩრდილები, შესაბამისად, მოცულობის შეგრძნებაც. რაც შეეხება ფერს – წითლის და შავის დაპირისპირება ყველასთვის ცნობილია, თუმცა ამას მხოლოდ ზურასთვის ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან შავ-თეთრ ფირზე გულითაც რომ მოინდომო, ფერის ვერც კონფლიქტს მიიღებ, ვერც “შერიგებას”.
ზემოთ პლასტიკის ჰარმონია, ერთიანობა ვახსენე. პლასტიკა პლასტიკად და მთავარის გამოყოფა მეორე საქმეა, ასე ვთქვათ, აქცენტირება. შავთან მიმართებაში წითელი ფერი, და ისიც მცირე ოდენობით, ამ შემთხვევაში შეუდარებელია. არც მეტი, რომ “უტაქტო კივილში” გადავიდეს და არც იმდენად ცოტა, რომ ამდენ შავში მთლიანად ჩაიკარგოს. ჩვენ შემთხვევაში მანქანისა და კაბის ფარდობა ნამდვილად აკმაყოფილებდა
ამ ზომიერებას. ამ ფარდობის დოზირება გადაღების წერტილისა და ფოკუსური მანძილის როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთდროული რეგულირებით ხდება.
რაც შეეხება ექსპოზიციას, გასათვალისწინებელი იყო ავტოს შავი ფერი. საქმე ის გახლავთ, რომ თუ კამერის ავტომატიკას მთლიანად მივანდობდი ამ საპასუხისმგებლო საქმეს, ის აუცილებლად მოტყუვდებოდა და იმ კადრებში, სადაც ავტოს უმეტესი ფართი აქვს დაკავებული, მისი ფერი შავი კი არა, ნაცრისფერი გახდებოდა. კონტრასტის გაზომვა აუცილებლად არ ჩავთვალე, თვალს ვენდე, რადგან მეტობის შემთხვევაში მაინც ვერ შევცვლიდი (ზემოაღნიშნულ
მიზეზთა გამო) და კამერის წერტილოვანი გაზომვის რეჟიმს მოდელის სახის მაქსიმალურად განათებული უბნების კრიტიკულ ზღვრულ წერტილად დადგენა იმპერატიულად მოვთხოვე. ეს პარამეტრი მხოლოდ 2-ჯერ, სპეციალურად დავარღვიე, იქ, სადაც ფაქტურა არ მჭირდებოდა. კიდევ ერთი ნიუანსი - ალბათ შეამჩნიეთ, რომ ზოგიერთ ფოტოში შუქი უჩვეულოა და თითქოს არსაიდან იფრქვევა, კონტურები რბილი და მშვიდია, ფაქტურა კი ან საერთოდ არ აქვს, ან მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს მონოკლის (ფოტო-ობიექტივი) დამსახურებაა, რომელსაც თავად ვამზადებ სხვადასხვა დანიშნულებისთვის შესაბამისი პარამეტრებით.
აქ წარმოდგენილ ფოტოებს არ განვიხილავ - თითოეულის დრამატურგიას, ჩანაფიქრს, კონცეფციის შემადგენლობას, ექსპრესიის, კონფლიქტისა და ჰარმონიის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებებს თავად გაიაზრებთ, განსჯით და შეაფასებთ. მოგიყვებით მხოლოდ ორი ფოტოს ''ისტორიას'', რომელიც ამ დარბაზში შეიქმნა. პრეისტორია კი ასეთია: ხშირად შემინიშნავს სარეკლამო ბილბორდზე თავმომწონედ გამოსახული პრიალა ავტო, რომელმაც, იდეაში, მნახველში მისი შეძენის სურვილი უნდა აღძრას. ანალოგიური ხასიათის სარეკლამო ფურცლები მრავლად მხვდება გაზეთებსა და ჟურნალებშიც კი. დღეს, ინტერნეტის ასეთი მასშტაბებით განვითარების პირობებში, თანამედროვე და ლამაზი ავტოს ფოტოთი ვერავის გააოცებ და, აქედან გამომდინარე, მისი ''მშრალი'' სახით წარმოდგენა, ვფიქრობ, ვერაფერი ბედენა უნდა იყოს მარკეტინგული ამოცანების ეფექტური გადაწყვეტისთვის. ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) აზრით, ისევე, როგორც მხატვრულ, სარეკლამო ფოტოსაც,
უფრო სწორად კი, მასზე ასახულ საგნებს, მოვლენებს თუ მათ ერთობლიობას, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ისტორია, რათა მნახველში სასურველი ემოცია და განცდა გამოიწვიოს. სწორედ ასეთი ისტორიის შექმნის თაობაზე მოგითხრობთ ახლა. განყენებულად მდგომი ავტო თავისთავად ხელოვნების ნიმუშია, დიზაინერული, კონსტრუქტორული აზროვნების მატერიალური შედეგი. მნახველი აშკარად გრძნობს კომფორტს და ძლიერებას. ამ შემთხვევაში კი ის, რაც პირდაპირ არ ჩანს, ანუ მფლობელისადმი მისი ძლიერების სრული მორჩილების წარმოჩენა დავისახე მიზნად.
ამისთვის, მოდელს ავტოსთან ახლოს დადგომა ვთხოვე (იხ. ზემოდან მეოთხე ფოტო) და რამდენიმე წუთი ვარჩევდი მის პოზას. დგომა ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ ამ უზარმაზარ და ძლიერ ავტომობილს მშვენიერი ქალიშვილის სახით პატრონი ''შეეცნო'' და მის სრულ მორჩილებაში მოსულიყო. ამოცანა ფერის გამოყენების გარეშე უნდა გადამეწყვიტა, თუმცა ამ სირთულეს საკუთარი ინიციატივითაც დავუმატე კიდევ რამდენიმე პუნქტი - არ გამომეყენებინა მოდელის სახე და ემოცია; არ ჰქონოდა მას ავტოსთან შეხებითი კონტაქტი. შევარჩიე გადაღების წერტილი და ფოკუსური მანძილი, რა დროსაც გავითვალისწინე პერსპექტივა და ავტოს წინა ფრთის მომატებული ზომით გამოკვეთა. ორივე მათგანის დოზირება ჩემი შეხედულებით მოვახდინე. მოდელს თუ დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ ძირითადი საყრდენი მარჯვენა ფეხია, მარცხენა კი ავტოს წინა კონტურების პარალელში მდებარეობს, ჰარმონიულ აზრობრივ კონტაქტს ქმნის და, ამასთან, რითმის დამასრულებელი და მთავარი ელემენტიცაა. მარცხენა წვივის კონტურზე ძევს საბურავის დისკის კონტურიც და, თუ რატომ გადავწყვიტე ასე, ამას იოლად მიმიხვდებით. დგომა მშვიდია, მყარი და თავდაჯერებული, ავტო კი ''პატრონთან'' სრულ ''მორჩილება-განკარგულებაშია და მზად არის შესარულოს მისი ნებისმიერი კაპრიზი''. კადრში არ არის არც ერთი ზედმეტი დეტალი, ფონი სადა და უპრეტენზიოა, თანაც თეთრი, რაც შესანიშნავად აწონასწორებს შავის ''მძიმე წონას”. მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული ზომებისა, ცხადია, რომ კადრში მთავარი ქალიშვილია

და მხოლოდ მას ექვემდებარება ყველა სხვა ობიექტი. როგორც ხედავთ, მოდელის სახე და მისი ემოცია კადრში საერთოდ არ ჩანს, მაგრამ საჭიროა კი? არსებულით განპირობებული წარმოსახვითობა იმდენად ძლიერი და აქტიურია, რომ ისედაც ცხადია, თუ როგორი განწყობა ექნება მას სახეზე!

 
სიუჟეტს ეშხს ჰმატებს ხისტი კონტრასტი, ალმაცერი ანარეკლები, ათინათები და, რაღა თქმა უნდა, მოდელის მშვენიერი, პროპორციული ფიგურა, დახვეწილი ნაკვთები, კლასიკური ჩაცმულობა, აქსესუარები. თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ხასიათისა და ისტორიის შექმნისთვის მოდელის დგომას, ამას კიდევ ერთხელ, სხვა საგამოფენო დარბაზში გადაღებულ ფოტოში ვიხილავთ. როგორც გაირკვა, ზურა შიგადაშიგ პაპარაცობდა და ჩემს მუშაობასაც აფიქსერებდა. წესად მაქვს: ფოტოგადაღებებისას არავის და არაფერს ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან პროცესის მიმართ სრული კონცენტრაცია მჭირდება და
მთლიანად ვარ საქმეში ჩაფლული. ამასთან, ვცდილობ, მოდელთან მუდმივი კონტაქტი მქონდეს, რათა მისი ყურადღება გარეშე მოვლენებმა ზომაზე მეტად არ მიიქციოს. ეს შედარებით იოლად მიიღწევა სტუდიურ პირობებში, სადაც სიმყუდროვეა და გარეშე გამღიზიანებლებიც არ არის, თუ არ ჩავთვლით ფოტოგრაფის ასისტენტს. ამავე საგამოფენო პავილიონში ავტომანქანების საბურავები, აკუმულატორები, სხვა სათადარიგო მოწყობილობები და აქსესუარებიც იყო წარმოდგენილი, მაგარამ იმის გამო, რომ დამთვალიერებელთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა (ფოტოსესიისას როგორ სწრაფად
გარბის დრო!) და სხვა დარბაზის მონახულებაც მსურდა, მათზე დრო აღარ დავკარგე, რამდენიმე კადრით შემოვიფარგლე, მოდელ ქალიშვილებს მადლობა გადავუხადე, დავემშვიდობე და იქით გავსწიე, სადაც '' ბმვ'' და ''აუდი'' მეგულებოდენ.
ჩემი ვარაუდი გამართლდა. დარბაზში უამრავი მნახველი დაგვხვდა, რამაც საკმაოდ გაართულა შემოქმედებით მუშაობა. პირველ დარბაზთან შედარებით, აქ განათებაც განსხვავებული იყო, როგორც ფერის ხარისხით, ასევე კონტრასტულობითაც. ექსპოზიციას თხუთმეტამდე მშვენიერი ქალიშვილი ემსახურებოდა, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ჯინსის სამოსში გახლდათ. გადასაღებად ორი ქალიშვილი შევარჩიე და პოზირება ვთხოვე. სიამოვნებით დაგვთანხმდნენ და ფოტოსესიაც დაიწყო. ზურას ვურჩიე, ''ისტორიისა'' და განწყობის შესაქმნელად დამთვალიერებლებიც გამოეყენებინა. შედეგად, ნახევრად დადგმული კადრი მივიღეთ, ანუ გადაღებისას მოდელი ფოტოგრაფთან უშუალო კონტაქტზეა, ხოლო დამთვალიერებლები ვერ აცნობიერებენ, რომ საკეტის დაშვების შემდეგ, უნებლიედ, სიუჟეტის მონაწილეები და სახასიათო გმირები ხდებიან. ასეთი სახის გადაღება მოდელისა და ფოტოგრაფისგან დიდ მოთმინებასა და სიმშვიდეს მოითხოს, რამეთუ აუცილებელი ხდება იმ წამის დალოდება, როდესაც კადრში ''შემოვა'' პერსონა (პერსონები), მიიღებს საჭირო პოზიციას და მიმიკას, ან შეასრულებს რაიმე აქტიურ და, შესაძლოა, სიუჟეტისთვის საკვანძო მოქმედებასაც კი. ამ დროს მთავარია ფოტოგრაფმა გამოიჩინოს სხარტი რეაქცია, საჭიროებისამებრ მოახდინოს კომპოზიციის კორექცია და,
გარკვეულ მომენტში, მშვიდად დაუშვას საკეტი. ამ ამოცანას, მაქსიმალურად ექსპრესიული ფაზის ''გამოჭერის'' თვალსაზრისით, საკმაოდ აიოლებს მიჯრით გადაღება, ანუ, როდესაც დამშვებ ღილაკზე ერთხელ დაჭერით კამერა ასრულებს რამდენიმე კადრის გადაღებას. მაგალითად, ზემოაღნიშნული მოდელის ჩემს კამერას, სპეციალური ძრავის საშუალებით შეუძლია 14 წამის განმავლობაში 36 კადრის ექსპონირება მოახდინოს. არსებობს ზესწრაფი ძრავებიც, რომელთა ფასი, ხშირად თვით კამერის ღირებულებასაც უტოლდება. რიგ კამერებში ასეთი ძრავები კორპუსშივეა მოთავსებული და მისი განუყოფელი ნაწილია. ეს რეჟიმი განსაკუთრებით ხელსაყრელი და ეფექტურია სპორტული და რეპორტაჟული გადაღებებისას, თუმცა ასევე წარმატებით გამოიყენება ყველგან, სადაც სწრაფი მოძრაობის რომელიმე ფაზის ფიქსაციაა საჭირო. ასეთი კადრებიდან, შემდგომში, ფოტოგრაფი აარჩევს მისთვის მისაღებ ერთ კადრს. ასე რომ, თუ თქვენს კამერას აქვს აღნიშნული რეჟიმით გადაღების ფუნქცია, გირჩევთ თამამად გამოიყენოთ.
ფოტოგრაფმა ასეთი სახის გადაღებისას კიდევ ერთი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოს - თუ კადრში შემოვა დიდი ზომის შავი ან თეთრი ობიექტი, თვითნათებადი შუქწყარო ან არეკლილი ათინათი, ექსპოზიციაში კორექციის შეტანა აუცილებელი გახდება. მან ეს ძალიან სწრაფად უნდა გაიაზროს, გათვალოს და კორექციის ზომა კამერასაც ''მიუთითოს''. ამიტომ, თუ შენიშნეთ, რომ კამერამომარჯვებულ ფოტოგრაფს თავისუფალი თვალიც ღია აქვს, ჩათვალეთ, რომ იგი კადრს მიღმა მოვლენებს ისევე ყურადღებით აკვირდება, როგორც კადრში...
რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნულ ნიუანსებთან ერთად, მან პარალელურად უნდა აკონტროლოს მოდელის პოზა-ემოცია და თუ იგი ამ ყველაფერს ერთდროულად ახერხებს, ჩათვალეთ, რომ საქმე ''უმაღლეს პილოტაჟთან'' გვაქვს! ახლა, ვგონებ გასაგები და ცხადია, რით განსხვავდება ფოტოგრაფი იმ ფოტოკამერიანი ადამიანისგან, რომელიც თავის წარუმეტებელ კადრებს კამერის უბრალოებას მიაწერს მხოლოდ...
ალბათ გახსოვთ, ზემოთ მოდელის დგომის თავისებურებაზე კიდევ ერთი ფოტოს განხილვას შეგპირდით. ეს ექსპერიმენტი ''აუდის'' მარკის ავტოსთან ჩავატარე
და შედეგით კმაყოფილი ვარ (იხ. ქვემოდან პირველი ფოტო). ამ შემთხვევაში, სიუჟეტში მოდელის ''მონაწილეობა'' მხოლოდ მუხლსქვემოდან იწყება, კადრში არც ხელებია და არც აქსესუარები. მიუხედავად ამისა, ფეხების განლაგებით და დგომის მანერით ''შექმნილია'' პერსონის ხასიათი - იგი ამბიციურია, თამამი, თვითდაჯერებული, აქტიური და ძალიან პრეტენზიული (თუმცა მოდელისთვის მსგავსი არაფერი შემინიშნავს), სწორედ ისეთი, როგორიც '' აუდის'' მეექვსე მოდელი. და რაც მთავარია, უფრო სწორად, უმთავრესი, ყველა ეს თვისება ეძებს მატერიალიზაციას, და რადგან კადრში სხვა არაფერია, პირდაპირ გადაეფინება, ასე ვთქვათ, ჰმოსავს და ხასიათობრივად ტვირთავს ერთადერთ წარწერას! ეს ტიპური
 
ხერხია, როდესაც ერთი ობიექტის რეალური, თუ ჩვენს შემთხვევაში ხელოვნურად შექმნილი მახასიათებლებით პროვოცირებული ემოცია მეორე ობიექტის ირიბი მახასიათებელი ხდება. გადაღებები დღის 2 საათისთვის დავასრულეთ და ამ პერიოდში დამთვალიერებლებიც გვარიანად ავაფორიაქეთ - მათ ხომ საშუალება მიეცათ ცხადში ედევნებინათ თვალყური ფოტოსესიის მიმდინარეობისთვის, რაც იქ მყოფთა უმეტესობას, დარწმუნებული ვარ, ან საერთოდ არ ენახათ, ანდა მხოლოდ ცისფერი ტელეეკრანიდან...
ვფიქრობ, არატრადიციული რეპორტაჟი გამომივიდა, მაგრამ,
მიუხედავად ამისა, საკმაოდ საინტერესო კომპოზიციური და ტექნიკური გადაწყვეტები გაგაცანით, რაც, ჩემი აზრით, ფოტომოყვარულებს აუცილებლად წაადგებათ პრაქტიკულ საქმიანობაში. დასასრულს, მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა ფოტოსესიაში მონაწილე ყველა მოდელს, ავტოფირმების წარმომადგენლებს, გამოფენის ორგანიზატორებსა და საგამოფენო ცენტრის ადმინისტრაციას.